უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ

განვლილი კვირის მანძილზე უცხოეთის, ფაქტობრივად, ყველა წამყვანი გამოცემა აშუქებდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს.
შესაბამისად, ბოლო დღეებში არაერთხელ შემოგთავაზეთ დასავლეთის პრესის მიმოხილვა. შევჩერდებით სტატიებზე, რომლებიც 21 მაისის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა.
ჯერ რამდენიმე სტატიის სათაურები: ჟურნალი “ეკონომისტი” - “მიშას გამოცდა”; გაზეთი “ნიუ იორკ ტაიმსი” - “საქართველოს მმართველი პარტია ძალაუფლებას იმტკიცებს”; გაზეთი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” - “საქართველოს მთავრობა მოულოდნელად დამაჯერებლად იმარჯვებს”; “აირიშ ტაიმსი” - “საქართველოს პრეზიდენტის გამარჯვება ზეწოლის თანხლებით”; “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” - “ქვეყნის მართვა დამაჯერებლობის გარეშე”.

ყველა ამ, ისევე როგორც დანარჩენ სტატიებში, ბუნებრივია, მოჰყავთ ინფორმაცია საქართველოში არჩევნების წამყვან მონაწილეებზე, არჩევნების წინასწარ შედეგებზე, კენჭისყრის შესახებ გამოთქმულ შეფასებებზე. ასახულია ბოლოდროინდელი პოლიტიკური კონტექსტი - იქნება ეს რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობა, ნატოსთან დაახლოებისაკენ სწრაფვა, თუ ნოემბერში თბილისში დარბეული მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც (ფაქტობრივად, ყველა სტატიაში გამოთქმული შეფასებით) ზიანი მიაყენა საქართველოს ლიდერის დემოკრატიულ იმიჯს.

ახლა კი ცალკეული სტატიების შესახებ.

მიუნხენში გამომავალი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი”, გარდა საქართველოში მივლინებული კორესპონდენტის რეპორტაჟისა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავს, აქვეყნებს კომენტარს. კომენტარი კი ასე იწყება: “პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთგვარი ფენომენია: დასავლური, ახალგაზრდული ფასადის მიღმა მოქმედებს ისეთივე ავტორიტარული მექანიზმები, როგორსაც მეზობელი ქვეყნებიდან ვიცნობთ; მიყრუებულ სოფლებში წააწყდები ინგლისურ წარწერებს მაღაზიებზე, რომლებშიც ხშირად ყველაზე საჭირო რამესაც კი ვერ მიაგნებ; პრეზიდენტი სააკაშვილი დასავლეთზე ოცნებობს, მაგრამ მისი ავტორიტარული მიდრეკილებები ნალკებად ესადაგება ნატოს და კიდევ უფრო ნაკლებად - ევროკავშირს”.

ამ დროს სააკაშვილმა ბევრს მიაღწიაო, - განაგრძობს “ზიუდდოიჩე ცაიტუნგის” კომენტარის ავტორი და მიღწევების რიგში ჩამოთვლის ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების აღდგენას, კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, ზოგადად - ქვეყნის ფეხზე დაყენებას. “მაგრამ ეს მან მარტომ გააკეთაო”, ვკითხულობთ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში”: “რას არგებს პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა, თუ ადამიანებს მისი არ სჯერათ? ცხადია, ამჯერად ნაკლები დარღვევა იყო, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. საქართველო რუსეთი არ არის. მაგრამ ეს ერთ ეტაპზე გამარჯვებას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს პათეტიკური ჟესტები კი არ სჭირდება, არამედ მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ დიდ საზოგადოებრივ ცვლილებებს ფართო მხარდაჭერა ესაჭიროება. ძალით განხორციელებულ რეფორმებს ფასი არა აქვს”.

შვეიცარიის “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” კი “მოულოდნელს” უწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის ესოდენ დამაჯერებელ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი უპირატესობით გამარჯვებას, თორემ ის, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ხმების მოპოვება ძნელი იქნებოდა, იმთავითვე ცხადი იყოო, - ვკითხულობთ სტატიაში. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მმართველ პარტიას, კარგი შედეგის მისაღწევად ოპოზიციაზე გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდა, რითაც ისარგებლა კიდეც. საარჩევნო კამპანიის დახვეწაზე ამერიკელმა მრჩევლებმა იზრუნეს. შეძლებული მეწარმეები ფულის მოსაპოვებელ წყაროდ გამოიყენეს, კანდიდატებად გადაიბირეს. თუმცა, მთლიანობაში, წინასწარი ვარაუდებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხმების, დაახლოებით, 50 პროცენტის მოპოვებას თუ მოელოდნენ”.

ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც ცნობილია, მეტი ხმა მიიღო: 60-მდე პროცენტი, რაც, “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში” გამოთქმული შეფასებით, ხელისუფლებამ არ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობის კმაყოფილების გამოხატულებად. საქმეს უფრო ისეთი პირი უჩანს, რომ გამარჯვების მიზეზი იყო მმართველი პარტიის მიერ კარგად შემზადებული საარჩევნო გარემო და დამაჯერებელი ალტერნატივის უქონლობაო - ასე ფიქრობს შვეიცარიის წამყვანი გერმანულენოვან გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ავტორი.

ახლა ბრიტანეთის ყოველკვირეულ ჟურნალ “ეკონომისტის” პუბლიკაციის შესახებ. სტატია ასე იწყება: “თუ რუსეთის სურვილი იყო საქართველოსთვის ხელის შეწყობა ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების გამართლებაში, ეკონომიკის განმტკიცებასა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობაში - მან ამ მიზანს მიაღწია. საპარლამენტო არჩევნები კავკასიის მომცრო ქვეყანაში, რომელშიც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩვეულებრივ არ გამოიწვევდა ასეთ ინტერესს. მაგრამ რუსეთის იარაღის ჟღარუნმა 21 მაისის კენჭისყრა დიდ საერთაშორისო მოვლენად აქცია”.

როგორც ამ ციტატითაც ჩანს, “ეკონომისტის” სტატია, უწინარეს ყოვლისა, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას ეხება. ავტორი წერს ბოლო წლების დაძაბულობაზე, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიმოხილვის შემდეგ კი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოს მომავალი ისევე იქნება დამოკიდებული რუსეთზე, როგორც საკუთარ ძალისხმევაზე. “ქართველების აზრით, ვითარების განმუხტვის ერთადერთი გზაა საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის დაწყება - ამ იდეას რუსეთი ენერგიულ წინააღმდეგობას უწევს (...) სინამდვილეში, რუსები უკვე დიდი ხანია აღარ არიან მშვიდობისდამცველები, მიკერძოებული არიან კონფლიქტში, რომელიც ისევე ეხება ნატოს, ამერიკასა და ევროპას, როგორც აფხაზეთს.”

აფხაზეთის კონფლიქტს უძღვნის ვრცელ სტატიას “ნიუ იორკ ტაიმსი”. გაზეთის კორესპონდენტი სოხუმში იყო მივლინებული და რეპორტაჟის დასაწყისშივე მოჰყავს ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, რომ მიმდინარეობს დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის მიზანიც დაძაბულობის განმუხტვა და მოლაპარაკების დაწყებაა. ამჟამინდელი დაძაბულობის საილუსტრაციოდ “ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდეტს მოჰყავს აფხაზეთში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის და შეიარაღების გაზრდა, ქართული უპილოტო თვითმფრინავების ფრენა, სროლა ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს.

მეორე მხრივ, სტატიაში დაიწვრილებით აისახა ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა: მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას ვიზიტი 10 მაისს აფხაზეთში, რასაც 11 მაისს აფხაზეთშივე ირაკლი ალასანიას - გაეროში საქართველოს ელჩის - ჩასვლა მოჰყვა. სტატიაში როგორც ვკითხულობთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დანიელ ფრიდმა “ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ სოხუმში ირაკლი ალასანიას ვიზიტის შემდეგ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გაჩნდა შანსი, “მხარეებმა უკან მოიტოვონ საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი, როცა სამშვიდობო პროცესი სულს ღაფავდა”.
ასე ასრულებს 22 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას “ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტი, მომდევნო დღეს კი მკითხველს სთავაზობს კიდევ ერთ სტატიას საქართველოზე - ამჯერად, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მასობრივ დარღვევებზე ლაპარაკობს - როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ისე კენჭისყრის დროს - და პირობას დებს, რომ არ შეურიგდება ასეთი არჩევნების შედეგებს. ამ სტატიის გამოქვეყნებისას ჯერ არ იყო ცნობილი, რომ ოპოზიციონერებმა, პროტესტის ნიშნად, უარიც კი თქვეს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე...