ახალი კვლევა: კლიმატური ცვლილებები არსებით გავლენას ახდენს ამინდზე

სიცხე ევროპისა და რუსეთის ტერიტორიაზე.

კლიმატოლოგებმა გამოიკვლიეს თანამედროვე მსოფლიოში გლობალური დათბობის გავლენა ამინდზე და დაადასტურეს, რომ ანომალიური სიცხე და ექსტრემალური ნალექი პირდაპირ არის დაკავშირებული კლიმატურ ცვლილებებთან. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას.

მეცნიერებმა შეისწავლეს გლობალური დათბობის ზემოქმედება ამინდის ხუთი ექსტრემალური მოვლენის გაჩენაზე: სიცხის, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ტყის ხანძრებისა და ტროპიკული ქარიშხლებისა. გამოკვლევის ავტორების თქმით, კლიმატის ცვლილების კავშირი სიცხის ტალღებსა და კოკისპირულ წვიმებთან ყველაზე უფრო აშკარაა, მაშინ როცა ნაკლებად ნათელია მისი კავშირი გვალვასთან და ტყის ხანძრებთან.

„მსოფლიოში სიცხის პრაქტიკულად ყველა ტალღა უფრო ინტენსიური და უფრო სავარაუდო გახდა კლიმატის ცვლილების გამო“, - განაცხადა ანგარიშის თანაავტორმა, მეცნიერმა ეკოლოგმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ბენ კლარკმა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სიცხის ტალღები, რომლებიც ამჟამად აღინიშნება აშშ-ში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში, ადასტურებს კლარკის სიტყვებს.

ივნისში კოკისპირულმა წვიმებმა სერიოზული წყალდიდობები გამოიწვია ინდოეთში, ბანგლადეშსა და ჩინეთში. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ გლობალური დათბობის გამო კოკისპირული წვიმები უფრო ხშირდება და უფრო ინტენსიური ხდება. რაც შეეხება ტროპიკულ ქარიშხლებს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გლობალური მასშტაბით მათი რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ ისინიც უფრო ინტენსიური გახდა.

უფრო რთულია იმის გაგება, როგორ მოქმედებს კლიმატური ცვლილებები გვალვაზე. მაგალითად, კლიმატურ ცვლილებებსა და აღმოსავლეთ აფრიკაში გვალვას შორის კავშირი ჯერაც არ არის დამტკიცებული. მაგრამ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საგაზაფხულო წვიმის სეზონების შემოკლება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ღრუბლების ნაწილი უფრო სწრაფად ივსება ნესტით, ვერ ასწრებს კონტინენტამდე მიღწევას და ოკეანეზე წვიმს. სითბოს ტალღები და გვალვა აძლიერებს ტყის ხანძრებს, განსაკუთრებით მეგახანძრებს, რომლებმაც შეიძლება 400 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი მოიცვას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გლობალურ დათბობასა და ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს შორის კავშირის დადგენის სირთულე გამოწვეულია სანდო მონაცემების უკმარისობით, განსაკუთრებით განვითარებადი და უღატაკესი ქვეყნებიდან. თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნებს ემუქრებათ საფრთხე კლიმატის ანთროპოგენური ცვლილებების გამო.

კლიმატური ცვლილებების საკითხი - უკრაინაში მიმდინარე ომთან და სასურსათო კრიზისთან ერთად - განიხილებოდა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა.