ორაგული თუ შეღებილი კალმახი? - როცა ფერით გატყუებენ

როგორ ასაღებენ საქართველოში შეღებილ კალმახს ორაგულად და პიგმენტით გაწითლებულ ხიზილალას ორაგულის ხიზილალად.

ორი თვის წინ რადიო თავისუფლების გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ საქართველოში ადგილობრივი ქათმის ხორცი მეტწილად ქათმის საკვებში შერეული საღებავითაა გაყვითლებული.

გავარკვიეთ, რომ ქათამსა და კვერცხს ფერმერები კაროტინოიდებით - ბუნებრივი და ქიმიური საკვები საღებავებით აყვითლებდნენ და არა ბუნებრივი საკვებით - ყვითელი სიმინდით, როგორც მყიდველთა უმრავლესობას ეგონა.

ამჯერად რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მსგავსი რამ ხდება თევზის, უფრო ზუსტად კი, კალმახის მოშენებისას.

საქართველოში ხშირად ყიდიან კალმახს თვალშისაცემად ნარინჯისფერი ხორცით. ეს არ არის კალმახის ბუნებრივი ფერი და მიღწეულია თევზის პიგმენტირებული საკვებით. იმავენაირად იღებება ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალაც.

მყიდველს უმალავენ, რომ თევზის და ხიზილალის ფერი საკვები საღებავებით, პიგმენტებით, ხელოვნურადაა მიღწეული.

სარჩევი
შეღებილი კალმახი = ორაგულს?
“როგორ შეიძლება თხა ვირად გაყიდო?!”
არის თუ არა შეღებილი თევზი ჯანმრთელობისთვის საზიანო?
თევზის საკვები საქართველოში
მომხმარებლის უფლებები და ევროპული სტანდარტი


შეღებილი კალმახი = ორაგულს?

სარჩევზე დაბრუნება

ორაგულისებრთა ოჯახი თევზის 70-მდე სახეობას აერთიანებს, მათ შორისაა კალმახის და ორაგულის ათეულობით სახეობა.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს საკალმახეების დაახლოებით 98%-ში ცისარტყელა კალმახს (Rainbow trout) ამრავლებენ. ამ სახეობის კალმახი 5 კილომდე იზრდება, თევზს აქვს გამორჩეულად მუქი შავი ლაქები და გვერდით მთელ სიგრძეზე გასდევს მოვარდისფრო ან მოწითალო ხაზი - ამიტომაც ჰქვია ცისარტყელა კალმახი.

საქართველოში ამ სახეობის 200-დან 500 გრამამდე წონის კალმახს ყიდიან, როგორც “სუფრის თევზს”.

1-დან 5 კილომდე წონის თევზებს კი, როგორც “ორაგულს”.

მომცრო სუფრის კალმახს თეთრი ხორცი აქვს, დიდ კალმახს კი ხშირად - მუქი ნარინჯისფერი.
თევზის სახეობა ერთია, ხშირად ერთი და იმავე ფერმებშია მოშენებული.

ცისარტყელა კალმახი და მისი ხიზილალა

რატომ აქვთ განსხვავებული ფერი?

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კალმახს მუქ ნარინჯისფრად საკვებში შერეული პიგმენტი ღებავს.

შეღებილი ცისარტყელა კალმახის ხორცი და ხიზილალა

“კლიენტია მიჩვეული, რომ ხიზილალაც და თევზიც უნდა იყოს წითელი, ეს ჰგონიათ კარგი. ვაჭარი ეუბნება, ფერით ნახე, ორაგულიაო. ორაგულად აღიქვამენ, მაგრამ კალმახია.”

იმისთვის, რომ კალმახი ორაგულად გასაღდეს, საკვებ საღებავებს უმატებენ კვებისას.

“თევზის წონა როცა გახდება 300-350 გრამი, ვიწყებთ პიგმენტირებული საკვების მიცემას, 2-3 თვე სჭირდება თევზს ხორციც რომ გაუფერადდეს და ქვირითიც გაუწითლდეს, ზუსტი დრო უნდა იცოდე, როდიდან დაუწყო სპეციალური საკვების მიცემა“, - ეუბნება ერთ-ერთი მეკალმახე რადიო თავისუფლებას.

