ევროკავშირი კოსოვოს შეზღუდულ დამოუკიდებლობას ემხრობა

სერბიის პროვინცია კოსოვო
დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად ემზადება. ბოლოხანს ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ნაბიჯს, სერბიისა და რუსეთის წინაღამდეგობის მიუხედავად, ემხრობიან დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ აშშ და ევროკავშირის რამდენიმე წევრი. თუმცა, რაც შეეხება ევროკავშირის საერთო პოზიციას - ის განსხვავებულია.

ევროკავშირი ცდილობს კოსოვოს ლიდერების დაყოლიებას, დასჯერდნენ სერბიისაგან არა სრულ, არამედ შეზღუდულ დამოუკიდებლობას.

[იანსას ხმა] “როცა ვლაპარაკობთ კოსოვოს მომავალ სტატუსზე, არა მგონია იგულისხმებოდეს სრული დამოუკიდებლობა. ჩვენ არ ვაგზავნით ევროპაში უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიას სრულიად დამოუკიდებელ ქვეყანაში, სუვერენულ სახელმწიფოში”. ეს სიტყვები ორშაბათს წარმოთქვა სლოვენიის - ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანსამ.

მან ევროპაში უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისია ახსენა - საქმე ეხება 2000-კაციან მისიას სამართლის ექსპერტებისა და სამართალდამცველების შემადგენლობით, რომელსაც ევროკავშირი კოსოვოში გააგზავნის. კოსოვოსვე ევროკავშირი მიაწვდის ფინანსურ დახმარებას, რის სანაცვლოდაც სერბიის პროვინცია შეზღუდულ დამოუკიდებლობას უნდა დასჯერდეს.

ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა და, როგორც სლოვენიის დედაქალაქში ჩვენი რადიოს სპეციალური კორეპსონდენტი აჰტო ლობიაკასი აღნიშნავს, კოსოვოს ძლიერი დამოკიდებულება ევროკავშირზე, მას უთუოდ გაათვალისწინებს ბრიუსელის პოზიციას.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სერბიის ამ პროვინციაში განთავსებულია ნატოს 16 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს სტაბილურობას რეგიონში.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანსას გუშინდელი განცხადებით, ევროკავშირის სურვილია, დაასრულოს სტაბილიზაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა - როგორც სერბიასთან ისე კოსოვოსთან. ეს დოკუმენტი კი, ჩვეულებრივ, ევროკავშირში გაწევრიანების წინა საფეხურია. ბრიუსელი, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ კოსოვოსთვის სერბიასთან ერთად ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მას დაარწმუნებს, რომ აუცილებელი არ არის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

როგორც ადრეც არაერთხელ გვითქვამს, კოსოვოს სრულ დამოუკიდებლობას ევროკავშირში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს - უწინაერს ყოვლისა კვიპროსი, რომელიც შიშობს, რომ კოსოვოს ნაბიჯს პრეცენდენტად გამოიყენებს კვიპროსის ჩრდილოეთი, თურქების მიერ კონტროლირებადი ნაწილი.

მაგრამ, მეორე მხრივ, არის ერთი რამ, რასაც კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა წევრი აღიარებს: შეუძლებელია, ძალაში დარჩეს კოსოვოს ამჟამინდელი სტატუსი სერბიის შემადგენლობაში. და კიდევ ერთი ასპექტი: როგორც ჩანს, შეუძლებელია კოსოვოს საკითხის მოგვარება ისე, რომ კმაყოფილი დარჩნენ ბელგრადიც და კოსოვოელი ეთნიკური ალბანელებიც. ამიტომ ევროკავშირი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანსას თქმით, იდეალური გამოსავლის მიგნებას არ მოელის, თითქმის იდეალურზეც თანახმაა - თან აცნობიერებს, რომ მალე უნდა მიაკვლიოს ამ გამოსავალს. სხვაგვარად რეგიონს დესტაბილიზაციის საფრთხე ემუქრება.

იანსას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ევროკავშირი პოზიციის შერბილებაზე დაიყოლიოს სერბია, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას. ამჟამინდელი პოზიცია, ირწმუნება იანსა, არ შეესაბამება სერბი ხალხის ინტერესებს: [იანსას ხმა] “არა მგონია, რომ ალტერნატივა, რომელიც ხელოვნურად წამოაყენა ზოგმა პოლიტკოსმა სერბიაში - იმის თქმით, რომ კოსოვოს არ გავცვლით ევროკავშირში, სერბიის ევროპულ პერსპექტივაშიო - არა მგონია, ეს მართლაც ალტერნატივა იყოს. და ეს არ შედის სერბი ხალხის ინტერესებში”.

იანსა მაინც ოპტიმისტურად განწყობილი ჩანს: როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, ლიუბლიანაში შეკრებილ ჟურნალისტებთან საუბარში სლოვენიის პერმიერ-მინისტრმა იხუმრა - რთული მოლაპარაკებები ბალკანეთისთვის უცხო ხილი არ არისო. მისი ვარაუდით, სულ რაღაც ერთ წელიწადში, სერბებს, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ კოსოვოს დაკარგვის საკითხისადმი. პოლიტიკურ ელიტაში შესაძლოა ბევრი არაფერი შეიცვალს, მაგრამ ხალხში - კი.

ასეა თუ ისე, ევროკავშირის წინაშე რთული ამოცანა დგას: რადგან, როგორც უნდა მოგვარდეს კოსოვოს სტატუსი, დესტაბილიზაციის საფრთხე თავდაპირველად მაინც იარსებებს. ევროკავშირს ახალ ევროპაში დიდი სიფრთხილე და სიმტკიცე ჰმართებსო, ამბობს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.