Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება უარარატოდ


არარატის თოვლიანი მწვერვალი, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ სომხეთის დედაქალაქს, ერევანს გადაჰყურებს (არქივის ფოტო)
არარატის თოვლიანი მწვერვალი, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ სომხეთის დედაქალაქს, ერევანს გადაჰყურებს (არქივის ფოტო)

"რა მოგახსენოთ, ბატონო, არარატი დიდი მთა არის, ჩაუწერია გალაკტიონს თავის უბის წიგნაკში. არარატი მართლაც დიდი მთაა, თუმცა სომხებისთვის "დიდ მთაზე" ბევრად მეტია. ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2025 წლის 11 სექტემბრამდე.

2025 წლის 1 ნოემბრიდან არარატი აღარ იქნება გამოსახული სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე. სომხეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო, თუმცა ამ საკითხზე მწვავე კამათი დღემდე გრძელდება.

არარატის მთა, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სომხებისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული იდენტობისა და მძიმე ისტორიული წარსულის აღქმასთან. არარატის თოვლიანი მწვერვალები გამოსახულია სომხეთის პირველი, მეორე და მესამე რესპუბლიკების სახელმწიფო გერბებზე. 5100 მეტრი სიმაღლის არარატი ასევე აღბეჭდილია შტამპზე, რომელსაც სომეხი მესაზღვრეები ჯერ კიდევ სვამენ პასპორტში სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას.

არარატის სახელით ცნობილია არაერთ სომხური ალკოჰოლური სასმელი, სიგარეტი და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო კლუბი, ერევნის „არარატი“. გარდა ამისა, არარატი სომხეთში მამაკაცის პოპულარული სახელიცაა, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თვითონ არარატის მთა მდებარეობს არა სომხეთის ტერიტორიაზე, არამედ საზღვრის იქითა მხარეს, თურქეთში.

სომხეთის მთავრობის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებამ საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ოპონენტების დიდ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ შემთხვევით არ არის ის გარემოება, რომ ერევანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სომხეთმა და თურქეთის ახლო მოკავშირე აზერბაიჯანმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში არსებული დაპირისპირების დასრულებას.

კრიტიკოსების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის ფარგლებში გაკეთებული მორიგი დათმობაა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სეირან ოჰანიანმა აღნიშნა, რომ შტამპებიდან არარატის ამოღება ანკარის გულის მოსაგებად კეთდება.

ანკარა და ბაქო მართლაც დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ არარატის გამოსახვას სომხეთის გერბსა და სხვა ოფიციალურ სახელმწიფო სიმბოლოებზე. მათი მტკიცებით, ასეთი გარემოება ტერიტორიული პრეტენზიის ტოლფასი იყო.

არარატი (თურქ. აღრიდაგ) - მდებარეობს თურქეთის პროვინცია იღდირში, სომხეთის საზღვრიდან 32 კილომეტრში. მთა სომხეთის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება და გამოსახულია ქვეყნის გერბზე. არარატი თურქეთს 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით გადაეცა, როგორც ერევნის გუბერნიის სურმალის მაზრის ნაწილი, რომელიც ადრე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეთნიკურმა სომხებმა თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი დატოვეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში - ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა ამ მოვლენებს სომეხთა გენოციდად მიიჩნევს. საბჭოთა კავშირი არარატის მთაზე პრეტენზიას აღარ აცხადებდა 1953 წელს შემდეგ.

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან შევა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასეთი არგუმენტით გაამართლა:

„ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას არა მხოლოდ დღევანდელ კანონიერ საზღვრებში, არამედ ასწლეულების განმავლობაშიც“.

ყარსის ოლქის ტერიტორია, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში შევიდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
ყარსის ოლქის ტერიტორია, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში შევიდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

"სომეხმა ბავშვებმა არ იციან, რომ არარატი თურქეთშია"

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პასპორტში ჩასარტყმელი შტამპიდან არარატის კონტურის ამოღების გადაწყვეტილების ახსნისას გაიხსენა ბავშვებთან შეხვედრა. მისი თქმით, სომხეთში ბავშვებმა არ იციან, რომ არარატის მთა სხვა ქვეყანაში - თურქეთში მდებარეობს.

