რუსეთში დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევართა რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა. სწავლულთა ნაწილმა სამეცნიერო აფილიაცია შეიცვალა - საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილმა კი საერთოდ უარი თქვა მეცნიერების სფეროში დარჩენაზე. როგორც საგამოძიებო პროექტის “ოკნოს” ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ტვინების გადინების შეჩერების“ შესახებ პუტინის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს მკვლევრების გაძევებას რუსული სამეცნიერო სფეროდან.
რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის („როსსტატ“) მონაცემებით, 2024 წელს კვლევით ორგანიზაციებში სამეცნიერო ხარისხის მქონე 89,586 მკვლევარი მუშაობდა (-20% 2015 წელთან შედარებით), მათ შორის 21,705 მეცნიერებათა დოქტორი (-23%) და 67,881 დოქტორობის კანდიდატი (-19%). იმავე როსსტატის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთში სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობას ეწეოდა 4,157 ორგანიზაცია (მათ შორის სახელმწიფო, კერძო-კომერციული, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორებიდან). რუსეთში მკვლევართა საერთო რაოდენობა ბოლოს ოფიციალურად 2023 წელს აღრიცხა: 338,900 ადამიანი; როსსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია 2024 წლის სრული შედეგები.
„ვერ დამადუმეს“
რუსულ მეცნიერებას დიდი დრო დასჭირდა 1990-იანი წლების კოლაფსის შემდეგ ფეხზე დასადგომად. საბოლოოდ, ნავთობიდან მიღებულმა შემოსავალმა მეცნიერებამდეც მიაღწია, თუმცა ამ სფეროზე გაწეული დანახარჯები კვლავაც მშპ-ის 1%-ზე ნაკლებია. ამის მიუხედავად თვალსაჩინოდ გაიზარდა რუსი მკვლევრების სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა. სამეცნიერო პუბლიკაციების ინდექსირების უდიდესი საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული და ციტირების მონაცემთა ბაზის, Scopus-ის მიხედვით, რუსი ავტორების სტატიების რაოდენობა 2010 წლიდან 2021 წლამდე 3,3-ჯერ გაიზარდა: იყო 39 700, გახდა 129 000. რუსეთი 2021 წლისთვის პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში X ადგილზე ავიდა (ამჟამად ისევ დაეცა). როგორც ექსპერტები ამბობენ, ამას ხელი შეუწყო 2010-იან წლებში მიზნობრივმა სამთავრობო პროგრამებმა: შეიქმნა 345 ლაბორატორია, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების ხელმძღვანელობით და დაიწყო პროექტი „5-100“, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ რუსული უნივერსიტეტები გლობალურ რეიტინგში ტოპ 100-ში ვერ შეიყვანა, მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი საერთაშორისო კავშირები.
გარდა ამისა, მეცნიერება სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ისეთი სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა Arzamas, PostNauka და N+1, მილიონობით აუდიტორიას იზიდავდნენ თავიანთ არხებზე. რუსეთის მთავრობა დიდ რეკლამას უკეთებდა ინოვაციურ დღის წესრიგსა და მოდერნიზაციას ფონდ “სკოლკოვოს” მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც 2010 წელს შეთანხმება გააფორმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან. 2021 წელი რუსეთში ოფიციალურად გამოცხადდა მეცნიერების წლად, ხოლო 2022-2031 წლები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ათწლეული უნდა ყოფილიყო.
თუმცა, როგორც გაირკვა, პარალელურად მიმდინარეობდა ომისთვის მზადება. ამ ვითარებაში კი რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი აკადემიური ხარისხებით მქონე ავტორიტეტიანი საჯარო ინტელექტუალები სრულიად ზედმეტი აღმოჩნდნენ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და საჯარო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების მკვლევარი დმიტრი დუბროვსკი ზეწოლას უკრაინასთან ომის დაწყებამდეც კი გრძნობდა. მეცნიერი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საჯარო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების პროგრამით მუშაობდა. 2022 წლის დასაწყისში ის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს ელოდა, პარალელურად კი სტიპენდიით ლონდონში გასამგზავრებლად ემზადებოდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მასაც მისწვდა ე.წ. ლიბერალთა წმენდის ტალღა, რომელიც, მისი თქმით, 2020 წლიდან მოყოლებული სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. სწორედ ამ ტალღის ფარგლებში („რეორგანიზაციის“ საფარითა და ფაკულტეტების „ოპტიმიზაციით“) სასწავლებლიდან გაუშვეს რუსეთში ცნობილი პროფესორები. როგორც დუბროვსკი ამბობს, სასწავლებლის ახალ რექტორს, ნიკიტა ანისიმოვს პირდაპირი ჰქონდა დავალებული, მისულიყო პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში და „ლიბერასტების ბუდე“ მოეშალა. „და რადგან ნაწილობრივ ასეთად ვიყავი იდენტიფიცირებული, ამიტომ მეც გამრიცხეს“, - იხსენებს მეცნიერი.
აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც დმიტრი დუბროვსკის საბოლოო უთხრეს უარი უმაღლეს სასწავლებელში დარჩენასა და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებაზე, 2022 წლის 24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს გაიმართა.
„ონლაინ ვესწრებოდი აკადემიური საბჭოს სხდომას, როცა მითხრეს, სამხედრო მოქმედებები დაიწყოო, - იხსენებს მეცნიერი, - ამის შემდეგ აბსოლუტურად აღარაფრის გარკვევის სურვილი აღარ მქონდა“.
დმიტრი დუბროვსკი პრაღაში გადავიდა, კარლოსის უნივერსიტეტში, 2022 წლის აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მეცნიერის მონაცემები „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიტანა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი მუშაობა რუსეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში.
„არ შემიწყვეტია არანაირი კვლევა; პირიქით, სინამდვილეში უფრო მეტად ჩავერთე მეცნიერებაში, რადგან ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობ როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ საქმიანობას. ასე რომ, თუ მათ სურდათ ჩემი გაჩუმება, ვერ შეძლეს“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.
რუსი მეცნიერების მიგრაციის მასშტაბზე მსჯელობა შესაძლებელია Scopus-ის (ბიბლიოგრაფიული და ციტირების მონაცემთა ბაზის) გამოყენებით. ავტორთა ძირითადი აფილიაციის ქვეყნების მიხედვით: 2022 წელს რუსეთი დატოვა 1465 მეცნიერმა, 2023 წელს - 1938-მა. ამასთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თავმჯდომარემ, ვალენტინ პარმონმა, განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50 000 მკვლევარი დაკარგა.
სამეცნიერო აფილიაციის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, როგორც წესი, არა რუსეთის სასარგებლოდ. კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გადახედეს ყველა რუსული აფილიაციის პუბლიკაციას 1996 წლიდან 2020 წლამდე - საუბარია 2,48 მილიონ სტატიასა და 659 000-ზე მეტ საავტორო პროფილზე. თვალი მიადევნეს მეცნიერების გადაადგილებას გამოქვეყნების მისამართების ცვლილებების მიხედვით და აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 5,2% იყო მობილური, თუმცა მათზე მოდიოდა სტატიების საერთო რაოდენობის 28%. 1990-იანი წლების ბოლოდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდში რუსეთი სტაბილურად კარგავდა მკვლევრებს (2000 წელს ყოველ 1000 მეცნიერზე 21,4 წასული და 12,7 ჩამოსული მოდიოდა). 2014 წლისთვის ბალანსი დადებითი გახდა, მაგრამ 2018 წლისთვის ისევ მინუსებში წავიდა. ამასთან, როგორც წესი, წასულების ციტირების ინდექსი უფრო მაღალია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველაზე მეტად დაზარალდა ნეირომეცნიერება, decision sciences (მენეჯმენტის ანალიტიკა და ოპერაციების კვლევა), მათემატიკა, ბიოქიმია და ფარმაკოლოგია. მკვლევართა დანაკარგები ასევე შესამჩნევი იყო ქიმიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ქიმიურ ინჟინერიაში, მასალათმცოდნეობაში, ფსიქოლოგიაში, მედიცინასა და ფიზიკაში.
„რაციონალური არჩევანი - არ აირჩიო მეცნიერება“
რუსი ექსპერტები, სამეცნიერო-კვლევითი სფეროებიდან სპეციალისტების გადინების მიზეზთა ჩამოთვლისას, საუბარს იწყებენ ეკონომიკური ფაქტორებით: ძვირადღირებული განათლება პლუს მეცნიერთა დაბალი ხელფასები.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი იულია გალიამინა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა და ამ პერიოდში მისი ხელფასი 14 ათასი რუბლიდან 18 ათას რუბლამდე გაიზარდა (1000 რუბლი – 12 აშშ დოლარი). რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიაში, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, დამატებით 40 ათას რუბლს გამოიმუშავებდა. ჯამში მისი ყოველთვიური შემოსავალი 700 აშშ დოლამდე აღწევდა.
ექსპერტთა თქმით, რუსეთში კორპორაციულ სექტორში ხელფასები რამდენჯერმე მაღალია, შესაბამისად დღევანდელი ახალგაზრდობა უბრალოდ უარს ამბობს მეცნიერების სფეროში მუშაობაზე.
„ჩემი შვილიშვილი, რომელიც მალე 18 წლის გახდება, ძალიან პრესტიჟული სკოლის მე-11 კლასშია (დიდი გაჭირვებით მოიპოვა ადგილი საკუთარი ჭკუის წყალობით). ძალიან კარგად ვიცნობ მის თანაკლასელებს და იმას, რისკენაც ისწრაფვიან, - ამბობს სანქტ-პეტერბურგელი ოლგა პ., - კლასში მყოფი 30 მოსწავლიდან ცოტა თუ ირჩევს ისეთ სპეციალობას, რომელიც მათ მოგვიანებით მეცნიერებამდე მიიყვანს. ისინი ირჩევენ ისეთ სპეციალობებს, რომლებიც მათ კარგად ანაზღაურებად სფეროებში მუშაობის საშუალებას მისცემთ: ენერგეტიკა, სამთო მოპოვება და ა.შ.“
თავად ოლგა პ.-მ მეცნიერება 1990-იანი წლების ბოლოს მიატოვა. მანამდე დაიცვა დისერტაცია მიკოლოგიაში და ასწავლიდა მიკრობიოლოგიასა და იმუნოლოგიას სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. ეს იყო წლები, როდესაც მათ მთელი ქალაქიდან უწევდათ მოლიბდენის მინის ჭურჭლის შეგროვება და სხვა ინსტიტუტებში მომუშავე კოლეგებთან ელექტროდებისა და რეაგენტების გაცვლა. “აღჭურვილობისა და სადემონსტრაციო საშუალებების გარეშე მუშაობა შეუძლებელი იყო, - იხსენებს ყოფილი მეცნიერი, - იცით, მიკროსკოპში ჩვენების ნაცვლად დაფაზე მიკროორგანიზმების დახატვა მასწავლებლისთვის საკმაოდ დამამცირებელია“.
„რუსეთის სამეცნიერო სისტემა, რეფორმების თვალსაზრისით, ჩამორჩა როგორც რუსეთის სხვა ეკონომიკურ სექტორებს, ასევე მსოფლიოში აკადემიური ბაზრის განვითარებას“, - ამბობს ოლგა ორლოვა, მთავარი რედაქტორი გამოცემისა T-invariant-ი, რომელიც აკადემიური საზოგადოების პრობლემების შესახებ წერს.
“საუბარია, არა უეცარ (ომის დაწყებით გამოწვეულ) კოლაფსზე, - შენიშნავს ორლოვა, - არამედ გრძელვადიან ტრენდზე: რუსული მეცნიერება 2015 წლიდან კარგავს კადრებს. მიზეზი ის არის, რომ ომამდე რუსული უმაღლესი განათლება გლობალურ ბაზარზე იყო ორიენტირებული.
„ახალგაზრდებმა, რომლებიც თავიანთ კარიერას აკადემიურ ცხოვრებას უკავშირებდნენ, იცოდნენ, რომ გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯები საწყის ეტაპზევე უნდა გადაედგათ, - ამბობს ორლოვა, - სხვადასხვა პროგრამის წყალობით, რუს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ, ხოლო მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ დოქტორანტურაშიც ჩაებარებინათ. და რაც უფრო მალე შეხვალთ ამ გლობალურ სამეცნიერო მდინარეში, მით უფრო ადვილი იქნება თქვენთვის ცურვა და ნავიგაცია. ვთქვათ, თუ უკვე ხართ დოქტორანტი რუსეთში, საერთაშორისო სამეცნიერო კარიერის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, ეს უფრო ადვილია. სწორედ ამიტომ, მეცნიერებაზე ორიენტირებული ადამიანები ცილობდნენ ადრეულ ეტაპზე წასულიყვნენ რუსეთიდან“.
