უზბეკეთის ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიან მისიონერებს

უზბეკეთში რამდენიმე დღის წინ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს გავლენიანი პირების შეხედულებებს უზბეკეთში მისიონერთა საქმიანობაზე.
ხელისუფლების წევრების, პოლიტიკისა და რელიგიის ექსპერტების, აგრეთვე მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლების შეხედულებები, რომლებიც მოჰყავთ ფილმში სახელწოდებით “უმეცრების ტყვეობაში”, კრიტიკულია და მიმართულია, მაგალითად, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ.

დოკუმენტურ ფილმში იეჰოვას მოწმეების გარდა დაგმობილია, მაგალითად, “ქრისტიანული სახარების ეკლესიისა” და “ბლაგოდატის” საქმიანობა, რომელიც, როგორც ფილმში ირწმუნებიან, წარმოადგენს “გლობალურ პრობლემას რელიგიურ დოგმატიზმთან, ფუნდამენტალიზმთან, ტერორიზმთან და ნარკომანიასთან ერთად.”

ამ შეფასებას იზიარებს, მაგალითად, იასურ ნაჯმიდდინოვი, უზბეკეთის ისლამურ უნივერსიტეტში მოღვაწე თეოლოგი. ფილმში ის ირწმუნება, რომ ქრისტიანი მისიონერები - უწინარეს ყოვლისა, პროტესტანტები - პოლიტიკურ იარაღად არიან ქცეული და გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობენ, ყველას აქვს კავშირი შეერთებულ შტატებთან. “ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ პროტესტანტული მოძრაობის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ნარინჯისფერ რევოლუციაში უკრაინაშიო”, ამბობს ნაჯმიდინოვი, რომელსაც თავისი დამოკიდებულება არც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაუმალავს.

უზბეკი თეოლოგის რწმენით, ქრისტიანი მისიონერების მოძრაობა “ფარული საფრთხეა” უზბეკური საზოგადოებისთვის, მისიონერები ქმნიან ისეთივე საფრთხეს, როგორსაც ტერორისტები, ან ნარკოტიკებით მოვაჭრეები. [ნაჯმიდინოვის ხმა] “მისიონერების საქმიანობას, შესაძლოა, ჩავარდნები მოჰყვეს ჩვენს საზოგადოებაში. თუ უზბეკური ოჯახის წევრი - ჩვენი, ან ჩვენი ნათესავის ოჯახის წევრი - რელიგიას გამოიცვლის, ოჯახი ამას არ შეურიგდება”.

დოკუმენტურ ფილმში “უმეცრების ტყვეობაში” ნაჩვენებია ლოცვის სცენებიც, რასაც გასდევს ტექსტი, რომ ადამიანს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო - მაშასადამე ისლამს უღალატა - არც ის გაუჭირდება, რომ თავის სამშობლოს უღალატოს.

უზბეკეთის კანონები კრძალავს, ზოგადად, მისიონერთა საქმიანობას, დაურეგისტრირებელ რელიგიურ ჯგუფებს, ისევე როგორც სათანადო ნებართვის გარეშე დაბეჭდილ რელიგიურ ლიტერატურას.

უფლებადამცავი ორგანიზაციების, მათ შორის ნორვეგიაში დაფუძნებულ ორგანიზაცია “ფორუმი 18”-თვის ცნობილია, რომ უზბეკეთში ბოლო წლებში სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს მიმართავენ რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ. ეს მოიცავს პოლიციის რეიდებს ბინებში, მორწმუნეების დაპატიმრებას, უცხელების დეპორტაციას...

როგორც დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი, მისიონერები უცხოეთში იღებენ ფულს, რათა ძირი გამოუთხარონ უზბეკი ხალხის ისლამურ რწმენასა და ფასეულობებს. თუმცა ეს ბრალდება ბევრი უზბეკისთვის ცინიკურად ჟღერს. საქმე ის არის, რომ. როგორც უფლებადამცველები ირწმუნებიან, რეპრესიებს მუსლიმებიც განიცდიან - ხელისუფლებას ასობით მუსლიმანი ჰყავს დაპატიმრებული მარტო იმის გამო, რომ რელიგიურ რიტუალებს ასრულებენ ისეთ ადგილებში, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული. ამ მორწმუნეებს ხელისუფლება “ექსტრემისტებს” უწოდებს.

ახლა ის უკვე ქრისტიანი მისიონერების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს: უზბეკი ოფიციალური პირები კი მისიონერად მიიჩნევენ ყველას, ვისაც შინ თუნდაც ორი ბიბლია აქვს...