რუსული დრონებით მასირებულ შეტევას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში

რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული ბინები. ზაპოროჟიე, 2025 წლის 2 მაისი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისთვის 150 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ამის შესახებ დღეს, 2 მაისს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქში. დანგრეული და დაზიანებულია სახლები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში, სულ მცირე, 29 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

უკრაინის რკინიგზის ცნობით, ზაპოროჟიეში დრონებით დარტყმა იყო ელექტრომატარებლების სარემონტო ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ადმინისტრაციის თანახმად, ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან საჰაერო განგაშის გამო თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა სლავიანსკის რაიონში. დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ საწარმოში.

ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომებზე

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 1 მაისის ღამის ათის ნახევრიდან 2 მაისის დილამდე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 150 უპილოტო საფრენი აპარატით.

სარდლობის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 64 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 62 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.