ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, "რუმინელთა ერთობის ალიანსის" (AUR) ლიდერს ამომრჩეველთა 40,2%-მა დაუჭირა მხარი. ეს მონაცემი გამოქვეყნდა ბიულეტენების 89%-ის დათვლის შემდეგ.
ეგზიტპოლის შედეგებით, სიმიონს 30-33% უჭერდა მხარს.
წინასწარი მონაცემებით, კრინ ანტონესკუმ - მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტიის საერთო კანდიდატმა - 21,2% მიიღო, ხოლო ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის შედეგი 19,3%-ს უტოლდება. ეგზიტპოლები მათ შემთხვევაში თითქმის თანაბარ შედეგს აჩვენებდა.
ეს მაჩვენებლები არ მოიცავს დიასპორების წარმომადგენელთა ხმებს, რომელთა რაოდენობა, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, თითქმის 800 000-ს უტოლდება და ვარაუდობენ, რომ ემიგრანტების მხარდაჭერა სიმიონის სასარგებლოდ გადანაწილდება.
ასევე ნახეთ ჯერ პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, შემდეგ კანდიდატი აკრძალეს... რა უნდა ვიცოდეთ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზერუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდ ინტერესს იწვევს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.
ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.
4 მაისს გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ის გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
24 აპრილს რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.
სიმიონს ბრალდება 1,5 მილიონი დოლარის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის - ვაშინგტონში სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.
აპრილის მიწურულს, რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მალევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს არის დანიშნული.
ასევე ნახეთ ტრამპის ადმინისტრაციის რჩეულ პრეზიდენტობის მსურველს წლობით ციხე ემუქრება – რა ხდება რუმინეთში?