რაზე შეთანხმდნენ შევარდნაძე და პუტინი და არსებობს თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის გადაუჭრელი პრობლემები

“საჭირო შეხვედრა საჭირო მომენტში” – ძალიან მოკლედ ასე შეაფასა ედუარდ შევარდნაძემ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა და საკმაოდ ბუნდოვანი შედეგებით დასრულდა.
მართალია, პუტინთან შეხვედრამ შევარდნაძე დაარწმუნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთის პრობლემა სწორედ ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა, პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრაზე კი ამ პრობლემის გადაჭრის მექნიზმები ისევ არ გამოკვეთილა.
აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება.

ედუარდ შევარდნაძემ კიევში ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული სამი პირობა წაიღო. საქართველოს პრეზიდენტს თავისი რუსი კოლეგისთვის აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალის გაფართოება, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გაუქმება და აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგების შეჩერება უნდა მოეთხოვა, ამ მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში კი აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებაზე უარი უნდა ეთქვა. – ასეთი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს პოზიცია და თავად პრეზიდენტის პოზიციაც. კიევში ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი 2 კვირაში გადაწყდება. ედუარდ შევარდნაძის კომენტარით კი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა რუსეთი დაპირებას და შეწყვეტს თუ არა ის სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის მოქმედებას. მაგრამ სარკინიგზო ხაზის გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ერთ-ერთია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ პირობებს შორის.

კიევში გამართული შეხვედრების შემდეგ ბუნდოვანია რუსეთის რეაქცია აფხაზეთში უსაფრთხოების ზონის მდინარე ღალიძგამდე გაფართოების მოთხოვნაზე. აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების გავრცელების აღკევთის მოთხოვნაზე კი, ფაქტობრივად, უარია ნათქვამი. შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პუტინმა განმარტა, რომ ამ პროცესს მასობრივი სახე არ მიუღია და ჯერჯერობით მასობრივი ხასიათი მხოლოდ აფხაზეთიდან რუსეთის პასპორტების მიღების მსურველთა განცხადებებს აქვს. პუტინის სიტყვებით:“ რუსეთს არა აქვს უფლება რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს უარით უპასუხოს.1993-94 წლებში რუსეთს, დაახლოებით, 1 მილიონმა ქართველმა მიაშურა და 650 ათასმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. იმავეზე რატომ უნდა ვუთხრათ უარი აფხაზებს?”

რუსეთის პრეზიდენტის სხვა განცხადებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითი პასუხი არც სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის შეჩერების მოთხოვნას გასცემია.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა პუტინმა “ანტიკორუფციულ ღონისძიებად” მონათლა და თქვა, რომ რუსეთისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუ მოვაჭრეეები აფხაზეთიდან სოჭში ლეგალური გზით ჩავიდოდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სატრანსპორტო განშტოებების სომხეთის მიმართულებით გაფართოება ურჩია, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს დევნილთა დაბრუნების პარალელურად უნდა მოხდეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პუტინი სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების ბრძანებას გასცემს, მალე გაირკვევა. მანამდე კი შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრის რაიმე გარკვეულ შედეგებზე საუბარი უაზრობა იქნებოდა. თბილისში გამომგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტი კიევში ჯორჯ ბუშის მრჩეველსაც შეხვდა. ამ შეხვედრის მთავარი თემაც აფხაზეთი იყო. რა იქნება შემდეგ და რამდენად შეინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტი კიევში გამგზავრების წინ მიღებულ პოზიციას? ამ შეკითხვაზე პასუხი თითქმის უკვე ცნობილია. ედუარდ შევარდნაძემ არ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას, ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, რუსი მშვიდობისმყოფელები აფხაზეთში დარჩებიან.