კორუფციის ბრალდებით მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი გენერალი დააპატიმრეს

გენერალი კონსტანტინ ოგიენკო

რუსეთში კორუფციის ბრალდებით მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ორი გენერალი დააკავეს. ერთ - ერთი მათგანი იყო სპეციალური დანიშნულების პირველი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის არმიის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის პირდაპირ დაცვაზე, მეორე ამავე არმიის საჰაერო თავდაცვის დივიზიას მეთაურობდა.


გაზეთი "კომერსანტი" პირველი იყო, ვინც 6 სექტემბერს სამხედროების დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც 7 სექტემბერს სააგენტო „ტასმაც“დაადასტურა. გენერალ-მაიორებს კონსტანტინე ოგიენკოს და დიმიტრი ბელიაცსკის ბრალად ედებათ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით მოსკოვის რეგიონში თავდაცვის სამინისტროს მიწების გაყიდვა.

ბრალდება ამტკიცებს, რომ გენერლები შეთანხმდნენ 30 მილიონი რუბლის ქრთამის მიღებაზე, მაგრამ მხოლოდ ნახევარი მილიონის მიღება მოახერხეს. 1-ლი არმიის მეთაური კონსტანტინე ოგიენკო უარყოფს დანაშაულს, მისი დაქვემდებარებული ბიალიაცკი კი ნაწილობრივ აღიარებს, ის დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. პირველი საგამოძიებო იზოლატორში 2023 წლის 27 ნოემბერამდე მოათავსეს, მეორეს კი შინაპატიმრობა შეეფარდა.


მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების დაკავება მოხდა მოსკოვზე რეგულარული საჰაერო თავდასხმების ფონზე. ბოლო ხანს, სავარაუდოდ, უკრაინულმა დრონებმა შეძლეს ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემის გვერდის ავლით მოსკოვის მიმართულებით იერიშების განხორციელება.

31 აგვისტოს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მერია, არმიასთან ერთად, მოსკოვის გარშემო ახალ საზენიტო პოზიციებს შექმნის.