ასე კვებისას კალმახის ხორცი ემსგავსება ზღვის, ოკეანის ორაგულის ხორცს, მასზე მოთხოვნაც მეტია და ხშირად უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ცისარტყელა კალმახის “სუფრის თევზები”.

“კლიენტია მიჩვეული, რომ ხიზილალაც და თევზიც უნდა იყოს წითელი, ეს ჰგონიათ კარგი. ვაჭარი ეუბნება, ფერით ნახე, ორაგულიაო. ორაგულად აღიქვამენ, მაგრამ კალმახია”, - გვიხსნის კიდევ ერთი მეკალმახე, რომელიც გორის რაიონის სოფელ კარალეთში თევზს და ხიზილალას აშენებს და ბითუმად ჰყიდის.

მეკალმახეები გვიხსნიან, რომ პიგმენტიანი საკვები უფრო ძვირი ღირს, ზრდასაც ანელებს, მაგრამ კარგ ფერს იძლევა და ეფექტურიცაა და ეფექტიანიცო.

ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების მიზანი საღებავიანი საკვების გამოყენებისას თევზის სასაქონლო იერსახეა. რაც უფრო ნარინჯისფერია ცისარტყელა კალმახის ხორცი, მით უფრო ემსგავსება თავის ძვირიან ნათესავს, ზღვის/ოკეანის ორაგულს.
ასევეა ხიზილალის შემთხვევაშიც. კალმახის ქვირითი ბუნებრივად ღია ყვითელი ფერია, როცა სადედე თევზს პიგმენტირებულ საკვებს აჭმევენ, მისი ქვირითი წითლდება, საიდანაც მეტწილად იწარმოება ქართულ ბაზარზე პოპულარული ადგილობრივი წითელი ხიზილალა.

საკალმახე მეურნეობა

“როგორ შეიძლება თხა ვირად გაყიდო?!”

სარჩევზე დაბრუნება

კვების სპეციალისტებიც და მეკალმახეებიც ერთხმად გვეუბნებიან, რომ ცისარტყელა კალმახი და ზღვის/ოკეანის ორაგული განსხვავებული სახეობებია. ორივე კი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, მაგრამ მათი ხორცის და ხიზილალის სარგებლიანობა, კალორიულობა და ღირებულება განსხვავდება.

1 კგ ცისარტყელა კალმახი ქართულ ბაზარზე დაახლოებით 20-30 ლარი ღირს, 1 კგ ზღვის/ოკეანის ორაგული კი - 40 დან 100 ლარამდე.

ორაგულის ხორცი უფრო ცხიმიანი, წვნიანია და ითვლება, რომ უფრო გემრიელია. ორაგულს მაღალი ცხიმიანობა და ომეგა 3-ის ბევრად მაღალი შემცველობა კალმახთან შედარებით აძვირებს - ის “პრემიუმ კლასის” თევზად მიიჩნევა.

იგივეა ხიზილალის შემთხვევაშიც - ორაგულის ხიზილალა მეტად ძვირი პროდუქტია, ვიდრე ცისარტყელა კალმახის. ვიზუალურად მთავარი განმასხვავებელი მსხვილი მარცვლები და ბუნებრივად უფრო მუქი ფერია.

“ჩვენ რასაც ბაზარზე ორაგულს ვეძახით გადაზრდილ კალმახს, წითელხორციანს, ეს არაა სწორი, თუმცა ყველა ასე ეძახის. სურსათიც [სურსათის ეროვნული სააგენტო] ასე ეძახის, მომხმარებელიც... რომ არ აჭამონ პიგმენტირებული საკვები, ექნება თეთრი ფერი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფიკო დიასამიძე, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯის” ხელმძღვანელი. ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბით 65 თევზის მომშენებელია გაერთიანებული.

სოფიკოს 15-წლიანი გამოცდილება და საკუთარი საკალმახე აქვს. ის მხოლოდ ლიფსიტის გამოზრდაზე მუშაობს.

