ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა „ფორმულამ“, რომლის ცნობითაც, საუბარია 31 წლის ბექა ონიანზე.
მედია ციტირებს დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობს, რომ დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, - ამბობს ის.
მისი ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.
„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს“, - ამბობს იგი.
„ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობს დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (120-დან 128 საათამდე), შინაპატიმრობით (6 თვიდან ერთ წლამდე) ან ერთ წლამდე პატიმრობით.
დედის თქმით, დაკავებული არავინაა.
შსს-ში ამბობენ, რომ „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.