ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებით ვაჭრობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში
სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების სიაშია შეტანილი, რომლებსაც ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის გამო ეკონომიკური სანქციები ემუქრება, ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს, რომ ტრეფიკინგის პრობლემის გამო საქართველოს მიმართ დამსჯელი ზომების ამოქმედება უსამართლო იქნება. ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური სანქციები ტრეფიკინგის პრობლემის გამო?

დასაწყისში ჩამოვთვლით სახელმწიფოებს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, ტრეფიკინგის პრობლემის გამო ეკონომიკური სანქციები ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომლის შინაარსიც 12 ივნისს გახმაურდა, ესენია: ბელიზი, ბოსნია- ჰერცოგოვინა, ბირმა, კუბა, საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, თურქეთი, უზბეკეთი და ასე შემდეგ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანებით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის, პრობლემის გამო დასჯა, ესე იგი ეკონომიკური სანქციების ამოქმედება, მესამე რიგის სახელმწიფოებს ემუქრება - სახელმწიფოებს, სადაც თითქმის არაფერი კეთდება ადამიანებით ვაჭრობის აღსაკვეთად. საქართველოს ასეთ სახელმწიფოთა ჩამონათვალში მოხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალზე მტკივნეულად აღიქვეს და მას უსამართლოც კი უწოდეს. აი, როგორი იყო ყველაფერ ამაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რუსუდან ბერიძის რეაქცია:

[რუსუდან ბერიძის ხმა] "ჩვენ გაცილებით მწვავე სხვა პრობლემებიც გვაქვს და ტრეფიკინგი არ არის ჩვენთვის არც ნომერ პირველი, არც ნომერ მეორე და არც ნომერ მესამე პრობლემა, ისე, როგორც მესამე რიგის ქვეყნებში ჩაგვწერეს. "

რუსუდან ბერიძემ ეს შეხედულება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისასაც გამოხატა. მათაც აუხსნა, რომ ტრეფიკინგი არ არის საქართველოსთვის ნომერ პირველი, ნომერ მეორე ან მესამე პრობლემა და ამის გამო დასასჯელ სახელმწიფოდ მისი განხილვა არასწორია. ჩვენთან საუბრისას იგივე გაიმეორა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა. მისთვის უცნობია, რა წყაროზე დაყრდნობით მოაქციეს საქართველო, ადამიანთა ვაჭრობის პრობლემის თვალსაზრისით, მესამე კატეგორიის სახელმწიფოების ნუსხაში, რადგან, როგორც ნანა დევდარიანი განმარტავს: " არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა და ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია არ გამოუთხოვიათ." ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს დასასჯელ სახელმწიფოთა სიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ ჟურნალისტები შეკრიბა და განუცხადა:

[კახა იმნაძის ხმა] "სანქციებზე საუბარია მესამე კატეგორიის ქვეყნების მიმართ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებშიც ამ პრობლემის დასაძლევად არაფერი გაკეთებულა და არც კეთდება. საქართველოზე ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება და, თუ გულდასმით წაიკითხავთ ამ დოკუმენტს, რომელიც აბსოლუტურად ღია დოკუმენტია, თქვენ იქ ამას აუცილებლად ამოიკითხავთ. "

როგორც ჩანს, კახა იმნაძემ მის მიერ ნახსენებ დოკუმენტში ადამიანთა ვაჭრობის პრობლემის თვალსაზრისით ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში არსებული მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2002 წლის ანგარიში იგულისხმა. მასში საქართველო, მართლაც, მეორე კატეგორიის ქვეყნებში არის მოხსენიებული და ნათქვამია: " საქართველო წარმოადგენს წყარო ქვეყანას, უმეტეს შემთხვევაში, თურქეთის და საბერძნეთის მიმართულებით ქალების ტრანზიტისთვის, ამ უკანასკნელთა სექსუალური ექსპლუატაციის ან შინა მოსამსახურეებად გამოყენების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება, საერთო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის აღკვეთას, თუმცა იჩენს ძალისხმევას ამ მიმართულებით - გამოხატავს მზადყოფნას იბრძოლოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ არ ჰყოფნის ფინანსური რესურსები შესაბამისი პროექტების დასაფინანსებლად." ასეთი, მეტ-ნაკლებად რბილი, შეფასების შემდეგ ტრეფიკინგის პრობლემის გამო საქართველოს მიმართ სიმკაცრეს ავლენენ. თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ამბობს:

[ნანა დევდარიანის ხმა] "ბოლო წლებში შედარებით გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე და იმ ნაკადმა, რომელიც საქართველოდან თურქეთში მიდიოდა, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაინაცვლა, რადგან იქიდან მათთვის უფრო იოლია გასვლა. ფაქტები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, პირველ რიგში, საზოგადოებასთან უნდა ვიმუშაოთ."


"ტრეფიკინგი ტრანსნაციონალური დანაშაულია და მასთან საბრძოლველად რომელიმე ქვეყნის ეკონომიკური სანქციებით დასჯა არ გამოდგება,"- ასე ფიქრობს საქართველოს სახალხო დამცველი. მისი თქმით, ამ დანაშაულში, მინიმუმ, სამი მხარე, სამი ქვეყანა მაინც მონაწილეობს. ასეთი დანაშაულის არსებობის გამო კი საქართველოს მოქალაქეები -და არა მარტო ქალები - სხვადასხვა სახის ექსპლუატაციას სხვადასხვა ქვეყნებში განიცდიან, ისეთ ქვეყნებშიც, რომლებსაც მძლავრი საემიგრაციო სამსახურები აქვთ და, წესით, უნდა უზრუნველყოფდნენ კიდეც ადამიანთა დაცვას ტრეფიკინგისგან.