ვახტანგ გომელაური გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ის 2024 წლის დეკემბრიდან ვიცე-პრემიერიც იყო. როგორც თავად აცხადებს, გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

„დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, - ნათქვამია გომელაურის განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 მაისს გამოქვეყნდა შსს-ს ოფიციალურ საიტზე.

ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შსს-ს თანამშრომლებს და აცხადებს, რომ რჩება ქვეყნის და გუნდის ერთგულად და ქვეყანას და ხელისუფლებას უსურვებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას.

გომელაური, რომელიც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.

გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.

ასევე ნახეთ სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს ვახტანგ გომელაური ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეცვალა გრიგოლ ლილუაშვილმა

ლილუაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე გადადგა.

ასევე ნახეთ „დანარჩენი შიდა სამზარეულოა“ - რა არ თქვა კობახიძემ ლილუაშვილთან კონფლიქტზე