„ძალადობრივ, სტრესულ, მრავალმხრივ ტოქსიკურ, შხამიან გარემოზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ვერ მოვახერხე, დრო ვერ გამოვძებნე, რომ სტრესის მართვა მესწავლა, დღეისათვის არნახულ წნეხსა და ზეწოლას ცოტა ეფექტურად რომ გავმკლავებოდი. ასე აღმოვჩნდი დღეს, დილით, გულის არეში ძლიერი ტკივილით კლინიკაში. მომხედეს, მომიარეს, ინფარქტი დადასტურდა, საუკეთესო ექიმები სწრაფად ჩაერივნენ და გამომაკეთეს, გადამარჩინეს.
გამოკვლევების თანხა დღესვე უნდა გადამეხადა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია“, - წერს გელა მთივლიშვილი ფეისბუკში.
26 იანვარს ქუთაისში გელა მთივლიშვილმა, მომღერალმა ნინო ქათამაძემ, ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან მცირეხნიანი აქცია გამართეს. მან არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შეცვლის საკითხი.
მზია ამაღლობელი ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, რომელიც 12 იანვრიდან პატიმრობაშია პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიებით მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო და აქციის ცხრავე მონაწილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ ყველა მათგანი დააჯარიმა ხუთ-ხუთი ათასი ლარით.