გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
„მიზეზი ისაა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან უმძიმესი ნაცემი გადაიყვანეს იანვარში. ექიმები მკურნალობდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ და გარდაიცვალა. ადამიანს ჰქონდა 30-ზე მეტი მოტეხილობა. ნაცემი იყო, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია - თვითონ ავითარებენ ვერსიას, რომ წაიქცა“, - ამბობს მუხრან ღურწკაია.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ ყოფილა მოულოდნელი სიკვდილი.
„ეს იყო მძიმე ტრავმული დაზიანებებით შემოსული. მკურნალობდა ჩვენთან 23 იანვრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადგა ლეტალური გამოსავალი... იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატურულ მხარდაჭერაზე“, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ პენტინეციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ციხეში კაცის „მდგომარეობა გაუარესდა“ და ამის გამო გადაიყვანეს კლინიკაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა... აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“, - წერია პენტენციური სამსახურის განცხადებაში.
ასევე ნახეთ გარდაცვლილ პატიმარზე პენიტენციური ამბობს, რომ ციხეში კაცის „მდგომარეობა გაუარესდა“ და ამის გამო გადაიყვანეს კლინიკაშისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. როდის დაიწყო გამოძიება და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - ამ კითხვაზე რადიო თავისუფლება ელოდება პასუხს.
გასული წლის 24 ოქტომბერს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული იოსებ გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ოჯახმა მოულოდნელად გაიგო.
ის ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყო. სასამართლო სხდომა 27 იანვარს უნდა გამართულიყო, ოჯახს შეატყობინეს, რომ სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ოჯახი ვარაუდობდა, რომ პატიმარი ნაცემი იყო, რადგან თავის არეში დაზიანებები აქვს და ყელზე, სავარაუდოდ, ხრჩობის კვალი.
ასევე ნახეთ „მართვით სუნთქვაზეა“ - გლდანის ციხიდან „ვივამედში“ გადაყვანილი პატიმრის ოჯახი განმარტებებს ითხოვსსახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხს სრულფასოვნად შეისწავლის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმართან შესახვედრად აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ კლინიკაში, თუმცა „გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.