პოლონეთის არჩეულ პრეზიდენტად კონსერვატორი კაროლ ნავროცკი გამოცხადდა

ევროსკეპტიკოსი კონსერვატორი კაროლ ნავროცკი პოლონეთის ახალი პრეზიდენტია.

42 წლის კონსერვატორი და ევროსკეპტიკოსი კაროლ ნავროცკი პოლონეთის ახალი პრეზიდენტია. არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვება დღეს, 2 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა პოლონეთის საარჩევნო კომისიამ.

საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50,89%-ით გაიმარჯვა. მას არჩევნებში მხარს უჭერდა ოპოზიციური მემარჯვენე-ნაციონალისტური, კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“.

კაროლ ნავროცკიმ, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს“, საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი. მას მეორე ტურში ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,11%-მა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 71,63% იყო.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი პოლონეთის პრეზიდენტად არჩეული კაროლ ნავროცკი კრიტიკულადაა განწყობილი ევროკავშირისა და უკრაინისადმი. ნავროცკის მოსწონს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლიდან კაროლ ნავროცკი რუსეთის მიერაა ძებნილი პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიის მეომრების ძეგლების დემონტაჟის გამო.(„ვანდალიზმის აქტებთან“ კავშირისთვის).

ანალიტიკოსების შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა გამოიწვევს არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების დაძაბვას, არამედ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის.

პოლონეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია, თუმცა მას უფლება აქვს, კანონებს ვეტო დაადოს და ამ გზით შეაფერხოს მთავრობის მიერ სწორად მიჩნეული რეფორმები.

პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კონსერვატორ ანჯეი დუდას, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.