აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს. როგორც ის თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, ვაჭრობის დეპარტამენტს ამის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
“ამერიკაში კინოინდუსტრია სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა მიიზიდონ ჩვენი რეჟისორები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან. ჰოლივუდი და აშშ-ის სხვა რაიონები იცლება. ეს სხვა ქვეყნების შეთანხმებული ძალისხმევაა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ვანიჭებ უფლებამოსილებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ნებისმიერ ფილმზე ჩვენს ქვეყანაში 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი. ჩვენ ისევ ამერიკაში წარმოებული ფილმები გვინდა!" - წერს ტრამპი.
ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში შეყვანილი ყველა ქვეყნის მიმართ დაწესდა 10%-იანი ტარიფი, 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართ კი, რომლებიც აშშ-ის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ, შემოიღო "საპასუხო" ტარიფები.
მოგვიანებით ტრამპმა ამ ტარიფების ამოქმედება, ჩინეთის გარდა, ყველა ქვეყნისთვის 90 დღის ვადით შეაჩერა.
ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ეფექტიანი მაჩვენებელი 145%-ია, ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთს თავიდან ყველაზე მაღალი განაკვეთი - 104% - დაუწესდა, რომელიც ერთი დღის შემდეგ 125%-მდე გაზარდა.