რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარდა 1000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ქალები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა დღეს, 13 აპრილს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარიუპოლში, „ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატის რაიონში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ქვედანაყოფების და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევითი მოქმედებების შედეგად, საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ იარაღი ნებაყოფლობით დაყარა და ტყვედ ჩაბარდა“.
რუსი გენერლის თანახმად, ტყვედ ჩაბარებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიდან 162 ოფიცერი და 47 ქალია. ალყაში მყოფ მარიუპოლში ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.
ასევე ნახეთ მარიუპოლის მერის თანაშემწე: 36-ე დანაყოფის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა ფეისბუკის ყალბ გვერდზეუკრაინელი საზღვაო ქვეითების დატყვევების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. მის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლზე საავიაციო დარტყმებთან ერთად, რუსული ძალები განაგრძობენ შეტევას მეტალურგიული კომპლექსის, „აზოვსტალ“-ის და საზღვაო პორტის რაიონებში.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: რუსეთი გეგმავს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებასრუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.