ბერლინი, მოსკოვი და ომის შიში

გერმანიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაჭრით ეწინააღმდეგება უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას და გაგებით ეკიდება მოსკოვის პრეტენზიებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. გერმანელებს შორის ამ დამოკიდებულებას განსაკუთრებით ხშირად გამოხატავენ მემარცხენე პოლიტიკოსები, ისევე როგორც ინტერნეტის მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კომენტარების ნამდვილ შტურმს უწყობს ხოლმე პუბლიკაციებს, თუ მათში დაგმობილია კრემლის პოლიტიკა.

მიზეზებით, რა იწვევს რუსეთის მიმართ გერმანელების დიდი ნაწილის ასეთ შემრიგებლურ დამოკიდებულებას, ბევრი დაინტერესებულა. მათ შორის არის ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რობერტ კოლსონი.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები 6 ივნისს საფრანგეთში შეიკრიბნენ, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. თუმცა მეორე მსოფლიო ომის აჩრდილი დღემდე არ მოსცილებია ევროპას.

ომის, ალბათ, უმძიმესი ეპიზოდები უკავშირდება გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებას, რომელმაც მილიონობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეიწირა და მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთის ევროპულ ნაწილში. მოგონებები ამ ტრაგედიაზე დღემდე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გერმანელების დამოკიდებულებას რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯების, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მისი პოლიტიკური კურსის მიმართ. ომის დანაშაული, ექსპერტების აზრით, ბევრ გერმანელს ხდის უფრო ფრთხილს და ლმობიერს, როცა საქმე კრემლის პოლიტიკის შეფასებას ეხება...

ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ანდრეას უმლანდიც. თუმცა, მისი აზრით, მთავარი მიზეზი სხვაა: შიში, რომელიც გერმანელებს ცივი ომიდან მოსდევთ. მაშინ არსებობდა საფრთხე, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ომი სწორედ გერმანულ მიწაზე იფეთქებდა.

„მთავარი მოტივაცია არის ომის შიში, რომლის გამოც ბევრი მიდის რუსეთის მიმართ შემრიგებლურ პოზიციამდე, დაყვავებამდე და რუსეთთან კონფრონტაციის ასაცილებელი შესაძლებლობების ძიებამდე. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი“, - ამბობს უმლანდი. ის დასძენს: „მაგრამ არის ის შეგრძნებაც, რომ გერმანია რაღაცნაირად ვალშია რუსეთთან მეორე მსოფლიო ომისა და ტანჯვის გამო, რომელიც რუსებმა გამოიარეს მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს ხშირად არის ხოლმე ფაქტორი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შეფასებისას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, რასაკვირველია, ასევე იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში და თავისი წვლილი შეიტანა გერმანული ფაშიზმის დამარცხებაში“.

საბჭოთა პერიოდის სტატისტიკით, მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ბელორუსიამ დაკარგა ომამდელი მოსახლეობის 25,3%, უკრაინამ 16,3%, ხოლო რუსეთმა 12,7%. უკრაინის ტერიტორიაზე 3,5 მილიონი ადამიანი შეიწირა ფაშისტურმა ოკუპაციამ.

ვფიქრობ, გერმანია-რუსეთის ურთიერთობას ბევრი ასპექტი აქვს და მარტო მეორე მსოფლიო ომი, მეტიც - პირველ რიგში ეს ომი არ არის მნიშვნელოვანი რუსეთის მიმართ გერმანიის დამოკიდებულებისათვის. შესაძლოა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს ცივი ომი...
ულრიჰ შპეკი
და მაინც, გერმანელების უმრავლესობა რუსეთს მიიჩნევს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოდ არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის მხრივაც და გამოდის, რომ გარკვეულწილად იგნორირებას უწევს თუნდაც უკრაინელების მსხვერპლს.

გერმანიის ყოველკვირეულ გაზეთ „ცაიტში“ გასულ თვეში გამოქვეყნდა ამ გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილის, ბერნდ ულრიხის სტატია, რომელშიც ის აღნიშნავს: იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ ომის დანაშაულის განცდა აქვთ, გერმანელები თვალს ხუჭავენ უკრაინელების თვითგამორკვევის უფლებაზეო...

ყურადღებას იმსახურებს სტატისტიკა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც წელს აპრილში ჩატარდა, აჩვენა, რომ 49% ემხრობა გერმანიის პოზიციას სადღაც შუაში - პუტინსა და დასავლეთს შორის. მარტო 45%-მა ჩათვალა მიზანშეწონილად დასავლელი მოკავშირეების რიგებში გერმანიის დგომა. არანაკლებ საყურადღებო შედეგით დასრულდა მანამდე მარტში ჩატარებული გამოკითხვა: გაირკვა, რომ გერმანელების 55% დიდი გაგებით ან გარკვეული გაგებით ეკიდებოდა რუსეთის სურვილს ყირიმზე განავრცოს თავისი გავლენის სფერო.

გერმანელების დამოკიდებულებას მრავალი ისტორიული ფაქტორი განაპირობებსო, აღნიშნავს გერმანელი პოლიტოლოგი ულრიჰ შპეკი: „ვფიქრობ, გერმანია-რუსეთის ურთიერთობას ბევრი ასპექტი აქვს და მარტო მეორე მსოფლიო ომი, მეტიც - პირველ რიგში ეს ომი არ არის მნიშვნელოვანი რუსეთის მიმართ გერმანიის დამოკიდებულებისათვის. შესაძლოა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს ცივი ომი. ცივი ომის დროს რუსეთი ძალიან მწვავე საფრთხეს წარმოადგენდა და გერმანიას ატომური იარაღით განადგურების შიში ჰქონდა“, ამბობს ექსპერტი.

გერმანელებს კარგად ახსოვთ წლები, როცა მათი ქვეყანა გაყოფილი იყო, დასავლეთი გერმანია - დამოკიდებული აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე: „ეს მოგონება ჯერ კიდევ ცოცხალია - შეხედულება, რომ გერმანია სუსტია და ვერ გაართმევს თავს რუსეთთან კონფრონტაციას. ეს შეხედულება ღრმად არის გამჯდარი პოლიტიკურ მენტალიტეტში“.

ულრიჰ შპეკიც სწორედ ომის შიშს მიიჩნევს მთავარ მიზეზად, რომელიც განაპირობებს რუსეთის მიმართ გერმანელების დანარჩენ ევროპელებზე უფრო ლმობიერ დამოკიდებულებას.

გერმანიის საზოგადოებაში სულ უფრო მეტი აცნობიერებს, რომ რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებს და საზოგადებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობს...
ანდრეას უმლანდი
რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს: გერმანელი მემარცხენეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ანტიამერიკული განწყობით და, შესაბამისად, იზიარებენ რუსეთის უკმაყოფილებას ცივი ომის შემდგომი, ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგით. მოსკოვის მიმართ სიმპათია აქვთ გერმანელ მემარჯვენეებსაც, თუმცა განსხვავებული მიზეზით: მათ იზიდავს რუსეთის სოციალური და რელიგიური კონსერვატიულობა.

ამას ყველაფერს ემატება რუსეთის დიდი ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. გაზეთმა „ველტმა“ 20 აპრილს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოყვანილია გერმანიის უშიშროების სამსახურის განცხადება, რომ „რუსეთის დაზვერვა ძალიან გააქტიურებულია და ცდილობს თანამშრომლობაზე დაიყოლიოს გერმანელი პოლიტიკოსების, ფონდების, სამინისტროების თანამშრომლები მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად“. ამავე სტატიის თანახმად, მოსკოვი პროპაგანდისტულ იერიშებს ახორციელებს ექსპერტების საშუალებითაც - ეს ხალხი, მაგალითად, გერმანიის წამყვანი ტელეარხების გადაცემებში მონაწილეობისას, ასაბუთებს პუტინის სტრატეგიის მართებულობას.

მოსკოვის პროპაგანდისტულ ძალისხმევას აშუქებს ყოველკვირეული ჟურნალი „შპიგელიც“. ის 30 მაისს წერდა საინფორმაციო სააგენტო „რუპტლის“ შესახებ, რომელსაც დიდებული ოფისი აქვს ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგთან. „რუპტლის“ ხელმძღვანელი ივან როდიონოვი ისე ლაპარაკობს, თითქოს პუტინის პრესმდივანი იყოს და არა ჟურნალისტიო, - უკვირს „შპიგელში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს.

ანდრეას უმლანდი - გერმანელი ექსპერტი, რომლის მოსაზრებაც უკვე გაგაცანით, ფიქრობს, რომ გერმანიაში რუსეთის მასიური პროპაგანდა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს: „გერმანიის საზოგადოებაში სულ უფრო მეტი აცნობიერებს, რომ რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებს და საზოგადებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებს შორის, ვფიქრობ, ბოლო კვირებში იზრდება რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება“.