არესტოვიჩი: უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადამ გარღვევა შეძლო

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი. 2022 წლის მარტი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა „რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად“ შეძლეს გარღვევა პოლკ „აზოვთან“ შესაერთებლად.

არესტოვიჩი ფეისბუკზე წერს, რომ „აზოვმა“ ეს ღონისძიება პროფესიონალურად უზრუნველყო. პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანახმად, ამ მანევრის შედეგად, „აზოვი“ არსებითად განმტკიცდა, 36-ე ბრიგადამ კი, თავიდან აიცილა ნაწილებად განადგურება, მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და ფაქტობრივად, მეორე შანსი.

არესტოვიჩის ამ შეტყობინებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომ მარიუპოლში იარაღი ნებაყოფლობით დაყარა უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ და ისინი ტყვედ ჩაბარდნენ.

ამ ინფორმაციაზე კომენტარისთვის სააგენტო Reuters-მა მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე ნახეთ კონაშენკოვი: მარიუპოლში ჩაგვბარდა 1026 უკრაინელი სამხედრო

უკრაინული ინტერნეტგამოცემა Новинарня, რომელიც 2016 წლიდან აქტიურად აშუქებს რუსული ოკუპაციის და სამხედრო თემებს, წერს, რომ საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობის ნაწილი შეუერთდა პოლკ "აზოვს", რომელიც ქარხანა "აზოვსტალ"-ის რაიონს იცავს, ნაწილი კი, ტყვედ ჩავარდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.