ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირში კვლავ წამოიჭრა უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხი

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და ასევე მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო ბოროტად სარგებლობამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აიძულა, რომ წამოეჭრა ბლოკთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი.

27 სექტემბრით დათარიღებული შიდა ანგარიშის თანახმად, რომლის შინაარსიც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის დასავლეთ ბალკანეთში ვიზიტის წინ გახდა ცნობილი, ასეთ ქვეყნებს შორის სახელდება გერმანია, საფრანგეთი და იტალია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ქვეყნები ბოლო დროს სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებული უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციით.

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ტერიტორიაზე ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სერბეთის მოქალაქეთა „არასანქცირებულ ყოფნასთან დაკავშირებული დარღვევების სწრაფ მატებაზე“.

ანგარიში აღნიშნულია ასევე, რომ კორონავირუსის პანდემიის წინა, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბოლო სამ თვეში 50%-ით გაიზარდა ევროკავშირში თავშესაფრის მიღების თაობაზე საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან შემოსული მიმართვები.

ევროკავშირმა 2009 წლის დეკემბერში გააუქმა სავიზო რეჟიმი მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიმართ, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია; მოგვიანებით, 2014 წელს ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

“შეჩერების მექანიზმის“ თანახმად, თუ ამ ქვეყნებიდან 50%-ს გადააჭარბებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის და თავშესაფრის მიღების მოთხოვნის სტატისტიკა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლის გაუქმება და სავიზო რეჟიმზე გადასვლა.

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის თხოვნით მიმართვების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წელს ასევე მიიღო შეტყობინება ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი აღნიშნავდა, არ დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა.