პატრიარქი კირილე და ძვირადღირებული "მტრული საათების" სიყვარული

რუსეთის პატრიარქი კირილე ხელზე Apple Watch-ით. ფოტო: kremlin.ru

რუსეთის პატრიარქი კირილე Apple Watch-ს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე „ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის“ წინააღმდეგ ქადაგებდა.

საგამოძიებო ჯგუფ „სისტემის“ დაკვირვებით, 2025 წლის აპრილის ბოლოდან მოყოლებული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე ოფიციალურ ღონისძიებებზე რამდენჯერმე გამოჩნდა ხელზე Apple Watch-ის ჭკვიანი საათით. რუსეთის პატრიარქს ეს საათი უჩანს:

  • 22 აპრილს – ვლადიმირ პუტინთან და სერბეთის პატრიარქ პორფირესთან შეხვედრაზე;
  • 8 მაისს – სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრაზე;
  • 9 მაისს – რესპუბლიკა სრპსკას ხელმძღვანელ მილორად დოდიკთან შეხვედრაზე.


„სისტემა“ - საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე - დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებიდან, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.

კირილეს მაჯაზე გაჯეტი პირველად შენიშნეს კრემლში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა. ხანგრძლივი დაკვირვებით „სისტემა“ დარწმუნდა, რომ რუსეთის პატრიარქი რეგულარულად ატარებს Apple Watch-ს.

რას ამბობდა პატრიარქი გაჯეტების შესახებ

„ყოველ ჯერზე, როდესაც გაჯეტს იყენებთ, ნებსით თუ უნებლიედ, ჩართავთ გეოლოკაციას თუ არა, ვიღაცას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, სად იმყოფებით, ზუსტად შეიტყოს, რა გაინტერესებთ, ზუსტად იცოდეს, რისი გეშინიათ. გაჯეტების გლობალური ქსელი შესაძლებელს ხდის კაცობრიობაზე უნივერსალური კონტროლის განხორციელებას.“

„ადამიანის გონებამ და ტექნიკურმა ცივილიზაციამ დღეს ისეთ დონეს მიაღწია, რომ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ადამიანის პიროვნებაზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა. <...> ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ადამიანის პიროვნებაზე სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად.“

2024 წლის იანვარში მისმა უწმინდესობამ განაცხადა, რომ „სმარტფონების ცივი სინათლე“ და „ჭარბი ინფორმაციის კაშკაშა ნაკადი“ ადამიანებს აშორებს ღვთაებრივი სინათლისგან.

პატრიარქის საათები

ზოგადად, რუსეთის პატრიარქი საათების მიმართ გულგრილი არ არის და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კირილეს საათებმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

2012 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც პატრიარქ კირილეს ხელზე უკეთია დაახლოებით 30 000 ევროს ღირებულების Breguet-ის საათი. მართალია, ფოტოზე საათი რეტუშირებული იყო, მაგრამ მხედველობიდან გამორჩათ საათის ანარეკლი მაგიდის პრიალა ზედაპირიდან.

მოგვიანებით რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ საათი მას აჩუქეს, ხოლო ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა რუსეთის ეკლესიის წინამძღოლის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ერთადერთი საათი, რომელსაც სინამდვილეში კირილე ატარებს, რუსეთის გერბიანი იაფფასიანი საათია, რომელიც მას პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აჩუქა“.

კიდევ რა ეკეთა პატრიარქ კირილეს ხელზე ბოლო კვირების განმავლობაში:

ასევე ნახეთ მილიტარიზმის პატრიარქი

Apple Corporation-ი საჯაროდ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რეგულარულად აკრიტიკებს. 2023 წლის ივნისში კომპანიამ ლგბტ თემის მხარდასაჭერად წარადგინა Apple Watch-ისთვის ცისარტყელას ფერის სამაჯურების ახალი ხაზი.

უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომის პირველ დღეებში Apple-მა რუსეთში მაღაზიები დახურა და Apple Pay გამორთო.