Your browser doesn’t support HTML5

სოფიკო დიასამიძე - ასოციაცია „ფორეჯის“ თავმჯდომარე


“ორაგული”, “ზღვის ორაგული”, “ცივი წყლის ორაგული”, “ორაგულის ხიზილალა” - ამ წარწერით სოციალურ ქსელში ათეულობით სარეკლამო პოსტი ქვეყნდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თევზსაშენიდან. შეთავაზებებს თან ახლავს ფოტოები, ვიდეოები. თევზის სახეობებში გარკვეული ადამიანები ამ ფოტო-ვიდეო კადრებით ადვილად ხვდებიან, რომ სინამდვილეში ხშირად ცისარტყელა კალმახი და მისი ხიზილალა იყიდება, ოღონდ ორაგულის დასახელებით.

შეღებილი ცისარტყელა კალმახი

გასაყიდად გამოტანილი ადგილობრივი წარმოების ორაგულისებრთა თევზის აბსოლუტური უმრავლესობა რომ ცისარტყელა კალმახია, ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი “ორაგულისებრთა” უდიდესი ნაწილი, თითქმის 99%, ცისარტყელა კალმახია.

2024 წელს საქართველოში დაახლოებით 1200 ტონა ორაგულისებრთა თევზი მოაშენეს, აქედან 98,75% ცისარტყელა კალმახი იყო.

ლიდერია შიდა ქართლის რეგიონი, ქვეყნის წარმოების 56%-ით.

ოფიციალური სტატისტიკით, შიდა ქართლში 2024 წელს მხოლოდ ცისარტყელა კალმახი აწარმოვეს, აქ ორაგულის წარმოება ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს.

ორაგულისებრთა და ცისარტყელა კალმახის წარმოება საქართველოში. წყარო: საქსტატი

ქართული საკალმახეების ათეულობით მფლობელი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ დიდი ზომის ცისარტყელა კალმახს ყიდიან როგორც ორაგულს, თუმცა ზოგიერთი მეთევზე თვლის, რომ მომხმარებელი არ უნდა მოტყუვდეს, ვინაიდან უნდა ხვდებოდეს, რომ “ცისარტყელა კალმახია რაც გვყავს, მაგრამ დიდებს ორაგულს ეძახიან”.

“ორაგულს ეძახიან, მაგრამ რეალურად ორაგულია თუ არა, მეც არ ვიცი. დიდები რომ გახდება, 3-4 კილო, ორაგულს ეძახიან და რამდენად არის ორაგული, ვერ გეტყვით”, - უთხრა კიდევ ერთმა მეკალმახემ რადიო თავისუფლებას.

განსხვავებული პასუხი აქვს შიდა ქართლში კალმახის კიდევ ერთ მომშენებელს: “ორაგულად არავინ არ ყიდის, კალმახს ორაგულად ვერ გაყიდი. როგორ შეიძლება თხა ვირად გაყიდო?! ელემენტარულია, თუ იცი, არ უნდა მოტყუვდე.”

ვინც არ იცის, მას ფერი ატყუებს - ნარინჯისფერი ხორცის გამო ტბორის კალმახი ბევრს ჰგონია ზღვის ორაგული.


არის თუ არა შეღებილი თევზი ჯანმრთელობისთვის საზიანო?

სარჩევზე დაბრუნება

ბუნებრივ პირობებში ზღვისა და ოკეანის ორაგული ისეთი წყალმცენარეებითა და წყლის ცოცხალი ბინადრებით იკვებება, რომლებიც მის ხორცს მუქ ფერს აძლევენ. ფერმებში მოშენებულ თევზებს კი შესაფერად პიგმენტებს ხელოვნურად, საკვებთან ერთად აძლევენ.

კალმახის საკვებად საღებავიან კომბინირებულ საკვებს მთელ მსოფლიოში იყენებენ.

თევზის და ხიზილალის ნარინჯისფერ-წითელი ფერის მისაღებად იყენებენ კაროტინოიდებს, ყველაზე ხშირად - ასტაქსანტინს (astaxanthin) და ზოგჯერ - კანტაქსანტინს (Canthaxanthin).

ამ ნივთიერებების ქიმიური, სინთეზური ფორმა, რაც მეტწილად თევზის ინდუსტრიაში გამოიყენება, ევროკავშირში მკაცრად დოზირებულია. დადგენილია, რომ 1 ტონა თევზის საკვებში მაქსიმუმ 80-100 გრამი კაროტინოიდის შერევაა შესაძლებელი. ევროპის სურსათის სააგენტოს თანახმად, გამაყვითლებლების დაშვებულ დოზაზე მეტის გამოყენება უკვე საზიანო ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში სავალდებულოა ეტიკეტზე იყოს მითითებული, რომ პროდუქციის ფერი მიღწეულია კაროტინოიდებით.

