ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა

აზიზ ნასიზადე, ირანის თავდაცვის მინისტრი

ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასიზადემ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიასთან, IRIB 2-თან ინტერვიუში ახალი ბალისტიკური რაკეტა Qassem Basir-ის წარმატებით გამოცდის შესახებ ისაუბრა. მისი სიტყვებით, რაკეტის ფრენის რადიუსია 1,2 ათასი კილომეტრი, მას გაუმჯობესებული მანევრირება აქვს და შეუმჩნეველი იქნება ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორებიცაა THAAD-ი და Patriot-ი.

ირანის ხელისუფლებამ 4 მაისს გააკეთა ეს განცხადება, 17 აპრილს „წარმატებულად ჩატარებული გამოცდის“ შესახებ.

აზიზ ნასიზადემ აშშ-ც გააფრთხილა, რომ ირანს ძალუძს „ძლიერი პასუხის გაცემა“, „თუ თავს დაესხმება ან ომს მოახვევს თავს“. ირანის თავდაცვის მინისტრის თქმით, "თეირანს მეზობლებთან ძმური ურთიერთობები სურს", მაგრამ ომის შემთხვევაში მათ ტერიტორიებზე არსებული ამერიკული ბაზები ირანელი სამხედროებისთვის „კანონიერი სამიზნე“ გახდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 მაისს NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, აუცილებელია ირანის ბირთვული პროგრამის დახურვა. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „ღიაა მოისმინოს“ წინადადებები, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება. „მაგრამ იცით, მშვიდობიან ენერგიას ხშირად სამხედრო კონფლიქტებამდე მივყავართ. და ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - თქვა ტრამპმა.

22 აპრილს ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში კი, რომელიც სამი დღის შემდეგ გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ხედავს ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას და გამოთქვა მზაობა ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებთან შესახვედრად. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგა, განიხილავს სამხედრო ზომების მიღების შესაძლებლობასაც.