მობილურობა მეცნიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რუსეთის შემთხვევაში მას ცალმხრივი ხასიათი ჰქონდა, - აღნიშნავს ორლოვა, - რადგან „სამუშაო პირობები არასრულფასოვანი და არათანაზომადი იყო“:
„22 წლამდე რუსეთი ორიენტირებული იყო უცხოელი მეცნიერების მოზიდვაზე. მაგრამ ნორმალური მუშაობის პირობები შეიქმნა მხოლოდ რამდენიმე, ცნობილი მეცნიერისთვის, რომელთა მოწვევა ხდებოდა როგორც ლაბორატორიების შემდგარი ხელმძღვანელებისა, როგორც ციტირების მაღალი ინდექსის მქონე მეცნიერებისა. მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი მიმზიდველი იყო უცხოელი ასპირანტებისთვის ან პოსტდოქტორანტებისთვის - შეუძლებელია. რუსეთში უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულად არ არსებობდა „პოსტდოქტორანტურის“ მსგავსი პოზიციები - ანუ როცა ადამიანი იცავს დისერტაციას, ეძებს დროებით პოზიციას ამა თუ იმ უნივერსიტეტში და იწყებს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას. რუსეთში იურიდიულად შეუძლებელი იყო ახალგაზრდა უცხოელი სპეციალისტის აკადემიურ ინსტიტუტში დასაქმება. ამ გაგებით, რუსეთი გლობალური ბაზრის არათანასწორი მონაწილე იყო, რის გამოც ხდებოდა ახალგაზრდების გადინება”.
ომმა ეს ტენდენცია განამტკიცა. T-invariant-ის მთავარი რედაქტორის, ოლგა ორლოვას თქმით, მსოფლიოში არ არსებობს იზოლირებულ და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის მაგალითები. რუსეთის შემთხვევაში კი იზოლაცია ორმაგია: რუსეთის მოქალაქეებს თავად ხელისუფლება უკრძალავს კომუნიკაციას ისეთ „არამეგობრულ ქვეყნებთან“, რომლებშიც კონცენტრირებულია მსოფლიო მეცნიერების ბირთვი:
„ახალგაზრდა მეცნიერი ხარ და იცი, რომ შენი დარგის უძლიერესი კვლევითი ცენტრები აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია, მაგრამ შენ გეუბნებიან: „ნუღარ გაიხედავ დასავლეთისკენ, ყველა ცოდნა, რაც მეცნიერების შესახებ გჭირდება, ჩინური უნივერსიტეტის მეშვეობით მოგივა“. არიან ისეთებიც, ვინც ამას დაეთანხმა, დარჩნენ რუსეთში და აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ბევრმა თქვა: „არა, ბოდიში, მაგრამ ასეთი კასტრირებული სამეცნიერო ურთიერთობა არ მაწყობს“. ამის გამო, ომის დაწყებასთან ერთად, ბევრმა ახალგაზრდამ, მომავალმა მეცნიერმა, დატოვა რუსეთი”.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბოლო წლებში ექსპონენციურად გაძლიერდა კონკურენცია, რაც განპირობებულია აკადემიურ ბაზარზე ახალი და მნიშვნელოვანი ქვეყნების, ძირითადად ინდოეთისა და ჩინეთის გამოჩენით.
„ინდოეთს უბრალოდ დიდი მოსახლეობა აქვს და მისი განათლების სექტორი სწრაფად იზრდება. შესაბამისად, ინდოელი სტუდენტ-ასპირანტები მნიშვნელოვნად ამძაფრებენ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე. ჩინელი ასპირანტები და სტუდენტები ალბათ, გლობალური ბაზრის ყველაზე კონკურენტუნარიანი მოთამაშეები არიან. ჩინეთს მილიარდზე მეტი მცხოვრები ჰყავს. ამ მილიარდიდან ერთი მილიონი განათლებული, მოტივირებული ჩინელიც კი საკმარისია ბაზარზე დომინაციისთვის. ამიტომ, რუსი სტუდენტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ძალიან რთულია მათთან კონკურენცია“, - ამბობს ოლგა ორლოვა.
„აკადემიურ სფეროში საქმიანობა ყველაზე რთული და კონკურენტუნარიანი ბიზნესია იმათ შორის, რაც კი პლანეტაზე არსებობს“, - ადასტურებს დიმიტრი დუბროვსკი, რომელმაც, კოლეგებთან ერთად, გამოთვალა, რომ პოლიტიკურ მეცნიერებათა ყველა ფაკულტეტზე მიღებული ყოველი ათასი სტუდენტიდან მხოლოდ ერთი გახდება პროფესორი. მისი თქმით, ასეთი სტატისტიკა არცერთ სხვა ბიზნესში არ გვხვდება.
