„ჩვენ შევთანხმდით...“ - ინტერვიუ ოპოზიციონერ დეპუტატთან, რომელიც „ოცნებას“ ვიცე-მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში დაეხმარა

მიხეილ კაკაურიძე.

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და ვიცე-მერი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ კაკაურიძის დახმარებით აირჩია. როგორც ის ამბობს, გადაწყვეტილების მიღებამდე მმართველ პარტიას შეუთანხმდა.

როგორ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა და რის გაკეთებას დაპირდა მას პარტია - ამის შესახებ რადიო თავისუფლება მიხეილ კაკაურიძეს ესაუბრა, რომელთან თანამშრომლობაც „ძლიერმა საქართველომ“ ამ მიზეზით შეწყვიტა.

ასევე ნახეთ საბა ბუაძის თქმით, რიგებიდან გარიცხეს დეპუტატი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში „ოცნებას“ დაეხმარა

რატომ დაეხმარეთ „ქართულ ოცნებას“ კვორუმის შექმნაში?

ჩვენ შევთანხმდით. ვიცოდი, რომ ეს კვორუმი მათ ოთხ-ხუთ დღეში, ექნებოდათ. ერთი კვირის შემდეგ დაინიშნებოდა ვიცე-მერად გიორგი ტყემალაძე. პირობა მივიღე მათგან, რომ ჩემს საკითხებს, რომელსაც სამი წელი, ამ საკრებულოში საქმიანობის დროს ვაყენებდი, განიხილავენ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კონკრეტულად ვის შეუთანხმდით?

თავად კანდიდატს - ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს.

რა დაპირება გახსენდებათ „ქართული ოცნებისგან“, რომელიც მოგცათ და შეასრულეს?

არაფერი ბევრი, მაგრამ მინდა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რას ითხოვენ და ვინ მოდის ხელისუფლებაში. რამდენჯერაც დავაყენე ჩემი საკითხები, მხოლოდ ის გაშუქდა, ვინ ვის აგინებდა.

ეს პოზიცია გქონდათ შეთანხმებული „ძლიერ საქართველოსთან“?

არა, რა თქმა უნდა. პარტიის წევრი არ ვარ. მათ დაახლოებით იცოდნენ ჩემი პოზიციები... მინდა ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაიწყოს. ჩემი პოლიტიკური წონა თუ განულდება, მთავარია კონკრეტულ შედეგს მივაღწიო.

რა ურთიერთობა გქონდათ „ძლიერ საქართველოსთან“?

ოფისის ხელმძღვანელი ვიყავი წინასაარჩევნოდ. დანარჩენი, მომავალ თანამშრომლობაზე [უნდა შევთანხმებულიყავით], თუ ეს ასე იქნება.

თქვენ არ მონაწილეობდით ბოიკოტში, რომელიც „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდა გამოცხადებული?

ბოიკოტში ნაწილობრივ ვმონაწილეობდი, მაგრამ თვითმმართველობებში, სხვა ფორმისაა ბოიკოტი - აქ ლეგიტიმაციაზე საუბარი არ არის, მუნიციპალური პროექტების განხორციელებაზე ორიენტირებული ორგანოა და არა პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი.

თუკი საკრებულოს წევრი ხარ და ანაზღაურებას იღებ, რაღაც საქმიანობას უნდა ეწეოდე...

ხელისუფლება რაც არ უნდა რადიკალური იყოს, შენი სახე და კონსტრუქციულობა უნდა შესთავაზო, შენი პროექტები უნდა შეიტანო, რამდენად განახორციელებენ, ეს მეორე საკითხია.

თქვენი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვის თანამოაზრედ შეიძლება განიხილებოდეთ: ხელისუფლების თუ ოპოზიციის?

ამ ეტაპზე ოპოზიციონერად ვრჩები. ხვალინდელი დღე გვაჩვენებს, მაგრამ მე რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნები, ვიცი.