რუსეთის გენშტაბის გეგმებს საქართველოში ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქვამენ და, მაინც, საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს

კოდორის ხეობაში ვითარების დაძაბვის მაუწყებელი პროგნოზები რომ უსაფუძველო არ არის, ამას 24 სექტემბრის ფაქტიც მოწმობს. ამ დღეს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თბილისში დაგეგმილი
ოფიციალური შეხვედრა გადადო და, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად, კოდორის ხეობაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, აფხაზეთის სვანეთის მიმართულებით აფხაზთა და რუს სამხედროთა კონცენტრაცია შეინიშნება და ამის მოტივად აფხაზეთის სიღრმეში ჩეჩენ ბოევიკთა გადასვლის აღკვეთა სახელდება. მე ვესაუბრე კოდორის ხეობაში მყოფ სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც ხაზგასმით განმარტა, რომ ხეობაში არც ერთი ბოევიკი არ იმყოფება და იქ ვითარება სტაბილურია. მოკლედ, საფრთხის არსებობის მიუხედავად, კოდორში ჯერჯერობით სიმშვიდეა და სიმშვიდეა თბილისშიც. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ გენშტაბის მზაკვრულ გეგმებს იქ ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქვამენ.


24 სექტემბერს დავით თევზაძე საქართველოში მყოფ საფრანგეთის დელეგაციას უნდა შეხვედროდა და საფრანგეთთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაეფორმებინა. ეს ღონისძიება არ შედგა. თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად, კოდორის ხეობაში გაემგზავრა. ავთანდილ ჯორბენაძემ ხეობის მოსახლეობას სურსათი ჩაუტანა; რაც შეეხება თევზაძეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობაში მისი წასვლა იქ უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარების მოთხოვნამ განაპირობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე კოდორის ხეობის ზედა ზოლისკენ შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეინიშნება. სოხუმი ირწმუნება, რომ პანკისის ხეობიდან გამოდევნილი ჩეჩნები თავს კოდორის ხეობაში იყრიან და იქიდან აფხაზეთის სიღრმეში შეჭრას შეეცდებიან. ავთანდილ ჯორბენაძე სეპარატისტთა გასაგონად აცხადებს, რომ ასეთ პრეტენზიას საფუძველი არ გააჩნია. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან განმარტა:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნებისმიერი გართულების შემთხვევაში უსაფრთხოება დაცული იყოს. მაგრამ ყველაზე მთავარს მინდა ხაზი გავუსვა: არავითარი შეიარაღებული დაჯგუფება, ჩეჩნური თუ სხვა წარმომავლობისა, აქ არ არსებობს. თავისუფალია ხეობა ყოველგვარი კრიმინალური ელემენტებისგან.”

ამაში სეპარატისტთა პრემიერის ანრი ჯერგენიას დარწმუნებას სახელმწიფო მინისტრი პარასკევს შეეცდება. ის ჯერგენიასთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. თუმცა, რამდენად შედეგიანი იქნება ეს საუბარი, ძნელი სათქმელია. სოხუმში სამდღიანი ვიზიტით რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის კონსტანტინ ზატულინის მეთაურობით. აფხაზთა მხარე არ მალავს, რომ მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია კოდორის ხეობაზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება. სოხუმი კოდორის ხეობის ზედა ზოლზე ღია პრეტენზიებს აცხადებს და რუსეთსაც აქვს შანსი ამ პრეტენზიას საკუთარი ინტერესები დაამთხვიოს. ავთანდილ ჯორბენაძის და დავით თევზაძის კოდორის ხეობაში ჩასვლაც მოსალოდნელ საფრთხეზე რეაგირებად უნდა განვიხილოთ. მათ სცადეს ეჩვენებინათ, რომ ხელისუფლება კოდორის მოსახლეობის გვერდითაა. სააგენტო “კავკასპრესმა” გაავრცელა ინფორმაცია კოდორის ხეობის დაცვის საიდუმლო გეგმის არსებობის შესახებ. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კი უწინდებური მონდომებით ავრცელებენ საქართველოში რუსეთის სამხედრო გეგმებს და მათ გენშტაბის ჩანაფიქრად მოიხსენიებენ. არსებითად, გამორიცხული არაფერია. რუსეთის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ხომ დაუფარავად აცხადებენ, რომ მზად არიან ბრძანების შესაბამისად იმოქმედონ, მაგრამ გენშტაბის გეგმებით გაჯერებული რუსული პრესა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გელა ბეჟუაშვილს აფიქრებინებს, რომ არც ისე წვიმს , როგორც ქუხს.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “თუ რამე რეალური აქვთ ჩაფიქრებული, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის საქართველოს, მაგრამ, რადგან პრესა არის აქტიურად ჩართული ამ გეგმების გაშუქებაში, მეჩვენება, რომ ეს არის საინფორმაციო პრესი საქართველოზე.”

მოკლედ, რუსეთის ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოზე არ ჭრის. ვნახოთ, რა იქნება შემდგომ.