მიანმარის მმართველი რეჟიმი ამკაცრებს ზომებს საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დგას ქვეყანა, რომლის შესახებაც ჩვეულებრივ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება ხოლმე:
ბირმა, მას მიანმარადაც მოიხსენიებენ. სახელწოდება “მიანმარი” 1989 წელს შემოიღო სამხედრო რეჟიმმა, რომელიც დღემდე მართავს ამ ქვეყანას. უცხოელ ჟურნალისტებს მიანმარში არ უშვებენ, რის გამოც მთელი ინფორმაცია ამჟამინდელ საპროტესტო გამოსვლებზე ადგილობრივი წყაროების მიერ ვრცელდება, უმეტესწილად ინტერნეტის მეშვეობით. ეს წყაროები კი იტყობინებიან, რომ სამხედრო რეჟიმი სულ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დედაქალქ რანგუნის ცენტრში დღევანდელ დემონსტრაციას, რომელსაც ისევ ბუდისტი ბერები ედგნენ სათავეში, ძალადობა ახლდა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” რანგუნის საავადმყოფოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი, დაჭრილია 5 ადამიანი. ბირმელი დისიდენტების ნორვეგიაში დაფუძნებული რადიოს ცნობით, მოკლული დემონსტრანტი არის ბუდისტი ბერი, რამდენიმე ბერი კი დაჭრილია. იუწყებიან აგრეთვე, რომ უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრაციის დასაშლელად, იყო ჰაერში გამაფრთხილებელი სროლაც.

თვითმხილველები როგორც იუწყებიან, ბევრი დემონსტრანტი პოლიციის მანქანებით წაიყვანეს. დაკავებულებს შორის არის მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალების რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელიც - მათ შორის ერთი პოეტი და ორი მსახიობი. ეს სამი ადამიანი ხელმძღვანელობდა საგანგებო კომიტეტს, რომელიც დემონსტრანტი ბერების საკვებით და საჭირო ნივთებით მომარაგებაზე ზრუნავს. იმასაც იუწყებიან, რომ ათასობით ბირმელმა შეძახილებით გამოხატა მხარდაჭერა ბუდისტი ბერებისადმი, რომელთაც, პოლიციის წინაღამდეგობის მიუხედავად, არ შეუწყვეტიათ საპროტესტო სვლა დედაქალაქის ცენტრში. [დემონსტრანტებისა და ბუდისტი ბერის ხმები]

დღევანდელი დემონსტრაცია გაიმართა მმართველი სამხედრო რეჟიმის მიერ ღამით კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, გაიმართა საჯარო თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად. თუმცა, რაც დრო გადის და დემონსტრანტების წინააღმდეგ სულ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავენ, სულ უფრო რეალური ჩანს საფრთხე, რომ მმართველი რეჟიმი, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ოპერაციას ამზადებდეს საპროტესტო მოძრაობის მონაწილეების წინააღმდეგ, როგორც ეს 1988 წელს მოხდა. მაშინ, დემოკრატიზაციის მომხრეების მოძრაობის ჩახშობისას, 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დააპატიმრეს ათასობით ადამიანი, მათ შორის დემოკრატიული ძალების ლიდერი ანგ სან სუ კი, რომელსაც მოგვიანებით, 1991 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. 19 წელი ამ დისიდენტს თითქმის მთლიანად საშინაო პატიმრობაში აქვს გატარებული.

წეღან ითქვა, რომ მიანმარი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეული. ეს რომ მართლაც ასეა, გაეროს გენერალური ასამბლეის ამჟამინდელ სესიაზეც ჩანს: ამ დღეებში მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა მოუწოდა მიანმარის მმართველ რეჟიმს, არ გაიმეოროს 1988 წლის ძალადობა. აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალური ასამბლეის წინაშე გუშინდელ გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა მიანმარის სამხედრო რეჟიმი და მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ილაპარაკა.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ამერიკელები აღშფოთებულები არიან ბირმაში შექმნილი ვითარებით. იქ სამხედრო ხუნტამ შიშის 19-წლიანი რეჟიმი შემოიღო. სიტყვის, თავშეყრისა და რელიგიის ფუნდამენტური უფლებები მკაცრად არის შეზღუდული”.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამ განცხადებით გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გუშინ გამოვიდა. მიანმარში შექმნილ ვითარებას შეეხო კიდევ რამდენიმე გამომსვლელი, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.