დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე - მას ედავებიან სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით. ამ საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს გირაო, რომელიც არ გადაიხადა. სწორედ ამიტომ, ზურა ჯაფარიძეს აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ სხდომაზე მისი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება.
„დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დაგვიკმაყოფილეს. გვერდით თავისუფალი დარბაზია. ამ დარბაზში უბრალოდ ჰაერი არ არის, შეუძლებელია მუშაობა 3,5-საათიანი სხდომის შემდეგ... ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის ადამიანის მძევლად აყვანის პროცესი“, - თქვა ნიკა გვარამიამ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომელიც ზურა ჯაფარიძის ადვოკატიცაა.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატების სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ ზურა ჯაფარიძეს მიმართა მოსაზრების დასაფიქსირებლად. ჯაფარიძემ თქვა, რომ სურდა მისთვის ადვოკატი დაენიშნათ.
პროკურორის განცხადებით, ადვოკატების ეს ქცევა სხდომის გადადებისკენ იყო მიმართული. ამის შემდეგ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე ადვოკატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ არ დააკმაყოფილა ზურა ჯაფარიძის მოთხოვნა, რადგან მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო.
ამ დროს ყოფილმა მოსამართლე ქეთი ჩომახაშვილმა წარმოადგინა ორდერი და თქვა, რომ ის დაიცავდა ზურა ჯაფარიძის ინტერესებს. უფრო ადრე, მას ეს მოსამართლემ შესთავაზა.
ჩომახაშვილმა საქმის გაცნობის მიზეზით სხდომის გადადება მოითხოვა. პასუხად მას მოსამართლემ მიუგო, რომ „სავალდებულო დაცვის შემთხვევა არ გვაქვს. მასაც [ზურა ჯაფარიძესაც] შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, თქვენ თუ გინდათ, დარჩით და ჩაერთეთ“.
ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად ქეთი ჩომახაშვილმაც დატოვა სხდომა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამკაცრებული ზომებია შემოღებული - მედიასაშუალებებს არ მისცეს შენობაში კამერების შეტანის უფლება. გარდა ამისა, პოლიციაა მობილიზებული სასამართლოს შენობასა და ეზოში.
იმის მიუხედავად, რომ ზურა ჯაფარიძის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველი ათობით ადამიანი იყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისეთი დარბაზი შეარჩია, რომელშიც დაახლოებით 20-მდე პირი ეტევა. მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე ნახეთ სასამართლოსთან 3 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის "წყლის ჭავლზე მოხტუნავე" სალომე კენჭიაშვილი„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ირაკლი ოქრუაშვილმა გირაოდ შეფარდებული თანხა არ გადაიხადა და 14 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. როგორც პოლიტიკოსები ნიკა გვარამია და ნიკა მელია თავად ამბობენ, ჯაფარიძისა და ოქრუაშვილის მსგავსად, გირაო არც მათ არ გადაუხდიათ.
რადიო თავისუფლების არქივიდან (მაისი, 2021):
Your browser doesn’t support HTML5
ზურაბ ჯაფარიძის „მეტი თავისუფლება“ - ეპიზოდი II