პუტინი არჩევნებს რეკორდული პროცენტით იგებს. დასწრებაც სარეკორდოდ მაღალია

ხმის მიცემა გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. დასწრება სარეკორდოდ მაღალია - 73.33%. დათვლილია ხმათა 41%. იგებს ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პანფილოვას თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამ ეტაპზე ხმათა 87,5% პროცენტი მიიღო.

ხმების წინა რეკორდი პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამყარა. მაშინ მან 77 %-ით გაიმარჯვა.

კომუნისტ ნიკოლაი ხარიტონოვს ხმათა 4.04% აქვს, პარტია "ნოვიე ლიუდის" (ახალი ხალხის) წევრ ვლადისლავ დავანკოვს - 3.99%, ლიბერალ-დემოკრატ ლეონიდ სლუცკის კი - 3.08%.

ასევე ნახეთ გაიცანით, პუტინის სამი უშანსო კონკურენტი - რუსეთი პრეზიდენტს ირჩევს


ხმის მიცემა გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში პუტინს 95% აქვს, ხერსონის ოლქში - 88%, ზაპორიჟიეში კი - 92%.

დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ადგილობრივებს აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ.

რუსეთის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრება 70%-მდე არასდროს ასულა. რეკორდი არაერთმა რეგიონმა მოხსნა.

მაგალითად, ჩეჩნეთში საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 96% მივიდა. აქედან დათვლილია თითქმის 3%. პუტინმა ხმათა 99.28% მიიღო.

ოფიციალური გამარჯვების შემდეგ, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით, 2030 წლამდე გახდება. 2030 წელს მას კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების ფონზე.

ასევე ნახეთ (არ) კმარა პუტინი! - როგორი იყო რუსების პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს