გარდაცვლილ პატიმარზე პენიტენციური ამბობს, რომ ციხეში კაცის „მდგომარეობა გაუარესდა“ და ამის გამო გადაიყვანეს კლინიკაში

გლდანის პენიტენციური დაწესებულება

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე პენიტენციური ამბობს, რომ მასზე „ძალადობა“ არ დასტურდება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა... აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“, - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან. გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.

„მიზეზი ისაა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან უმძიმესი ნაცემი გადაიყვანეს იანვარში. ექიმები მკურნალობდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ და გარდაიცვალა. ადამიანს ჰქონდა 30-ზე მეტი მოტეხილობა. ნაცემი იყო, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია - თვითონ ავითარებენ ვერსიას, რომ წაიქცა“, - ამბობს მუხრან ღურწკაია.

ასევე ნახეთ გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა


გასული წლის 24 ოქტომბერს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული იოსებ გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ოჯახმა მოულოდნელად გაიგო.

ის ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყო. სასამართლო 27 იანვარს უნდა გამართულიყო, ოჯახს შეატყობინეს, რომ სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ოჯახი ვარაუდობდა, რომ პატიმარი ნაცემი იყო, რადგან თავის არეში დაზიანებები აქვს და ყელზე, სავარაუდოდ, ხრჩობის კვალი.

ასევე ნახეთ „მართვით სუნთქვაზეა“ - გლდანის ციხიდან „ვივამედში“ გადაყვანილი პატიმრის ოჯახი განმარტებებს ითხოვს

სახალხო დამცველი მაშინ აცხადებდა, რომ მისი თანამშრომლები კლინიკაში გადაყვანილ პატიმარს ვერ ესაუბრნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.