Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადო პატიმრობა - ყოფილი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით“ მკვლელობაში


გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური დამნაშავედ ცნო როგორც განზრახ, ასევე ანგარებითა და შეკვეთით მკვლელობაში.

გელა უძილაურს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 24 ოქტომბერს, 14: 45საათზე გამოცხადდა.

უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს განზრახ, - და, მით უმეტეს, შეკვეთით - არ გაუკეთებია.

მისი ვერსიით, მკვლელობა უკავშირდებოდა უკრაინაში ლევან ჯანგველაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თუმცა დაცვის მხარეს ამ ვერსიის დამადასტურებელი მოწმეები ან სხვა გარემოებები არ წარმოუდგენია.

გელა უძილაურის ადვოკატები, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რა ხდება ახლა

ამ განაჩენით ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სრულდება. გრძელდება სასამართლოები გამოყოფილ ორ საქმეზე: სანდრო (ჯანო) წივწივაძისა და კიდევ ხუთი ადამიანის, მათ შორის ძმები მიქაძეების საქმეზე.

  • წივწივაძეს ედება იმ იარაღის „გასხვისება“, რომლითაც, სავარაუდოდ, ჯანგველაძე მოკლეს
  • ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს გამოძიება მკვლელობის ორგანიზებას ედავება;
  • საქმეში მოწმეთა მიერ დასახელებულნი არიან ასევე სავარაუდო დამკვეთები, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი;
  • ისინი არც გამოუკითხავთ და არც ბრალი წარუდგენიათ. პროკურორის განმარტებით, „არ არის მართებული, მოწმის ჩვენების საფუძველზე ვინმე მისცე პასუხისგებაში“ და გამოძიება გრძელდება.

მიქაძეებისა და ჯოხაძის ადვოკატებმა ერთი კვირით ადრე მიმართეს მოსამართლე გელაშვილს და მიმართეს, რომ უძილაურის საქმის განხილვისას „მკვლელობის ორგანიზების შეფასება არ იყო მისი უფლებამოსილება“.

„დაცვის მხარეს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოგვიანებით მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ იქნება გამამართლებელი განაჩენი, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარის იმ მანიპულაციური მეთოდის გამოყენების გამო, რასაც გელა უძილაურის ბრალდების საქმიდან სისხლის სამართლის საქმის, ორგანიზების ნაწილში ცალკე გამოყოფა ქვია, პრეიუდიციული მნიშვნელობა არ შეიძინოს თქვენს განაჩენში აღწერილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა რაც არ დასტურდება მტკიცებულებებით“, - აცხადებდნენ ადვოკატები.

მიქაძეების, ჯოხაძისა და კიდევ ორი ადამიანის საერთო საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.

უძილაურის საბოლოო სიტყვა

დღესვე, განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა უძილაურის ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა. დასკვნითი სიტყვით უფლებით ისარგება ბრალდებულმაც.

მუხიაშვილმა განაცხადა, რომ უძილაურის დაკავებიდან დღემდე „საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია მისი „კილერად“ წარმოდგენის მიზნით“. ის სასამართლოს მოუწოდებდა, „მხოლოდ მტკიცებულებებით“ ეხელმძღვანელა.

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ „მხოლოდ ეჭვებსა ვარაუდებზე დაყრდნობით ისაუბრა და გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა“.

გელა უძილაურმა კვლავ გაიმეორა ერთ-ერთ წინა სხდომაზე, 13 ოქტომბერს განაცხადა:

  • 2022 წელს ის უკრაინაში წავიდა და „დაძმაკაცდა“ ვინმე სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც, მისი ვერსიით, „ბიტკოინების ქარხანა“ მოსკოვში ლევან ჯანგველაძესა და მის ხალხს წაართვეს;
  • ბონდარენკოს თხოვნით, უძილაური ჯანგველაძეს „სკაიპით“ ესაუბრა და სთხოვა, ქარხნის მცირე წილი დაებრუნებინა ბონდარენკოსთვის;
  • საუბრის შემდეგ, ბონდარენკო და უძილაური ჯანგველაძის ხალხს შეხვდნენ, სადაც, უძილაურის თქმით, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და „გაასაზიზღრეს“;
  • პროკურატურამ ამ ისტორიას „სრულიად გამოგონილი“ უწოდა.

პროკურორის ბოლო რეპლიკა

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ადვოკატისა და უძილაურის სიტყვებს შორის, სასამართლოს უკვე საბოლოოდ, დასკვნითი რეპლიკით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, - რომელიც ვრცელი დასკვნითი სიტყვით 15 ოქტომბერს წარდგა სასამართლოს წინაშე.

„თქვენ გაგწირეს. გაწირეს მკვლელობის შემდეგ და გაგწირეთ დღესაც“, - ასე მიმართა პროკურორმა ვეფხვაძემ ბრალდებულ გელა უძილაურს.

მან ასე შეაფასა ადვოკატის დასკვნითი სიტყვა: „ჯერ ეჭვი შემეპარა, მიქაძეების პროცესზე ხომ არ ვართ-მეთქი. ამბობდით, რა შუაში არიან მიქაძეები და ჯოხაძეო. მართლა შემეპარა ეჭვი, გელა უძილაურს იცავს ეს ხალხი-მეთქი“?

ფორუმი

XS
SM
MD
LG