რუსეთში დააკავეს კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ონლაინ ატარებს თათბირს კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირნოვთან 2024 წლის 8 აგვისტოს, როცა უკრაინამ კურსკში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

რუსეთის კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით დაკავებულია სმირნოვის ყოფილი პირველი მოადგილე ალექსეი დედოვი. ისინი კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდნენ რუსეთის ამ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დროს, 2024 წლის აგვისტოში.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სმირნოვის და დედოვის დაკავების შესახებ 16 აპრილს განაცხადა.

შსს-ს თანახმად, თაღლითობის საქმე ეხება ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ „კურსკის ოლქის განვითარების კორპორაციის" წარმომადგენლებთან ერთად ბიუჯეტიდან მილიარდი რუბლის მითვისებას უკრაინასთან საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას.

მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლომ კურსკის ყოფილ გუბერნატორს ორთვიანი წინასაწრი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, ალექსეი სმირნოვი ბრალს არ აღიარებს.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა უწოდა კურსკის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციას

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

2024 წლის 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.

ალექსეი სმირნოვმა კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში დატოვა.

ასევე ნახეთ რუსეთიდან იუწყებიან კურსკზე დრონებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