ვის მიიჩნევენ რუსები მთავარ მტრად: აშშ პირველ სამეულშიც კი აღარ არის

კოლაჟი. მარცხნიდან მარჯვნივ: სი ძინპინი - ჩინეთის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - აშშ-ის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, ВЦИОМ-ის ცნობით, იმ რუსების წილი, რომლებიც უკრაინას მტრად მიიჩნევენ, 2014 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. სიახლეა ისიც, რომ არც აშშ არ ლიდერობს „არამეგობრული ქვეყნების“ რეიტინგში.

რუსულმა სახელმწიფო ანალიტიკურმა ცენტრმა ВЦИОМ-მა გამოაქვეყნა რუსეთის მეგობრებისა და არაკეთილმოსურნეების მონიტორინგის კვლევის შედეგები.

„რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში მორიგი „გამყინვარების პერიოდის“ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მრავალპოლარულ სამყაროში ახალი მოკავშირეებისა და მიზიდულობის ცენტრების ძიებას, - ვკითხულობთ ВЦИОМ-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, - აღმოსავლეთისკენ მიმართულ ე.წ. შემობრუნებას და საგარეო პოლიტიკის ისლამურ ვექტორს რუსეთისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია: იცვლება სიმპათიები, ყალიბდება მეგობრული და მტრული გარემოცვის ახალი ხატები“.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რუსეთში შესაძლებელია გამოიყოს მსოფლიო ასპარეზზე „ჩვენიანების“ და „მტრების“ საზოგადოებრივი აღქმის შემდეგი ტენდენციები:

  • სტრატეგიული სამკუთხედი - რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი;
  • რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დათბობა და დასავლეთ ევროპასთან კონფრონტაციის ზრდა;
  • ბელარუსი - რუსეთის ყველაზე სანდო მოკავშირე პოსტსაბჭოთა სივრცეში;
  • „იზოლირებულ“ ქვეყნებთან (ირანი, ჩრ. კორეა) დაახლოება.
ასევე ნახეთ რა კვებავს რუსეთის აგრესიულობას?

უკრაინისადმი დამოკიდებულება

„რუსეთის იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც უკრაინას მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა“, - ასეთია ВЦИОМ-ის (სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის) მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. ცენტრის მიერ 2025 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-მა უკრაინა დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც რუსეთს „ყველაზე დაძაბული, მტრული ურთიერთობები“ აქვს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ეს მაჩვენებელი 32% იყო, 2018 წელს - 39%, 2019 წელს - 53%, 2022 წელს - 43%. ამგვარად, ახლანდელი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უკრაინა რუსეთის მიმართ „ყველაზე მტრულად განწყობილი“ ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა. არადა, სამი წლის წინ ის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე იყო.

რუსების სამი მთავარი მტერი

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბოლო 11 წლის განმავლობაში რუსების 67-76% მიიჩნევდა მტრად, ამჟამად 27%-ით მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს.

რუსები ამჟამად თავიანთ მთავარ მტრებად მიიჩნევენ:

  • საფრანგეთს - გამოკითხულთა 48%;
  • დიდ ბრიტანეთს - გამოკითხულთა 42%;
  • გერმანიას - გამოკითხულთა 41%.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ პოლონეთი (26%), ლატვია, ლიეტუვა, ბალტიის ქვეყნები მთლიანობაში და „ევროკავშირის/ევროპის ქვეყნები“ (ყველა - 9-9%-ით), როგორც შემდგომში აღნიშნულია.

როგორც ВЦИОМ-ში აზუსტებენ, კითხვა ღია იყო - რესპონდენტებს თავად უნდა დაესახელებინათ არაუმეტეს ხუთი პასუხისა.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო - რუსეთი: მტრობა წამებული

მეგობარი ქვეყნები

რუსეთის მიმართ „ყველაზე მეგობრული“ ქვეყნების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, გამოკითხულთა უმრავლესობამ დაასახელა:

  • ჩინეთი - 65%;
  • ბელარუსი - 41%;
  • ინდოეთი და ჩრდილოეთი კორეა - 26-26%;
  • ირანი - 16%;
  • ყაზახეთი - 11%.

2022 წელს გამოკითხული რუსების მხოლოდ 4% მიიჩნევდა ჩრდილოეთ კორეას მეგობრულად განწყობილ ქვეყნად, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1% იყო.

2022 წელს ირანი მეგობრულად განწყობილ ქვეყნად მიაჩნდა გამოკითხულთა 10%-ს, ხოლო 2019 წელს - 3%-ს.