„სამუშაო ადგილები უკიდურესად მწირია და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები გლობალურად ზოგადად მცირდება. გარდა ამისა ისინი იხრებიან digital humanities-კენ, big data ანალიზისკენ და კომბინირებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან და მაღალ ტექნოლოგიებთან. თუმცა, საერთო ჯამში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მასწავლებლებისა და მკვლევართა პოზიციები მცირდება. ასევე მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. ეს ძალიან რთული ბაზარია. რუსეთში კი ამ სირთულეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ნელ-ნელა მცირდება. ნაკლები ფული, ნაკლები სამუშაო ადგილი და საერთო ჯამში ნაკლები პერსპექტივა. ამიტომ, რაციონალური არჩევანი მეცნიერებაში არ წასვლაა; ეს აბსოლუტურად სწორია. ადამიანები მიდიან ბიზნესში, წარმოებაში”.
ამასთან, დუბროვსკის აზრით, დროის დახარჯვა და პირადი ინვესტიციის გაღება უმაღლეს განათლებაში, მათ შორის აკადემიური ხარისხის მიღებაში, ყოველთვის გამართლებულია:
„სამეცნიერო მომზადების მქონე ადამიანი კარგი ბიზნესმენია. შეხედეთ, რამდენი საბჭოთა ფიზიკოსი გახდა შესანიშნავი ბიზნესმენი, დაწყებული დმიტრი ზიმინიდან. მეცნიერების შესწავლა ყოველთვის ამართლებს. სხვა საკითხია, რომ ეს მეცნიერებისთვის დანაკარგია, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს საკითხია, რამდენად მისაღებია ეს. ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს: როდესაც მას აღარ მოსწონს, რასაც აკეთებს, ის სხვა რამის კეთებას იწყებს. მაგრამ თუ ეს იძულებით ხდება, ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფაა”.
დმიტრი დუბროვსკის თქმით, ზეწოლის დამატებითი ფაქტორია მეცნიერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღიძრა ე.წ. ეკონომიკური მუხლებით ან ღალატის ბრალდებით (უცხოელებთან მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის) - ყველა ეს შემთხვევა საჯაროდ ხმაურდება, რაც კიდევ უფრო მეტად აფრთხობს ახალგაზრდა მკვლევართა საზოგადოებას.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ სამეცნიერო ორგანიზაციებში, სადაც ასეთი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, ამან ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებზე. ზოგიერთმა საერთოდ მეცნიერებიდან წასვლა გადაწყვიტა, ზოგიერთმა კი წმინდა თეორიულ კვლევებზე გადართვა ამჯობინა, - ამბობს ოლგა ორლოვა, - ამის გამო ხელისუფლება ცდილობს, რომ ცალკეულ მეცნიერთა სისხლის სამართლის საქმეები დიდად არ გახმაურდეს. ასეთი საქმეები, მაშინაც კი თუ დაკავშირებული არ არის “სამშობლოს ღალატის” ბრალდებასთან, პრაქტიკულად არ ხვდება რუსულ მედიაში. შესაბამისად ახალგაზრდებმა ხშირად არ იციან, თუ რამდენად გავრცელებულია თანამედროვე რუსეთში მეცნიერების წინააღმდეგ აღძრული ეს საქმეები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთ რეგიონში მცხოვრებმა მეცნიერებმა არ იცოდნენ რა ხდება სხვა რეგიონში ან თუნდაც მეზობელ ინსტიტუტში. ასეთ პირობებში ადამიანები ვერ უცხადებენ ერთმანეთს სოლიდარობას და დაუცველი რჩებიან”.
რუსეთი კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს სამეცნიერო კვლევებსა და ტექნიკურ განვითარებაში.
- აშშ-ში კვლევასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე დახარჯული თანხების მოცულობა 2022 წელს 892 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2023 წელს - დაახლოებით 940 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის მშპ-ს 3.43%-ს შეადგენს. ამასთან, მეცნიერების მთავარი მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორია: მთლიანი ხარჯის 78% ბიზნესზე მოდის.
- 2024 წელს ჩინეთმა კვლევასა და განვითარებაზე 3,613 ტრილიონი იუანი (100 იუანი - 14$) დახარჯა (წინა წელთან შედარებით ზრდა 8,3%), რაც ჩინეთის მშპ-ის 2,68%-ია.
- რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორ ქვეყანას: 2023 წელს სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე რუსეთმა დაახლოებით 1,6 ტრილიონი რუბლი (1000 რუბლი - 12$), ანუ თავისი მშპ-ის 0,96% დახარჯა. ამასთან, რუსეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი დამფინანსებელი (მთლიანი ხარჯის 2/3) სახელმწიფოა.
ფორუმი