ბაქოში ასამართლებენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ფარიდ მეჰრალიზადეს. მან ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა

ფარიდ მეჰრალიზადე (ცენტრში) პოლიციელებს სასამართლოს შენობიდან გამოჰყავთ.

პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა ფარიდ მეჰრალიზადემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას დევნიან რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურში გამოქვეყნებული ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის გამო. მისივე თქმით, გამომძიებლებმა ის ცრუ ბრალდებით გაიყვანეს Abzas Media-სთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში.

"მათ ალბათ იფიქრეს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მზა სისხლის სამართლის საქმე, მოდი, დავუმატოთ ის სხვებს და წინ წავიდეთო. პროკურატურამ ასევე მომანიჭა "თანამდებობა" Abzas Media-ში, თითქოს იქ, ოფისში, ეკონომიკურ ექსპერტად ვმუშაობდი. ორივე ეს განცხადება მცდარია", - განაცხადა მეჰრალიზადემ 8 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

ბაქოს სასამართლო დამოუკიდებელ გამოცემა Abzas Media-სთან დაკავშირებული მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მასში ფიგურირებს შვიდი დაკავებული ჟურნალისტი: გამოცემის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ულვი ჰასანლი, მისი მოადგილე მაგომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ აბასოვა (ვაგიფგიზი), ჟურნალისტები ჰაფიზ ბაბალი, ნარგიზ აბსალამოვა, ელნარა გაზიმოვა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადე.

ბოლო 16 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანში კონტრაბანდის ბრალდებით 30-მდე ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი დააკავეს. მათგან არცერთი არ ეთანხმება ბრალდებას. ყველა მათგანი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაკვეთაა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ციხეებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებში 350-მდე პოლიტპატიმარია. მათ შორის - სხვადასხვა გამოცემის 24 ჟურნალისტი.

ასევე ნახეთ ბაჰრუზ სამადოვი: ვინ არის აქტივისტი, რომელიც ბაქოში „ღალატის“ ბრალდებით დააკავეს