ტელეკომპანია „პირველის“ იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს: „საჩივრის თანახმად, ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები - „რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის სასამართლო“ და ა.შ“.
მისი შეფასებით, ეს არის „რეპრესიების კიდევ ერთი სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.
ის აქვეყნებს ამონარიდს „ქართული ოცნების“ საჩივრიდან, რომლის თანახმადაც, გასაჩივრებულ ტერმინებს შორის, - რაც ფაქტისა და მოსაზრების გაუმიჯნაობას უკავშირდება, - არის:
„პრორუსული რეჟიმის დეპუტატი“, „ციხით დამუქრება“, „დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი“, „კლანის სასამართლო“, რუსული კომისიის სხდომა“, „ოპონენტების გაქრობა“ და ა.შ.
„ბოლო პერიოდში მაუწყებლობის შესახებ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა და არცერთი მათგანი არ არის მედიის ან მაყურებლის უფლებების გაუმჯობესების მიზნით. მიზანია, შეიზღუდოს კრიტიკული მედია“, - თქვა მიგინეიშვილმა 2 ივნისს „პირველის“ საღამოს ეთერში.
მისი განცხადებით, „ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის მაუწყებლობის შეჩერების რეალურ რისკს“.
მისი ცნობითვე, საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, 5 ივნისს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, - კანონის თანახმად, დამოუკიდებელ უწყებას, რომელსაც 2017 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი დირექტორი კახა ბექაური ხელმძღვანელობს, - „ქართულმა ოცნებამ“ 27 მაისს მიმართა.
„ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია... ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოო განადგურებას. რეჟიმს სურს, ჩვენ დაგვიწესოს ცენზურა... ერთი სიტყვით, ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია“, - ასე შეაფასა „ფორმულას“ ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ საჩივარი.
ასევე ნახეთ „რეჟიმი“, „ე.წ. კომისია“ - „ოცნებამ“ „ფორმულას“ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტერმინების გამო