ქიმიური საკვები საღებავები

რა ხდება საქართველოში? საქართველოში არც თევზის საკვებში და არც თევზში გამაყვითლებლის, კაროტინოიდების რაოდენობას არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რადიო თავისუფლებას მოსწერა, ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი ლაბორატორია, სადაც ამას გამოვიკვლევთო.


თევზის საკვები საქართველოში

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კალმახის საკვების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში უცხოეთიდანაა შემოტანილი.

მეკალმახეების თანახმად, ისინი თევზს ცნობილი ევროპული კომპანიების სერტიფიცირებულ საკვებს აჭმევენ.

პიგმენტირებულ საკვებზე კი მითითებულია, რომ გამოყენებულია ასტაქსანტინი, ევროკავშირის დოზების შესაბამისად.

“ჩვენთან მეტწილად იყენებენ ევროპულ საკვებს, დანიურს, პოლონეთში დამზადებულს. ასტაქსანტინი იქვე, წარმოებისას აქვს დამატებული, რომ ფერი მისცეს თევზს.

ჩვენთან იყენებენ იგივე საკვებს, რასაც ევროპული თევზის ფერმები. საკვებს მოჰყვება ევროპული სერტიფიკატი და ამ სერტიფიკატს ვენდობით. მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა თევზის მეურნეობაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ასოციაცია “ფორიჯის” ხელმძღვანელმა სოფიკო დიასამიძემ.

შეღებილი ცისარტყელა კალმახი და ხიზილალა

საქართველოში კალმახის საკვებს მხოლოდ კომპანია “ნუტრიმაქსი” ამზადებს. მათ ვებგვერდზე კალმახის რამდენიმე საკვებია დასახელებული, მათ შორის - პიგმენტირებული, ეტიკეტზე მითითებულია, რომ საკვები შეიცავს გამაყვითლებელ ასტაქსანტინს.

“ნუტრიმაქსმა” კალმახის საკვების წარმოება 2023 წელს დაიწყო და კომპანიის ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში გაყიდეს 150 ტონა საკვები, მესამედი გამაყვითლებლის შემცველობით.

რადიო თავისუფლებამ “ნუტრიმაქსს” ჰკითხა, ბუნებრივ გამაყვითლებელს იყენებენ თუ სინთეზურს და რა დოზებს.

“პიგმენტირებული კალმახის საკვების დასამზადებლად ვიყენებთ "ასტაქსანტინს", შემდეგი დოზირებით: 70-90 მგ/კგ მზა საკვებში. გამოყენებული საღებავი არის სინთეზური (ქიმიური რ.თ.) წარმოშობის. დასახელებული საღებავის გამოყენებისას ვხელმძღვანელობთ საქართველოს მთავრობის დადგენილება N473 – „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ და ევროკომისიის ავტორიზებული ცხოველის საკვები დანამატების რეესტრით“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას კომპანია “ნუტრიმაქსიდან”.

რამდენიმე წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეკალმახეების ნაწილი მზა ევროპულ, კომბინირებულ საკვებს გამაყვითლებლებს თავად უმატებს.

შეღებილი ცისარტყელა კალმახი

გამაყვითლებლებს ზეთში ურევენ და თევზის მზა საკვებს ასხურებენ. გამაყვითლებელი, მაგალითად, ასტაქსანტინი ზეთში ადვილად იხსნება და შემდეგ ამ სითხის შესხურება ხდება მშრალ მზა საკვებზე. ამ მეთოდით თევზის უფრო სწრაფად და ძლიერად გაწითლებაა შესაძლებელი. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მეთოდი ჯერ კიდეც 20 წლის წინ მიიჩნიეს სახიფათოდ და აკრძალეს, რადგან რთულია დოზის კონტროლი და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

საქართველოში კი ეს არ იკრძალება და შესაბამისად არ კონტროლდება.


