მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა უკრაინაში წავიდეს „შეურაცხყოფაზე პასუხის“ მიღების შემთხვევაში

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინული მხარის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, გაემგზავრებიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი უკრაინაში.

არ გვაქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა და საპარლამენტო უმრავლესობაში როდესაც ეს საკითხი გავიარეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო შემადგენლობიდან, უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მედიასთან მან ისაუბრა უკრაინის რადის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიწვევასთან დაკავშირებულ საკითხზე და თქვა, რომ უკრაინაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი „დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია“ და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელში მოტანილ არცერთ საკითხთან, „კითხვასთან თუ თხოვნასთან და მოთხოვნასთან, თუნდაც, დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია“.

რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, რომ, თითქოს, საქართველო ამ სიტუაციაში, ამ კონკრეტულ მოცემულობაში, რძესთან და ყველთან დაკავშირებით რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან? რატომ დაგვაბრალეს ბოლო დროს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია? რატომ გაიწვიეს ელჩი მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა და დღეს ნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს მიერ გაწეული დახმარების ოდენობა არავის გაუწევია უკრაინისთვის. მაგრამ ეს ჩავთვალოთ მეორეხარისხოვან თემად, იმიტომ რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ ასპარეზზე, საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე მხარდაჭერას უწევს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ განხორციელდა ის დემარში, რაც განხორციელდა? ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას უკრაინაში ვიზიტისთვის ოპოზიციის დახმარება არ დასჭირდება. მაგრამ ამგვარი ვიზიტის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინიდან მიღებულ პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

თუ ჩვენ მივიღეთ პასუხები და მათ შორის, თუ ამ პასუხებიდან გამომდინარე ობიექტურად, სუბიექტურად მოფიქრალ ხალხზე არ ვსაუბრობ, თუ ყველა ჩვენ ობიექტურად დავრწმუნდით და მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ამ შეურაცხყოფის ელემენტარულად უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის და, მისი განცხადებიდან ეს ნახეთ რომ ჩანდა და მისი პათოსიდან, რომ ამ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში, არანაირი პრობლემა არ არის. იზოლაციის დღეებიც აგერ ორ-სამ დღეში დასრულდება. არანაირი პრობლემა არ აქვს მას წასვლაზე და არც არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმ უამრავი ბინძური სპეკულაციისა, რაც ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მასში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, ამ შემთხვევაში გამიჯვნა აღარაფერ შუაში აღარ არის - ლევან იოსელიანია ან სხვა ადამიანი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რა თქმა უნდა, ამ დელეგაციის წევრი იქნება“.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ უკრაინიდან პასუხი არ იქნება, მაშინ სხვაგვარად გადაწყდება.

ნ პასუხი რა იქნება? ნუ ვიმარჩიელებთ წინასწარ. ეს საერთოდ უპასუხობა იქნება? დაიგნორება იქნება? ან კითხვების, იმ შეურაცხყოფის დაიგნორება და გატარება იქმნება, ან თუნდაც, ღმერთმა არ ქნას, და გამძაფრება იქნება, რაც საქართველოს დააბრალეს იმისა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება, რომ იმ ფონზე, რაც ხდება, ჩვენ კითხვაც არ გვქონდეს და ასე უაპელაციოდ რაღაც გადაწყვეტილებებს ვიღებდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.

ასევე ნახეთ სტეფანჩუკი პაპუაშვილს: მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს

8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.

"რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს
ასევე ნახეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე - თავმჯდომარის კაბინეტი

ბუჩაში ჩასვლის სურვილის შესახებ განაცხადა პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში და თქვა, რომ "მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში".

ბუჩაში წავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა ასევე პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.