„კოცონთან შეკრებილ ბავშვებს მივუახლოვდი და ვკითხე: „რომელია სომხეთის ყველაზე მაღალი მთა?“ ბავშვების 70%-მა მიპასუხა, რომ არარატია. მათ არც კი იციან, რომ არარატი სომხეთის რესპუბლიკაში არ მდებარეობს. ბევრმა, ვინც ჩვენთან, სომხებთან ურთიერთობს, ეს არ იცის, რადგან ჩვენ ასე ვსაუბრობთ. შემდეგ ისინი იგებენ სიმართლეს და გაკვირვებულები გვეკითხებიან - განა არარატი სომხეთის რესპუბლიკაში არ მდებარეობს? წარმოიდგინეთ, რას იფიქრებენ ჩვენზე“, - ციტირებს ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებს Armenpress-ი.

2025 წლის 1 ნოემბრიდან სომხეთში ჩასული მოგზაურები პასპორტებში არარატის მთის გამოსახულებას აღარ დაინახავენ.
2025 წლის 1 ნოემბრიდან სომხეთში ჩასული მოგზაურები პასპორტებში არარატის მთის გამოსახულებას აღარ დაინახავენ.

სომხეთი პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ გადაწყვეტილება თურქეთის ზეწოლით მიიღო. მეტიც, ფაშინიანი ამტკიცებს, რომ არარატის თემა სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ განხილულა. ფაშინიანის თქმით, შტამპის დიზაინის შეცვლის გადაწყვეტილება სომხეთის ინიციატივაა.

„დღეგრძელი სახელმწიფოს უზრუნველსაყოფად, სომხებმა თავად უნდა აღიარონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სომხეთი უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და იცხოვროს მიღებული კანონების ფარგლებში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

21 სექტემბერს, სომხეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმაც ილაპარაკა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის მნიშვნელობაზე:

„დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი მშვიდობაა. მშვიდობა არა როგორც მოკლევადიანი პაუზა ან მყიფე შეთანხმება, არამედ როგორც სტაბილური და მყარი საფუძველი სომხეთის მომავლის მშენებლობისთვის. <…> რეგიონში მშვიდობის დამყარება ნიშნავს მეზობლებთან ურთიერთობების ახალ ხარისხს, კეთილმეზობლურად ცხოვრების შესაძლებლობას, საზღვრების გახსნასა და ახალი პერსპექტივების გაჩენას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის განვითარება და მისი მოქალაქეებისთვის აყვავებული და ღირსეული ცხოვრება“.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ვაჰაგნ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს სოციალური ქსლებით გავრცელებულ მიმართვაში ნიკოლ ფაშინიანმა ვრცლად ილაპარაკა მეოთხე რესპუბლიკის დაფუძნებაზე. მიმართვის სულისკვეთებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ წინა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, მეოთხე რესპუბლიკის სიმბოლიკაში არარატის ადგილი არ იქნება.

„ბლოკადამ, ომმა, ეკონომიკურმა ვარდნამ და ემიგრაციის ზრდამ ხელი შეუშალა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ოცნების რეალობად ქცევას მესამე რესპუბლიკაში", - წერს ფაშინიანი Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, - "თუმცა, მესამე რესპუბლიკის მიერ გადატანილი ყველაზე რთული და ტრაგიკული დღეების განმავლობაშიც კი, ეს ოცნება, მართალია ნავლდებოდა, მაგრამ არასდროს ქრებოდა ჩვენი მოქალაქეების თვალებში, გონებასა და სულებში. 2025 წლის 8 აგვისტოს მშვიდობის დამყარებით, კვლავ აივსო ამ ოცნებით სომხეთის რესპუბლიკა და ჩვენი მოვალეობაა, ჯერ გავუფრთხილდეთ მას და შემდეგ კი რეალობად ვაქციოთ ის. ტანჯვისა და მსხვერპლის გაღების შემდეგ, დღეს მივაღწიეთ ამ წერტილს და სწორედ ეს არის მეოთხე რესპუბლიკის დაარსების მიზანი: აღარასდროს გავუშვათ ხელიდან ოცნების ასრულების შესაძლებლობა. დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული, მშვიდობიანი, უსაფრთხო, განვითარებული, თავისუფალი და ბედნიერი სომხეთი ჩვენს მზრუნველობას ელის როგორც ახალშობილი ბავშვი. და ჩვენ, ყველანი, ძვირფასო ხალხო, სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მისთვის მამები და დედები უნდა ვიყოთ. მამები და დედები უნდა ვიყოთ საკუთარი თავისთვის, იმის გააზრებით, რომ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ჩვენი ბედი ნამდვილად ჩვენს ხელშია და არასდროს არ უნდა გავუშვათ იგი ხელიდან“.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

იდენტობაზე უარის თქმა?

თუმცა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებმა ოდნავადაც ვერ დააცხრო იმ მოქალაქეების უკმაყოფილება, რომელთათვისაც არარატი ერთდროულად სომხური ერის მითური სამშობლოც არის და XX საუკუნის ტრაგედიის სიმბოლოც.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ", — უთხრა ერევნელმა ქალმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს, - "არარატის მთა სომხეთის სიმბოლოა“.

არარატის თოვლიანი მწვერვალები ერევნის თითქმის ყველა წერტილიდან მოჩანს და დიდებულად გადმოჰყურებენ ქალაქს.

„არარატის მთა ყოველდღე მავსებს შთაგონებით", — ამბობს კიდევ ერთი ერევნელი ქალი, - "ეს არის სიმბოლო, რომელიც მუდამ ჩემთან იქნება“.

სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სომხეთის ყოფილი ელჩი (2013-2018 წწ) ვატიკანში, მიქაელ მინასიანი მიიჩნევს, რომ არარატის მთაზე უარი იდენტობის ტრანსფორმაციის ტოლფასი ქმედებაა.

„ათასწლეულების განმავლობაში არარატი იყო და ახლაც რჩება კაცობრიობის ყველაზე ცნობილ მთად. ბიბლიური მთა - იმედისა და ახალი ცხოვრების ყველაზე ამოსაცნობი სიმბოლო. ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიო არარატს ისე იცნობს, როგორც ის თანამედროვე სომხეთის ტერიტორიიდან მოჩანს: მარჯვნივ დიდი მასისი, მარცხნივ მცირე მასისი. არარატის გლობალურ აღქმას სომხური პერსპექტივა აქვს. არარატი ჩვენი პირველი და მოგებული ბრძოლაა რეალობასთან, ჩვენი პირველი გამოწვევა გეოგრაფიისა: დე იურე მთა ჩვენი საზღვრების გარეთ მდებარეობს, მაგრამ დე ფაქტო, ის ჩვენია. არარატი - ესაა სიმბოლო, რომელიც ყვირის, რომ ჩვენ ბიბლიური ეთნოსი ვართ. არარატი ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლოა: ის გამოსახულია ჩვენი ყველა რესპუბლიკის გერბზე. ჰაკობ კოჯოიანმა და ალექსანდრ ტამანიანმა არარატი პირველი რესპუბლიკის გერბზე განათავსეს. კოჯოიანმა და მარტიროს სარიანმა ის საბჭოთა სომხეთის გერბის ცენტრშიც გამოსახეს. არარატი ასევე ჩანს ამჟამინდელი რესპუბლიკის გერბზე“, - დაწერა მიქაელ მიქაელ მინასიანმა, რომელსაც ასევე უპასუხა კითხვებს:

რატომ მოითხოვს თურქეთი, რომ უარი თქვას სომხეთმა არარატთან ყველანაირ კავშირზე?

რატომ არის ასე მონდომებული სომხეთის მთავრობა, რომ დათანხმდეს თურქეთს?

„არარატის გაქრობა პასპორტის შტამპიდან (სომხეთში შესასვლელი ბეჭდიდან), ფაქტობრივად, გრძელი ჯაჭვის რგოლი და დიდი მოქმედების ერთი ეპიზოდია", - ამბობს მინასიანი, - "ეს სამშობლოს ჩაბარების გაგრძელებაა. ეს არის თურქეთისთვის უხერხული სახელმწიფოს მოქალაქეების ჯერ ანტისახელმწიფოებრივ ხალხად, შემდეგ უჯიშო, დამარცხებულ და გამწარებულ ბრბოდ, ბოლოს კი იმგვარ უსახო, უმეხსიერებო ჯოგად ტრანსფორმაცია, რომელმაც უარი თქვა თავის მომავალზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სომხური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა. თურქეთისა და სომხეთის ამჟამინდელი მთავრობისათვის მნიშვნელოვანია წაგვართვან ჩვენი რჩეულობის ყველა ატრიბუტი, რომელთაგან პირველი არარატია. არარატის გარეშე ჩვენ ბიბლიური კი არა, ჩვეულებრივი ხალხი ვართ, როგორც ბევრი სხვაა. მის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შინაარსები ან გამარჯვების სიმბოლოები. წაართვით არარატი სომხებს და არანაირი განსხვავება არ იქნება ჩვენსა და მთის „მეორე“ მხარეს, საზღვრის გადაღმა მცხოვრებლებს შორის“.

მიკაელ მინასიანი
მიკაელ მინასიანი

ფაშინიანის მთავრობის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ რუსეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომელმაც თავიანთ ვებსაიტზე გამოაქვეყნეს რუსული ტაბლოიდის „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სტატია სათაურით „ფაშინიანმა გადაწყვიტა არარატის წაშლა სომხეთის გერბიდან და სომხების გულებიდან“, რომელიც ასე მთავრდება:

„თუ ფაშინიანი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მას წინ ბევრი სამუშაო ექნება. სომხეთის გერბიდან არარატის მთის „წაშლის“ შემდეგ, მას მოუწევს მისი ამოღება გიუმრის გერბიდან და სომხური ფულიდან. შემდეგ მას მოუწევს სახელის შეცვლა კონიაკის ქარხნისთვის და თავად კონიაკისთვის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებული მრავალი რესტორნისთვის, კაფესთვის და მაღაზიისთვის. შემდეგ მას მოუწევს აკრძალოს ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან დიდი ხნის ტანჯული ივანე აივაზოვსკი და მარტიროს სარიანი, რომლებსაც ასევე უყვარდათ ამ მთის დახატვა. შემდეგ კი საფუძვლიანად უნდა გადახედოს მთელ სომხურ ლიტერატურას. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ერევნის მაცხოვრებლებს ფანჯრებიდან ყურებას ან საერთოდ გარეთ გასვლას აუკრძალავენ: ხომ შეიძლება არარატის დანახვაზე მათ თავებში მკრეხელურმა აზრებმა გაიდგან ფესვები. ფაშინიანს პარტნიორებმა შესაძლოა ვერ გაუგონ“.

მტრობის მოკლე ისტორია

თურქეთს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩაკეტილი აქვს საზღვარი სომხეთთან, რაც, ექსპერტთა თქმით, ნეგატიურ გავლენას ახდენს სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

2025 წლის აგვისტოში ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებას ისახავს მიზნად.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მტრობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1990-იან წლებში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ებრძოდნენ ყარაბაღის გამო, რომელიც ეთნიკურად სომხებით დასახლებული, მაგრამ დე იურე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი იყო. ომის შედეგად, რომელმაც დაახლოებით 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყარაბაღი ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ დარჩა. მრავალწლიანმა დიპლომატიურმა ძალისხმევა შედეგი ვერ გამოიღო - ბოლო დრომდე ბაქო და ერევანი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებად რჩებოდნენ.

2020 წლის ექვსკვირიანი ომის მსვლელობისას, რომელშიც ორივე მხრიდან თითქმის 7 000 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების დიდი ნაწილი. კიდევ სამი წლის შემდეგ აზერბაიჯანმა კვლავ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია: შედეგად, ბაქომ შეძლო სრული კონტროლის დაბრუნება ყარაბაღზე, რომელიც 100 000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.

ომის დასრულების შემდეგ მხარეებმა დაიწყეს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. სომხეთი ასევე დათანხმდა კონსტიტუციის ცვლილებას, რაც გულისხმობს ყარაბაღისადმი მიძღვნილი ჩანაწერის ამოღებას, რისთვისაც, წესით, რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.

სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულაში ნახსენებია 1990 წლის 23 აგვისტოს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც, თავის მხრივ, საუბარია „სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის გაერთიანებაზე ერთობლივ შეთანხმებაზე“. გარდა ამისა, დეკლარაციის მე-11 მუხლის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს „ოტომანთა იმპერიასა და დასავლეთ სომხეთში 1915 წლის გენოციდის საერთაშორისო აღიარებას“.

სომხეთის ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს მთავრობის „კაპიტულანტურ“ ნაბიჯებს და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, 2024 წელს ჩატარებულმა ქუჩის მასობრივმა გამოსვლებმა შედეგი ვერ გამოიღო. ფაშინიანი ამტკიცებს, რომ მისი მთავრობის ძალისხმევას სომხეთში მდგრადი მშვიდობის დამყარების თაობაზე, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG