ღაზის სექტორში ოპერაციისთვის ისრაელი რეზერვისტების გაწვევას იწყებს

საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის ტანკები ღაზის სექტორში

ისრაელის სამხედრო ძალებმა ათობით ათასი რეზერვისტის გამოძახების შესახებ განაცხადეს, ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციების „გაძლიერებისა და გაფართოების“ მიზნით. ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ „ზრდიან ზეწოლას“, ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და მებრძოლების დამარცხების მიზნით. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ არმია, გეგმის მიხედვით, ახალ ტერიტორიებზე იმოქმედებს, ჰამასის როგორც მიწისქვეშა, ასევე ყველა მიწისზედა ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ თანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტისა და 59 ისრაელელი მძევლის დაბრუნებაზე, რომლებიც 2023 წლის ოქტომბერში სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ აყვანილ მძევლებს შორის იყვნენ. ვარაუდობენ, რომ მათგან მხოლოდ 24-ია ცოცხალი.

არცერთი მძევალი არ გათავისუფლებულა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 18 მარტს განაახლა საბრძოლო მოქმედებები, რითაც დაირღვა ჰამასთან ორთვიანი ზავი. მას შემდეგ ღაზის სექტორის დიდი ნაწილი ისრაელის კონტროლს დაექვემდებარა, რასაც ასობით დევნილის ახალი ტალღა მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევების ფონზე ჰუმანიტარული ორგანიზაციები საუბრობენ საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტზე და „შიმშილის პოლიტიკად“ აფასებენ, რაც შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს. ამას ისრაელი უარყოფს.

იემენში მოქმედი პროირანული ჰუსიტური დაჯგუფება, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის დასრულებას მოითხოვს, კვირას, 4 მაისს, ისრაელს „საჰაერო ბლოკადით“ დაემუქრა, ისრაელის აეროპორტებზე განმეორებითი თავდასხმების გზით.

იმავე დღეს, კვირას დილით, ჰუსიტების რაკეტა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტის ტერმინალთან ახლოს ჩამოვარდა. მსუბუქად დაზიანდა ექვსი ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ისრაელი ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებითი დარტყმებით საპასუხო ზომებს მიიღებს.