სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა - ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

მეწყერი სოფელ ბაბილთან

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, ორშაბათს, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოჰყვა ერთი ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გზა, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაიხსნება.