Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავე თუ წამების მსხვერპლი? - რა დაწერა მოსამართლემ სხვიტარიძის გამამტყუნებელ განაჩენში


„ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა, ისინი აძლევენ ჩვენებას სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ", - ფრაგმენტი საბა სხვიტარიძის საბოლოო სიტყვიდან. ფოტო გადაღებულია რამდენიმე თვით ადრე, სანამ სასამართლოში გადაღება აიკრძალებოდა.
„ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა, ისინი აძლევენ ჩვენებას სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ", - ფრაგმენტი საბა სხვიტარიძის საბოლოო სიტყვიდან. ფოტო გადაღებულია რამდენიმე თვით ადრე, სანამ სასამართლოში გადაღება აიკრძალებოდა.

მოკლედ

  • საბა სხვიტარიძე, აქტივისტი და ოპოზიციური პარტიის წევრი, დამნაშავედ ცნეს პოლიციელის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  • საქმის მთავარი მტკიცებულება 29-წამიანი ვიდეოჩანაწერია, რომლის ავთენტიკურობა დაცვამ ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა მოსამართლემ - არა.
  • საბა სხვიტარიძე აცხადებს, რომ დაკავების დროს წამებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა ეს სახელმწიფოს აქამდე არ გამოუძიებია.

ის, ვინც ამბობს, რომ აწამეს, ახლა ციხეშია. ისინი, ვისაც წამებაში ადანაშაულებს, პროკურატურამ მოწმეებად გამოიყენა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთად, პოლიციელების ჩვენებები ეჭვის ქვეშ არ დააყენა და საბა სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო. რა წერია განაჩენში - წაიკითხეთ აქ:

აქტივისტი საბა სხვიტარიძე მოსამართლემ პოლიციელის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნო დამნაშავედ და 2025 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენი 29 გვერდია. ის რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

რას ედავებოდნენ საბა სხვიტარიძეს?

პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს პროკურატურა 2025 წლის 24 ივლისამდე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელ, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის ხელყოფაში“ ადანაშაულებდა. ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა 24 ივლისის სხდომაზე, საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ სიტყვა ითხოვა, ფეხზე წამოდგა და სასამართლოს უთხრა, რომ საბა სხვიტარიძეს ბრალი შეუმსუბუქეს.

ამ ნაბიჯით პროკურატურამ აღიარა ის, რასაც დაცვის მხარე გამოძიების დაწყების პირველი დღიდან ამტკიცებდა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო და საერთოდაც, არ იცოდა, ვინ იყო მირიან ქავთარაძე.

შედეგად, ბრალდება, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმაზე იყო აგებული, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით შეიცვალა.

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, რამაც ჯანმრთელობის „ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია“.

ეს ბრალდება ისჯება ჯარიმით, 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე პატიმრობით.

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით მამასთან ერთად ზესტაფონისკენ მიმავალი სოფელ შროშასთან დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო.

რა მოხდა 2024 წლის 4 დეკემბერს სასტუმრო „მარიოტთან“?

სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს ღამის საათებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ საბა სხვიტარიძემ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს, რამაც მისი „ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა“ გამოიწვია.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროში ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შავებში ჩაცმული უცნობების ჯგუფი შეიკრიბა.

პროკურატურის ვერსია ასეთია:

თბილისის პოლიციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი, მირიან ქავთარაძე გასული წლის 4 დეკემბერს საღამოს თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სუჯაშვილთან მიხეილ წიკლაურთან, ლუკა ჯინჭარაძესთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ოპერატიულ დავალებას ასრულებდა; ეკეთა პირბადე, არ ეცვა პოლიციელის ფორმა, იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. ამ დროს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართებოდა და ხალხი თავისუფლების მოედანზეც მოძრაობდა.

ამ დროს მასთან „ტიტუშკების“ ძახილით აქციის მონაწილეები მივიდნენ და მოსთხოვეს წასულიყო. პოლიციელებს აქციის მონაწილეებისთვის სამსახურებრივი მოწმობა არ უჩვენებიათ, თუმცა უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ამას აგრესია მოჰყვა.

მირიან ქავთარაძე, პოლიციელი
მირიან ქავთარაძე, პოლიციელი

ერთ-ერთმა მოქალაქემ მირიან ქავთარაძეს მოხადა ე.წ. კაპიუშონი, დაიწყო ჩოჩქოლი. პოლიციელი დაზიანდა. დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, იგრძნო ძლიერი ტკივილი, სახე და ტანსაცმელი სისხლით დაესვარა.

სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავზე მას ოთხი ნაკერი დაადეს.

გამოძიება 112-ში „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ შესული შეტყობინების შემდეგ დაიწყო. საქმეში დევს დეტექტივ ალექსანდრე გაჩეჩილაძის 2024 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული პატაკი და გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, „კონფიდენციალური ინფორმაციით“[წყარო უცნობია - რ.თ.] მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძე დაესხა თავს. მირიან ქავთარაძემ ის ფოტოში ამოიცნო.

ასე გამოიყურებოდა პოლიციელი მირიან ქავთარაძე 2024 წლის დეკემბერს - ეფარა ქუდი, ეკეტა პირბადე. ფოტო ამოჭრილია ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირი ეთერიდან. ეს ამბავი ტელევიზიამ გააშუქა სათაურით - „ოლიგარქის ომონის სახე - ვინ არიან და როგორ იქცევიან პირბადიანი ჩასაფრებული ტიტუშკები“
ასე გამოიყურებოდა პოლიციელი მირიან ქავთარაძე 2024 წლის დეკემბერს - ეფარა ქუდი, ეკეტა პირბადე. ფოტო ამოჭრილია ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირი ეთერიდან. ეს ამბავი ტელევიზიამ გააშუქა სათაურით - „ოლიგარქის ომონის სახე - ვინ არიან და როგორ იქცევიან პირბადიანი ჩასაფრებული ტიტუშკები“

მომხდარიდან რამდენიმე საათში, 2024 წლის 5 დეკემბერს, მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს პოლიციელები - ლუკა ჯინჭარაძე და მიხეილ წიკლაური. ეს ჩვენებები იმდენად იდენტური იყო, რომ ორივე მოწმემ ერთნაირი შეცდომა დაუშვა და დანაშაულის სავარაუდო ადგილად „ქორთიარდ მარიოტის“ ნაცვლად მისგან 650 მეტრით დაშორებული „თბილისი მარიოტი“ დაასახელა.

პროკურატურის მთავარი მტკიცებულება საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ ვიდეოჩანაწერია, რომელიც 29 წამი გრძელდება და ტელეკომპანია პირველის პირდაპირი ეთერიდანაა ამოჭრილი. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვინმე ტ.მ.-მ ატვირთა, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა კი მოიპოვა, ჩამოიწერა და დაათვალიერა.

აქ ნახეთ ვიდეოჩანაწერი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე პროკურატურამ გაასაჯაროვა.

რა ჩანს და ისმის პროკურატურის ვიდეომტკიცებულებაში?

პროკურატურის 29-წამიან ვიდეოში, რომელიც პირდაპირი ეთერიდანაა ამოჭრილი, ასახულია მომიტინგეებსა და ფორმიან პოლიციელებს შორის მდგომი, შავ შარვლებსა და ქურთუკებში ჩაცმული ადამიანები; თავზე ახურავთ კაპიუშონი, სახეს კი პირბადით იფარავენ.

დაპირისპირების დროს აქციის მონაწილეები შავებში ჩაცმულთა ჯგუფს ნიღბების მოხსნას სთხოვენ. ერთ-ერთი ქალი მიდის ნიღბიანთან და ხდის კაპიუშონს.

„ნიღბიანი ზემოთ იქნევს ხელს. გარკვევით არ ჩანს ქალბატონზე ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა ისმის ჟურნალისტის ყვირილი „ქალს ხელი რატომ დაარტყი, რასაც ხმამაღლა რამდენჯერმე იმეორებს.

დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის და საშუალო ზომის მუქი წვერის მქონე კაცი, 2-3-ჯერ ხელკეტის მაგვარ საგანს ძლიერად თავში ურტყამს ერთ-ერთ ნიღბიან კაცს - მირიან ქავთარაძეს. დარტყმის შედეგად დაზარალებულს თავიდან სდის სისხლი“, - წერს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია.

საბა სხვიტარიძის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის ვიდეოს აქვს ავთენტურობის პრობლემა, რადგან

  • არ დაუკითხიათ ის ადამიანი, ვის გვერდზეც აიტვირთა ეს ვიდეო;
  • გამომძიებელს არ გამოუთხოვია ჩანაწერები ტელევიზიებიდან და დასკვნები დააფუძნა 29-წამიან ვიდეოს;
  • არ დანიშნულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, ვიდეოზე ასახული ადამიანი არის თუ არა საბა სხვიტარიძე;
  • დაუდგენელია, აქვს თუ არა ვიდეოს მონტაჟის კვალი;

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, თითქოს ვიდეოჩანაწერში მოხვედრილი ადამიანი საბა სხვიტარიძე არაა. ასევე არ იზიარებს მტკიცებას, რომ ჩანაწერი მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით.

ჯვებე ნაჭყებია წერს, რომ სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი ახლო კადრია, გადაღებულია კარგად განათებულ ადგილზე და ობიექტური დამკვირვებლისთვისაც კი გარკვევით ჩანს საბა სხვიტარიძის სახე, რომელსაც ხელში უჭირავს ხელკეტის მსგავსი საგანი. ასევე კარგად ჩანს მირიან ქავთარაძეც.

„გარდა ამისა, საბა სხვიტარიძის მონაწილეობას მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ადასტურებს თვითმხილველი მოწმე პოლიციელების მიერ სხვიტარიძის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაპირისპირების ეპიზოდში საბა სხვიტარიძე ცალსახად იდენტიფიცირებულია და მისი ვინაობის დასადგენად რაიმე მეცნიერული ცოდნა და ექსპერტიზა საჭირო არ არის.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობას მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია”, - წერს ჯვებე ნაჭრებია.

დაცვის მხარის ვერსია ასეთია:

საბა სხვიტარიძის და დაცვის არაერთი სხვა მოწმის ჩვენებით, 2024 წლის 4 დეკემბერს საბა სხვიტარიძეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ შესასვლელთან არა პოლიციელებს, არამედ ე.წ. „ტიტუშკებს“ დაუპირისპირდა. ვარაუდი, რომ სასტუმროსთან შეკრებილები „ტიტუშკები იყვნენ“ მათმა ჩაცმულობამ და ქცევამ გაამყარა - მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელი, პირბადეებით დაფარული სახე.

დაცვის მხარის მოწმეების თქმით, ისინი უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ დროს სასტუმროში საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ. სწორედ ამ „ტიტუშკებს“ შორის იყო დაზარალებული მირიან ქავთარაძეც.

საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი კითხავს საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე პოლიციელს, სალომე ედიშერაშვილს.
საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი კითხავს საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე პოლიციელს, სალომე ედიშერაშვილს.

საბა სხვიტარიძე ესწრებოდა შეხვედრას და მას შემდეგ, რაც ე.წ. ტიტუშკების მობილიზებაზე უთხრეს, გარეთ გამოვიდა.

სასტუმროს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერებში, რომელიც ადვოკატებმა მოიპოვეს, ჩანს, რომ საბა სხვიტარიძეს თან არ აქვს არანაირი ნივთი, რომელიც შესაძლოა მირიან ქავთარაძისთვის დაერტყა.

დაცვის მხარის თქმით, ე.წ. ტიტუშკების ქცევამ ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსულები გააღიზიანა. მათ მიიჩნიეს, რომ შავებში გამოწყობილი ხალხი ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას პროვოკაციისთვის მიუგზავნა. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნანა მალაშხია ამბობს, რომ პოლიციასთან მივიდა, დახმარება ითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ეს ის პერიოდია, როცა რუსთაველზე 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციები იმართება. ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები დაფარული სახეებით ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ქუცაში სცემდნენ, მათ შორის "ტვ პირველის" ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს.

საბა სხვიტარიძის ადვოკატების თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მირიან ქავთარაძემ ხელი დაარტყა აქტივისტ თეონა ჭალიძეს. ის ქავთარაძისთვის ნიღბისა და კაპიუშონის ჩამოხსნას ცდილობდა. ჭალიძემ ამაზე სასამართლოში დაკითხვისასაც ისაუბრა.

ამ დროს გაისმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეძახილი - „ქალს ხელს როგორ ურტყამო“, რასაც მოჰყვა დაპირისპირება ორ ჯგუფს - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ტიტუშკებს“ შორის.

არც ქავთარაძეს და არც რომელიმე სხვა „ტიტუშკას“ არ ეცვა პოლიციელის ფორმა და არც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა, რომელიც ვინმეს მიანიშნებდა, რომ პოლიციელი იყო.

ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძე ნამდვილად იყო „ქორთიარდ მარიოტთან“, თუმცა პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მირიან ქავთარაძეს სწორედ საბა სხვიტარიძემ ჩაარტყა „ჯოხისმაგვარი ნივთი“.

და თუ დაცვის მხარე დაუშვებს, რომ ადამიანი, რომელზეც ბრალდება მიუთითებს, მართლაც საბა სხვიტარიძეა, მაშინ ადვოკატების თქმით, სახეზეა აუცილებელი მოგერიება.

„ვიდეოჩანაწერი რომ სწორად იყოს მოპოვებული, ამოცნობა რომ სწორად იყოს ჩატარებული და დადგინდეს, რომ საბა სხვიტარიძემ დაარტყა მირიან ქავთარაძეს თავში გარკვეული საგანი, მისი ბრალი მაინც გამოირიცხება, ვინაიდან პირველად თავდამსხმელი არის მირიან ქავთარაძე. თუმცა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პირი, რომელმაც მირიან ქავთარაძეს ზიანი მიაყენა, არის საბა სხვიტარიძე“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

შავებში ჩაცმულებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას სხვადასხვა რაკურსიდან პირდაპირ ეთერში აშუქებდა რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის ტელეკომპანია პირველი, ფორმულა, იმედი, რუსთავი ორი. სატელევიზიო პირდაპირი ეთერები საბა სხვიტარიძის ადვოკატებმა სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებად წარადგინეს.

რა ჩანს დაცვის ვიდეოებში?

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ტელეარხების მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადახადა კაპიუშონი მირიან ქავთარაძეს ახალგაზრდა ქალმა, საპასუხოდ მან ქალს სახეში ან მხარში დაარტყა. ჩანს ისიც, რომ სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

ვინმე რომ ხელკეტს ურტყამდეს ამ ვიდეომასალებში არ ჩანს.

„ვიდეომტკიცებულებით დასტურდება, რომ მირიან ქავთარაძე დაესხა თავს მოქალაქეებს, რის შემდგომაც გადაწყვიტა თავდასხმის გაგრძელება, ამავდროულად ოთხივე მოწმე იტყუება და ცდილობს დაფაროს ქავთარაძის დანაშაული.

არ არსებობს საკმარისი ნეიტრალური მტკიცებულება, რომ საბა სხვიტარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ.

ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ პირი, რომელიც მირიან ქავთარაძეს ურტყამს საგანს, არის საბა სხვიტარიძე“, – ამბობს ჩომახაშვილი.

რა სურათი (ვერ)დაინახა და აღადგინა მოსამართლემ?

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია წერს, რომ შეისწავლა ორივე მხარის მტკიცებულებები და 2024 წლის 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტის“ წინ მომხდარი დაპირისპირების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა შეძლო.

„ცალსახად დგინდება, თუ როგორ დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა კონფლიქტი”, - ამბობს ის და მომხდარის აღწერას იწყებს:

„ვიდეოჩანაწერებში გარკვევით ჩანს ბრალდებული საბა სხვიტარიძე, რომელიც ხალხით გარშემორტყმულ მირიან ქავთარაძეს, ჩოჩქოლის დროს თავის არეში რამდენჯერმე ძლიერად ურტყამს ხელკეტის მსგავს საგანს“.

მოსამართლემ სარწმუნოდ მიიჩნია დაზარალებულ მირიან ქავთარაძის ჩვენება, რომლის თანახმადაც თავისუფლების მოედანზე თავის კოლეგებთან: მიხეილ წიკლაურთან, ლუკა ჯინჭარაძესთან, მიხეილ სუჯაშვილთან და სხვებთან ერთად ასრულებდა ოპერატიულ დავალებას, არ ეცვა პოლიციის ფორმა და არ ჰქონდა რაიმე ამოსაცნობი ნიშანი. სასტუმროს წინ მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაპირისპირდნენ მათ, რა დროსაც ერთ-ერთმა თავში ჩაარტყა რაღაც საგანი, იგრძნო დიდი ტკივილი, სახე და ტანსაცმელი სისხლით დაესვარა, დაადეს ოთხი ნაკერი. მოგვიანებით ვიდეოჩანაწერში ნახა, რომ რკინის საგანი მოხვდა ორჯერ ან სამჯერ.

„ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს მოწმეებმა მიხეილ წიკლაურმა და ლუკა ჯინჭარაძემ. დაადასტურეს, რომ მითითებულ დროს და ადგილზე, ოპერატიული დავალების განხორციელებისას, მოულოდნელად სიტუაცია დაიძაბა. ამ მომენტში საბა სხვიტარიძემ ორჯერ ან სამჯერ დაარტყა თავში მირიან ქავთარაძეს ჯოხისმაგვარი საგანი. შედეგად დაზარალებულმა მიიღო დაზიანება, სდიოდა სისხლი. ამასობაში სხვიტარიძე ხალხში გაერია და გაეცალა იქაურობას. მირიან ქავთარაძე გაარიდეს ხალხს და სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში…. საბა სხვიტარიძე ფოტოსურათით ამოიცნეს“.

როგორ ასაბუთებს მოსამართლე, რომ ბრალდებულმა ნამდვილად სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა?

მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას დასაბუთების თანახმად, მიყენებულმა დაზიანებებმა მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამასთან საბა სხვიტარიძის ქმედებები მიზეზშედეგობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაული.

საბა სხვიტარიძე არის აქტივისტი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “ახალი” წევრი. პარტიაში გადასვლამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში“. საბა სხვიტარიძე აქტიურად იყო ჩართული „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, იყო ამ აქციების მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორიც. ის არის საჯარო პირი და აქტიურად გამოთქვამს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკასთან დაკავშირებით.

2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, არჩევნების შემდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დააჯარიმეს 2500 ლარით.

რატომ არ მიიჩნია მოსამართლემ სხვიტარიძის ქმედება აუცილებელ მოგერიებად?

ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე
ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე

მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ „სავარაუდოდ საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო, კერძოდ იცავდა სხვისი, თეონა ჭალიძის ჯანმრთელობას - მირიან ქავთარაძის ხელის გარტყმისგან“.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მირიან ქავთარაძის მხრიდან თეონა ჭალიძისთვის ხელის გარტყმის ფაქტი. ვიდეოჩანაწერში ჩანს მათი დაპირისპირება. თეონა ჭალიძე პირბადეს ჩამოხსნის დაზარალებულს რა დროსაც ის აიქნევს ხელს, რომელიც შესაძლოა ხვდება სახეში პირს, რომლის ინტერესებსაც თითქოსდა იცავდა საბა სხვიტარიძე, თუმცა ამის კატეგორიულად თქმა შეუძლებელია.

ქავთარაძის მიერ ხელის აქნევას დაცვის მხარე უწოდებს ძალადობას თეონა ჭალიძის მიმართ, ხოლო თავად მირიან ქავთარაძე ქალბატონისგან თავის გათავისუფლების მცდელობას. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ ხელის იმგვარი აქნევა, რაც ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, თავდასხმად ვერ შეფასდება”, - ასკვნის ნაჭყებია.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აკრიტიკებს მოსამართლის მსჯელობას. მისი თქმით, ჯვებე ნაჭყებიამ დაუჯერა მირიან ქავთარაძეს, თუმცა არ დაწერა, რატომ არ დაუჯერა თეონა ჭალიძეს.

„თეონა ჭალიძემ დაკითხვაზე თქვა, რომ მირიან ქავთარაძემ სახეში დაარტყა, ვიდეოშიც იკვეთებოდა ეს. რა მოტივი ჰქონდა თეონა ჭალიძეს მოეტყუებინა? როცა ერთი მოწმე ერთის წინააღმდეგაა, თან თავადაც წერს, ვიდეოში ისმის „ქალს ხელს როგორ ურტყამო“, უნდა დამიწერო რატომ არ გაიზიარე. ასევე დაიწერა, რომ ხალხის რაოდენობა პოლიციელებზე ბევრი იყო, ამას რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება ერთი კაცი დაესხას თავს ათ კაცს და რადგან ერთია არ უნდა მოიგერიო?", - სვამს კითხვას ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

დამნაშავე თუ მსხვერპლი?

საბა სხვიტარიძე
საბა სხვიტარიძე

„მე გატაცებისა და წამების მსხვერპლი ვარ, რაშიც დაზარალებულად ვარ ცნობილი, თუმცა არცერთი მოძალადე არაა დასჯილა დღემდე“, - თქვა საბა სხვიტარიძემ 2025 წლის სამი სექტემბრის სხდომაზე და კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა დაკავების მომენტში, გზაში - დაკავების ადგილიდან განყოფილებამდე და განყოფილებაში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება და წამება. პირველად ამის შესახებ მან 2024 წლის 11 თებერვლის სასამართლოზე ისაუბრა საჯაროდ.

მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, საბა სხვიტარიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. საბა სხვიტარიძისთვის ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც წამებაში იღებდა მონაწილეობას, სასამართლოში ჩვენებებს საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ აძლევენ.

მან დაასახელა რამდენიმე გვარი: თორნიკე ჯაფარიძე, მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, სალომე ედიშერაშვილი.

მოგეხსენებათ, მე გატაცებისა და წამების მსხვერპლი ვარ, რაშიც დაზარალებულად ვარ ცნობილი, თუმცა არცერთი მოძალადე არაა დასჯილა დღემდე.

ბენზინგასამართ სადგურთან დაგვხვდნენ: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და გადამსვეს მათ მანქანაში. ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა. მემუქრებოდნენ გაუპატიურებით. როცა თბილისში ჩამოვედით და განყოფილებაში შემიყვანეს, ამიყვანეს მეხუთე სართულზე, შემიყვანეს ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში და მიხეილ სუჯაშვილმა, ვანო გავაშელიშვილმა, ლევან კუნდუხაშვილმა და თორნიკე ჯაფარიძემ მომთხოვეს, მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით, როდესაც მოვითხოვე ადვოკატი, ირონიულად გაეცინათ. მიხეილ სუჯაშვილმა, ვანო გავაშელიშვილმა, ლევან კუნდუხაშვილმა და თორნიკე ჯაფარიძემ დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს – უთხრეს, მიხედეთო, თვითონ გავიდნენ და კარი გარედან ჩაკეტეს, რა დროსაც დაიწყო ჩემი ცემა. მირტყამდნენ თავში და გვერდებში იქამდე, სანამ არ გავითიშე და ძირს არ დავეცი. ამის შემდეგაც აგრძელებდნენ ჩემს ცემას – ბათინკებიან ფეხებს მირტყამდნენ გვერდებში და ხელებში.

გარკვეული დროის შემდეგ იღება კარი და ისევ შემოდიან მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი და თორნიკე ჯაფარიძე. ნიღბიანებს ეუბნებიან, რომ გავიდნენ და მსვამენ დივანზე, მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ, ისევ დაუძახებენ მათ [ნიღბიანებს]. ამ დროს გული მერევა და მაწვდიან პარკს, სადაც ვაღებინე არაერთხელ. მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამიყვანეს მერვე სართულზე და ჩამაბარეს ჩემთვის უცნობ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, რომლებმაც ჯერ შემიყვანეს უფროსის კაბინეტში, სადაც მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა უფროსის მხრიდან და მეუბნებოდა, რომ უნდა მეღიარებინა ყველაფერი…“

ამის შემდეგ შემიყვანეს გვერდზე მდებარე გამომძიებლის, სალომე ედიშერაშვილის ოთახში, სადაც იმყოფებოდა სალომე ედიშერაშვილი და კიდევ ერთი გამომძიებელი კაცი, რომელიც ჩემს დაზიანებებს აღწერდა. მე ისევ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი, რაზეც ისევ ირონიული დამოკიდებულება მივიღე. სალომე ედიშერაშვილმა შეავსო ოქმი და მითხრა, რომ ხელი მომეწერა, რაზეც უარი განვაცხადე ადვოკატის გარეშე ხელის მოწერაზე. რის შემდეგაც, გამომძიებელმა კაცმა დაიწყო მუქარა, დაუძახა ორ ნიღბიანს და ისევ გაგრძელდა ჩემი ცემა, ახლა უკვე გამომძიებლის ოთახში მისი თანდასწრებით.

სამი პოლიციელი მაკავებდა და ორი ნიღბიანი მირტყამდა მუშტებს და ფეხებს თავის არეში, გადამამტვრიეს ხის ნივთები. ამის შემდეგ გადავიდნენ ოთახიდან და გამომძიებელმა ისევ მოითხოვა ოქმზე ხელის მოწერა, რაზეც მე უარი განვაცხადე და უკვე ამის შემდეგ ჩამომიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქაც უარი განმიცხადეს სასწრაფოს გამოძახებაზე. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება.

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას, ისინი აძლევენ ჩვენებას სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ: მაგალითად, მიხეილ სუჯაშვილი, ხოლო საქმე გამოიძია სალომე ედიშერაშვილმა, რომლის კაბინეტშიც მისი თანდასწრებით მიმდინარეობდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მოითხოვდა ოქმზე ხელის მოწერას.

მოსამართლემ არ შეაფასა საბა სხვიტარიძის მონათხრობი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე და არგუმენტად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ცალკე მიმდინარე გამოძიება მოიყვანა, არადა, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, „სასამართლოს შეეძლო ამის საფუძველზე დაკავების ოქმი ეცნო დაუსაბუთებლად და დაეწერა: „რადგან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ამის საფუძველზე მოპოვებული ნებისმიერი მტკიცებულება არის დაუშვებელიო, ამას იტყვის სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ არ თქვა ადგილობრივმა სასამართლომ... მას საერთოდ არ უმსჯელია მოწმეების სანდოობაზე, იმ ფონზე, რომ მათ საბა სხვიტარიძე წამების მონაწილეებად მოიხსენიებდა".

რატომ პატიმრობა და არა ჯარიმა ან შინაპატიმრობა?

ჯვებე ნაჭყებიას თქმით, საბა სხვიტარიძეს სრულად არ გადაუხდია 2018 წლის პირველ ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმა 5000 ლარი, რაც „მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე სასჯელის ამ ფორმის მიმართ”. მოსამართლის დასაბუთების თანახმად, ის ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს და ჯარიმასთან ერთად, 4 წლით პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო (ხელფასიდან თანხის დაქვითვა) ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს….

სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

თავიდანვე ნათელია, რომ ისინი არაეფექტური იქნება დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით”, - წერს მოსამართლე.

მისივე აზრით, ვერც შინაპატიმრობა იქნებოდა შემაკავებელი და საკმარისი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ხელს ვერ შეუწყობდა რესოციალიზაციას, დანაშაულის პრევენციას.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ საბა სხვიტარიძეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა”.

ამას გარდა, თუ ადამიანი ნასამართლევია, დანაშაულის განმეორების დროს სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ მინიმალურ წლებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის პატიმრობის შემთხვევაში მინიმალური ერთი წელია. საბოლოოდ, საბა სხვიტარიძეს მოსამართლემ თავისუფლება ორი წლით აღუკვეთა.

ირაკლი ჩომახაშვილი და გოგიტა ბახტაძე, საბა სხვიტარიძის ადვოკატები
ირაკლი ჩომახაშვილი და გოგიტა ბახტაძე, საბა სხვიტარიძის ადვოკატები

„სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არც ერთი მიმანიშნებელი მსჯელობა არ განევითარებინა, რომ მირიან ქავთარაძე თავდამსხმელია. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელს აფარებს პოლიციას. ეს რომ არ იყოს პოლიტიკური საქმე და ჩვეულებრივი საქმე იყოს, მაინც უკანონო გადაწყვეტილებაა, ნაწამებ ადამიანზე ასეთი ჰიპოთეზური მსჯელობის განვითარება და ეჭვების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა უკანონობაა, ამიტომ გვესაჭიროება აპელაცია", - ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

მან განაჩენი სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა და განაჩენთან ერთად გაასაჩივრა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის გამოყენების კანონიერებაც.

საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ორ დღეში “სტუდია მონიტორმა” გამოაქვეყნა გამოძიება ჯვებე ნაჭყებიას ცოლის - მაია კეკელიას შესახებ. საგამოძიებო გუნდის ცნობით, 2014 წლის 16 ოქტომბერს მოსამართლის ცოლს მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო სსკ 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს ბრალი, ანუ იმავე მუხლით რაც პროკურატურამ წარუდგინა მაგალითად, მზია ამაღლობელს, ანატოლი გიგაურსა და საბა სხვიტარიძეს. თუმცა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ქალს - მაია კეკელიას მაშინ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდა.


2015 წლის 9 ივნისს კი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მაია კეკელიას ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 353-ე პრიმას ნაცვლად, 353-ე მუხლით და 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მაია კეკელია არ ეთანხმებოდა განაჩენს. კეკელია მაშინ აცხადებდა, რომ პოლიციის შენობაში სხვა პირებთან ერთად მიაკითხა დისშვილს, რომელსაც განყოფილებაში სცემდნენ და ამის აღკვეთას შეეცადა, რა დროსაც თავად მას მიაყენეს პოლიციელებმა დაზიანება

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ “სტუდია მონიტორთან” სატელეფონო საუბარში უარყო მის მეუღლესთან დაკავშირებული ნასამართლობის ამბავი:

“ეგ არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არასდროს არ ყოფილა მსგავსი რამ, არ გახლავთ არაფერ შეხებაში ჩემი მეუღლე არსად არასდროს. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ”, - უთხრა ნაჭყებიამ სტუდია მონიტორს.

46 წლის ჯვებე ნაჭყებია მოსამართლედ 2024 წლის ბოლოს, დეკემბერში, დაინიშნა. 2002 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მას გავლილი აქვს “არაერთი ტრენინგი”, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2020 წელს ჩააბარა. სხვადასხვა სასამართლოში სხვადასხვა ფუნქციით მომუშავე ნაჭყებია მოსამართლედ გახდომამდე ორი წლის განმავლობაში იყო ქუთაისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც.

ჯვებე ნაჭყებიას ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

  • 2003-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
  • 2005 წელს იყო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე;
  • 2010-2014 წლებში იყო იურისტი შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში“;
  • 2014-2016 წლებში იყო მანდატურის სამსახურის უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2016-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი (ხელშეკრულებით) თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2017-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მან განიხილა რამდენიმე ისეთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულადაა შეფასებული. მათ შორისაა:

  • აქტივისტის და პარტია “ახლის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედავებოდნენ, თუმცა პროკურატურამ მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე გადააკვალიფიცირა. ჯვებე ნაჭყებიამ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის საქმე, რომელიც დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით აღუკვეთა თავისუფლება.
  • ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა ზურა ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას პატიმრობის გადაწყვეტილება - “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს მან 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, “ახლის” თანადამფუძნებელს - 8-თვიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG