ბლოკი "ახალი საქართველო" და ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე ძველი ძალების ახალ საარჩევნო ბლოკს უდგება სათავეში. ძველი ძალების გაერთიანებას კი "ახალი საქართველო" ჰქვია. ის "მოქალაქეთა კავშირის", "სოციალისტური პარტიისა" და
რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის აკაკი ჩხაიძის მიერ დაფუძნებული "დიდი აბრეშუმის გზის" საარჩევნო ბლოკია. პრეზიდენტის სახელი და ავტორიტეტი საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ამ გაერთიანებისთვის იმუშავებს. არადა, ედუარდ შევარდნაძე ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტობის ვადის მიწურულს საარჩევნო პროცესებში აღარ ჩაერეოდა. რატომ შეცვალა მან დაპირება და რას გვპირდება "ახალი საქართველო"?


ბლოკი "ახალი საქართველო" საარჩევნო პროგრამას უახლოეს თვეებში შეიმუშავებს და მას საფუძვლად დაუდებს საქართველოს პარლამენტისა და ხალხისადმი პრეზიდენტის მიმართვის ძირითად დებულებებს. "ახალი პროექტი ახალი საქართველოსთვის" ასე ერქვა ამ მიმართვას და, ცხადია, "მოქალაქეთა კავშირის", "სოციალისტური პარტიისა" და "დიდი აბრეშუმის გზის" ერთობის საარჩევნო ლოზუნგიც ახალი საქართველოს შენებისკენ მოწოდება იქნება. სხვა საკითხია, რას შესთავაზებს საქართველოს ახალს ახალი გაერთიანება. ედუარდ შევარდნაძის მინიშნებით, რომელიც მის ორშაბათის ტრადიციულ გამოსვლაში გაკეთდა, "ახალი საქართველო" ქვეყნის დღევანდელი სახელმწიფოებრივი კურსის შენარჩუნებას, ეკონომიკური რეფორმის განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელფასების ზრდას, კრიმინალის აღმოფხვრას, დიდი აბრეშუმის გზის პროექტის გაგრძელებას, კორუფციის დამარცხებას და, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაგვპირდება. ამ ყველაფერს კი, საქართველოს მოსახლეობას არა ერთხელ შეჰპირებია, ცალკე, "მოქალაქეთა კავშირი", რომელიც ბოლომდე პრეზიდენტის პარტიად დარჩა, ცალკე, თავად პრეზიდენტი. ეს არის, რომ საარჩევნო დაპირებებს შორის პირველ ადგილზე ხან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ხან მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის, ხანაც ეკონომიკისკენ შემობრუნის დაპირება იდგა.
რა გახდება "ახალი საქართველოს" ნომერი პირველი დაპირება, ამაზე საინტერესო ის არის, რომ, მიუხედავად ადგილობრივ არჩევნებში "მოქალაქეთა კავშირის" მიერ განცდილი მარცხისა, ედუარდ შევარდნაძეს საპარლამენტო არჩევნებში ახალი ბლოკის შთამბეჭდავი გამარჯვების იმედი აქვს, თანაც, პატიოსანი გამარჯვებისა, და ისიც, პრეზიდენტიც, იბრძოლებს ასეთი გამარჯვების მოპოვებისათვის. ედუარდ შევარდნაძეს საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვა საქართველოს პროდასავლური კურსისთვის მყარი გარანტიების შექმნის სურვილმა უკარნახა და, როგორც ჩანს, ამ გარანტიების ბაზისად მან "მოქალაქეთა კავშირი", "სოციალიტური პარტია" და აკაკი ჩხაიძის "დიდი აბრეშუმის გზა" დასახა. ამ დროს, არც ერთი აღიქმება პროდასავლურ ძალად, არც მეორე და, მით უმეტეს, არც მესამე. ასეა თუ ისე, არის შანსი, ბლოკში "ახალი საქართველო" ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ძალა გამოჩნდეს. ირაკლი წერეთელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, მაგრამ ფინანსური პრობლემა აწუხებს. აი, რას ფიქრობდა "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის" თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ, ჯორჯ ბუშისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსების პრეზენტაციის შემდეგ:

[ირაკლი წერეთლის ხმა] "მე ვფიქრობ, კენჭი ვიყარო ჭიათურის რაიონში და, თუ შევაბი აკაკი ჩხაიძე, მასთან ერთად გავაკეთო ბლოკი. ალბათ, ეს გაკეთდება."

სახელმწიფო მინისტრი განაგრძობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს, რათა ბლოკი "ახალი საქართველო" ასე ერთფეროვანი არ დარჩეს. აქვე განვმარტავთ, რომ, ედუარდ შევარდნაძის თქმით, "ახალ საქართველოს" უცხოელი იმიჯმეიკერების დახმარება არ დასჭირდება.