მომხმარებლის უფლებები და ევროპული სტანდარტი

სარჩევზე დაბრუნება

ასოციაცია “ფორეჯის” კიდევ ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე ბაღდაძე ამბობს, რომ მეწარმეებმა მომხმარებლები არ უნდა მოატყუონ.

“მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თევზზე მითითებული იყოს, რომ ეს არის კალმახი და არა “სიომგა” ორაგული. ვინც იცის, თავად მიხვდება რომ შეხედავს, რომელია ცისარტყელა კალმახი და რომელი “სიომგა”, მაგრამ როცა დაჭრილია და ფილედ არის გამზადებული, რთული გასარკვევია. აუცილებლად უნდა იყოს ეს მითითებული. მომხმარებელს უნდა შეეძლოს სრული ინფორმაციის მიღება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაღდაძემ.

“დაჭრილ გაწითლებულ კალმახს გვერდით ორაგულის ნაჭერი რომ დაუდო, გარჩევა გაჭირდება, თუ კანი კარგად არ ჩანს. ძირითადად იყიდება დაჭრილი და იმას უკვე ასაღებენ, როგორც ორაგულის სტეიკს. ორაგულს, რა თქმა უნდა, ფასი მეტი აქვს, ეს არის გაწითლების ძირითადი მიზანი. მაღაზიამ კარგად იცის, რომ ეს კალმახია, მაგრამ ურჩევნია რომ გაყიდოს ორაგულად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვეტერინარიის დოქტორმა ავთანდილ ჩაგელიშვილმა, როდესაც გასაყიდად გამოტანილი გაწითლებული თევზების ფოტოები ვაჩვენეთ.

Your browser doesn’t support HTML5

„ეს არის გაწითლებული კალმახი“ - ავთანდილ ჩაგელიშვილი საუბრობს შეღებილ თევზსა და ხიზილალაზე

უკვე 10 წელზე მეტია, ევროკავშირის ქვეყნებში თევზის რეალიზაციისას აუცილებელია, და ეს მკაცრად რეგულირდება, მითითებული იყოს თევზის სახეობა - მაგალითად, ცისარტყელა კალმახია თუ ოკეანის ან სხვა ორაგული. ასევე ხშირად აუცილებელია მითითება, გასაყიდად გამოტანილი თევზი ფერმაშია მოშენებული თუ ზღვის ან ოკეანის ველური ბინადარია.

ამ ინფორმაციის დამალვა ევროპულ ქვეყნებში მომხმარებლის მოტყუებად ითვლება და ისჯება ადმინისტრაციული წესით, ზოგიერთ შემთხვევაში - სისხლის სამართლის წესითაც.

გასულ წლებში, ევროპაშიც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ცისარტყელა კალმახი ორაგულად გაასაღეს - ბაზარზე ორაგული კალმახზე 30-40%-ით ძვირი ღირს.

2013 წლიდან ევროკავშირმა შექმნა “სურსათის თაღლითობის ქსელი” - Food Fraud Network (FFN), - რომელიც დნმ-ანალიზების მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ამოწმებს ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობას.

ამ ქსელს შეუძლია გამოავლინოს ევროპულ ბაზარზე გამოტანილი ორაგული მართლაც ოკეანის ორაგულია თუ ფერმაში მოშენებული კალმახი, ანუ ხომ არ იყიდება იაფი სახეობის თევზი ძვირადღირებულის საფარქვეშ. ქსელს შეუძლია თევზის წარმოშობის ადგილის გაყალბების გამოვლენა და საკვებს დამატებული დანამატების დანახვა.

ამ ქსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია გაერთიანებული და ეფექტურად მუშაობს.

რადიო თავისუფლებამ “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” წერილობით ჰკითხა, თევზის ეტიკეტირების შემოწმებისას გამოუვლენიათ თუ არა კალმახის ორაგულად გასაღების ფაქტები და რამდენჯერ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი

სააგენტომ რადიო თავისუფლებას 2025 წლის ზაფხულში მოსწერა, რომ თევზში გამაყვითლებლების შემცველობას არ იკვლევდნენ. ნოემბერში ჩვენ განმეორებით ვკითხეთ სააგენტოს, ხომ არ დაიწყეს გამაყვითლებლების რაოდენობის კვლევა, თუმცა ამ დრომდე არც ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.