Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დანაკარგები უზარმაზარია“ - როგორია რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევის შედეგები და რა მოხდება შემოდგომაზე?


„ისინი გაიჭედნენ სივერსკთან, ტორეცკთან, ჩასივ იარის მახლობლად...“ (ილუსტრირებული ფოტო)
„ისინი გაიჭედნენ სივერსკთან, ტორეცკთან, ჩასივ იარის მახლობლად...“ (ილუსტრირებული ფოტო)

ზაფხულის სამთვიანი იერიშის განმავლობაში, რუსეთის არმიამ ლოკალური წინსვლა განახორციელა რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და ვერ შეძლო ფრონტის ხაზის  სტრატეგიული გარღვევა.

რუსეთის არმიის ე.წ. ზაფხულის შეტევითი კამპანია, რომელიც ჯერაც გრძელდება, ფაქტობრივად, აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც ოკუპანტებმა ტორეცკის მიმართულებით გადააჯგუფეს მე-8 საველე არმია და აქტიური შეტევითი ოპერაციები დაიწყეს.

რადიო თავისუფლების პროექტის Donbass.Realii-ის კორესპონდენტები უკრაინელ სამხედროებსა და სამხედრო ექსპერტებს ესაუბრნენ რუსეთის ზაფხულის კამპანიის შედეგებსა და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„ციხე-სიმაგრეების სარტყელი“

დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციაზე შეტევისათვის უმნიშვნელოვანესი ქალაქების - ტორეცკის, პოკროვსკის და ჩასივ-იარის სრულად აღება.

რუსეთის არმია აქაც მიმართავს ფლანგებიდან შემოვლის ნაცად ტაქტიკას, რომელიც მუშაობს. თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც რუსეთის სარდლობა ისურვებდა.

ეს არ არის ის კვალიფიკაცია, რომელიც ქალაქში ომისთვისაა საჭირო. კევლიუკი

„ჩვენ გვაქვს პირობითად კარგად გამაგრებული ოთხი ქალაქი, რომლებიც მზად არიან ყოვლისმომცველი თავდაცვისთვის. მათთან საბრძოლველად მტერს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება კარგად გაწვრთნილი მოიერიშე ქვეითები, რომლებიც, როგორც დღეს ვხედავთ, რუსებს ეს არ ჰყავთ.

ჩვენი ქვედანაყოფების მეთაურების ცნობებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კონტაქტურ ბრძოლებში, ოკუპანტებს ჰყავთ ცუდად გაწვრთნილი ძალები, ხშირ შემთხვევაში რუსული ციხეების ყოფილი პატიმრები, რომლებსაც მხოლოდ 7-, 10- ან 14-დღიანი მომზადება აქვთ გავლილი. ეს არ არის ის კვალიფიკაცია, რომელიც ქალაქში ომისთვისაა საჭირო.

უკრაინული ნაღმტყორცნები პოკროვსკის რაიონში რუს ქვეითებს ესვრიან. ფოტო: 93-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის პრესსამსახური
უკრაინული ნაღმტყორცნები პოკროვსკის რაიონში რუს ქვეითებს ესვრიან. ფოტო: 93-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის პრესსამსახური

და მეორეც, ისეთი რთული ობიექტის ხელში ჩასაგდებად, როგორიცაა კარგად გამაგრებული ქალაქების სარტყელი, აუცილებელია მობილურობის (გადაადგილების) საშუალებების დიდი რაოდენობა ანუ იქ, სადაც იკვეთება წარმატება, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს წინსვლა, პოზიციების წინ წაწევა და, თუ შესაძლებელია, მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების მაქსიმალური გარღვევა.

ამისათვის საჭიროა კვალიფიციური დაზვერვა, მობილურობის უზრუნველმყოფი საშუალებები, რომლებიც უკვე ვახსენეთ - საბრძოლო მანქანები და არა უბრალოდ კვადროციკლები, მოტოციკლები, მსუბუქი ავტომობილები, სკუტერები, ჯიპები და სხვა მსგავსი "ჯიჰადმობილები" - ეს ყველაფერი საკმარისი არ არის“, - აღნიშნავს ვიქტორ კევლიუკი, თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ექსპერტი.

ზაფხულის მთელი კამპანიის განმავლობაში რუსეთის არმია აქტიურად ცდილობდა სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გარღვევას კონსტანტინოვკამდე.

ამ მიმართულებით ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაიკავეს კიდეც, თუმცა ამ ზაფხულში რუსეთის არმიას უზარმაზარი დანაკარგები ჰქონდა. ესკობარი

„მოკლედ ვიტყვი: ჯოჯოხეთური ზაფხული იყო. მტრის მხრიდან ბევრი იერიში განხორციელდა. მათი ტაქტიკა არ იცვლება - მცირე მოიერიშე ჯგუფები, მოტოციკლები, კვადროციკლები, ელექტრო სკუტერები - ისევე, როგორც ყველა სხვა ადგილებში. მაგრამ ჩვენთან, ალბათ, ცოტა უფრო მძიმე ვითარება იყო. ვერ ვიტყოდი, რომ მათ წარმატებები არ ჰქონიათ, მაგრამ მგონია, რომ ეს წარმატებები ვერ ამართლებს მათსავე დანაკარგებს.

ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ დაიკავეს ტერიტორიის რამდენიმე უბანი სწორედ ამ მიმართულებაზე, მაგრამ ამ ზაფხულში უზარმაზარი დანაკარგები ჰქონდათ“, - ამბობს უკრაინის ეროვნული პოლიციის მოიერიშე ბრიგადის, „ლუტის“ საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური „ესკობარი“ (სახმობის ნიშანი).

რუსული არმია თითქმის ყოველდღიურად ბომბავს კონსტანტინოვკას ავიაციის გამოყენებით.
რუსული არმია თითქმის ყოველდღიურად ბომბავს კონსტანტინოვკას ავიაციის გამოყენებით.

„საოცრებათა ტყე“

ტორეცკის, პოკროვსკისა და ჩასივ-იარის რაიონებში წინსვლის გარდა, რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა სერებრიანსკის ტყის მიმართულებით, რამაც რუსულ FPV-დრონებს საშუალება მისცა, სამიზნეში ამოეღოთ დონბასისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური არტერია - ხარკოვი-კრამატორსკის გზატკეცილი.

„რაც შეეხება ლიმანის მიმართულებას - როდესაც მოწინააღმდეგე ქმნის 6:1-ზე უპირატესობას, ზოგიერთ უბანზე კი 20:1-ზეც, უკიდურესად რთულია დაცვის წარმოება და იმავე პოზიციებზე დარჩენა, რომლებზეც ამ უპირატესობის მოპოვებამდე იყავი. დიახ, უკრაინულმა დანაყოფებმა უკან დაიხიეს და არა მხოლოდ სერებრიანსკის ტყისკენ. ისინი თანდათან უკან იხევენ მდინარე ჩორნი ჟერებეცისკენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ იქ არსებული პლაცდარმი, მაგრამ მდინარე სივერსკი დონეცის მეორე ნაპირი საშუალებას გვაძლევს გავმაგრდეთ ძალიან ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციაზე, რაც მნიშვნელოვანია ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მტერი წინ მიიწევს ბრძოლებით განადგურებულ რელიეფზე. იქ ფაქტობრივად არაფერი დარჩა, რაც საცხოვრებლად და მარაგების შესანახად გამოდგება“, - განმარტავს ვიქტორ კევლიუკი.

„ეს დანაყოფები ადრე უნდა შეეცვალათ“

ფრონტის ხაზის ყველაზე მასშტაბური გარღვევა მოხდა აგვისტოს შუა რიცხვებში - დობროპილიას მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებთან - კუჩერივ იართან და ზოლოტოი კოლოდიაზთან. პროექტ Deep State-ის თანახმად, მაშინ ოკუპანტებმა შეძლეს უკრაინის თავდაცვის სიღრმეში 10 კილომეტრზე შეღწევა. ამ მომენტისათვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე რუსული არმიის წინსვლის შეჩერება და რამდენიმე სოფლის გათავისუფლება.

„ფრონტის ამ მონაკვეთზე, დაცვის თვალსაზრისით, დიდი ხნის განმავლობაში ცუდი ვითარება იყო. ეს სიტუაცია ერთ კვირაში არ შექმნილა. იქ განლაგებული დანაყოფები გაცილებით ადრე უნდა შეეცვალათ. მაგრამ ეს არ გაკეთებულა. მტერი უბრალოდ მიაწვა იქ, სადაც სუსტი ადგილი იყო და მისმა ქვეითმა ჯარმა მოტოციკლებით, "ბაგიებითა" და სკუტერებით უბრალოდ შემოუარა ჩვენს პოზიციებს და მოგვექცა ზურგში, სადაც პოზიციები არ გვქონდა.

დობროპილის მახლობლად დასახლებული პუნქტების გაწმენდა რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან. ფოტო: უკრაიანის 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა
დობროპილის მახლობლად დასახლებული პუნქტების გაწმენდა რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან. ფოტო: უკრაიანის 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა

როდესაც მტერი წინაც არის და უკანაც, როცა ფორტიფიკაციებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობა არ გაქვს, რაღა დაგრჩენია? უკან დახევა. ამის შემდეგ, ეს გამაგრებები მტრის ხელში გადადის და ახლა იქიდან გვებრძვიან. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს; მობილური ჯგუფებით საკმაოდ შორს შემოაღწიეს.

ვერ ვიტყოდი, რომ თავიდან ბევრნი იყვნენ, მაგრამ როდესაც ჩვენი რეზერვი მივიდა და კონტრშეტევა დაიწყო, მტერს უკვე გარკვეული რაოდენობის ხალხი ჰყავდა თავმოყრილი. შესაბამისად, ჩვენს „სახანძრო ბრიგადას“ მოუწია არა ათეულობით, არამედ ასეულობით მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. ამჟამად უპირატესობა ჩვენს დანაყოფებს აქვთ.

ისინი წმენდენ ტერიტორიას. ნაადრევია იმის თქმა, რომ ვითარება სტაბილური გახდა. ხვალ შეიძლება დაიწყოს მეორე ფაზა - მოწინააღმდეგე გადმოისვრის რეზერვებს და შესაძლოა დისპოზიცია კვლავ შეცვალოს“, - ამბობს ოლექსანდრ კარპიუკი, 59-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის უპილოტო სისტემების ბატალიონის სერჟანტი.

„იქნება თუ არა შეტევა დნიპროზე?“

„პირველ რიგში, საოკუპაციო ძალების წინაშე ასეთი პოლიტიკური მიზანი არ დგას. მეორეც, რა აზრი აქვს წინსვლას, თუ შემდეგ მოგიწევს კომუნიკაციების უკიდეგანოდ „გაშლა“, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს უკრაინულ დრონებსა და არტილერიას იოლად გაანადგურონ რუსული არმიის ლოგისტიკური კავშირები ისე, როგორც გაანადგურეს 2022 წელს. ქვედანაყოფები დარჩებიან საწვავის, საბრძოლო მასალების, საკვებისა და წყლის გარეშე”, - განმარტავს ვიქტორ კევლიუკი.

საერთო ჯამში, პროექტ Deep State-ის თანახმად, ზაფხულის სამი თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის 1500 კვ. კილომეტრის ოკუპაცია. შედარებისთვის, ეს დაახლოებით კიევის ზომის ორი ქალაქის ფართობია.

დაპყრობილი ტერიტორიების უმეტესობა - დაახლოებით 60% - დობროპილიე-ტორეცკ-პოკროვსკის ფრონტის უბანზე მოდის, 25%-მდე კი - პირობითად ავდიივკის მიმართულებაზე, პოკროვსკის სამხრეთით.

უკრაინელი ჯარისკაცები ემალებიან რუსულ FPV დრონებს. პოკროვსკის მიმართულება
უკრაინელი ჯარისკაცები ემალებიან რუსულ FPV დრონებს. პოკროვსკის მიმართულება

„ნოვოპავლივსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ მიაღწია დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ასრულებს სამხრეთის ფრონტის ფორმირებას „ციხესიმაგრეების სარტყლის“ ალყაში მოსაქცევად და, უპირველეს ყოვლისა, პოკროვსკზე შემდგომი იერიშისთვის.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის არმიის დაჯგუფება „ცენტრის“ სარდლობას არ სურს პოკროვსკზე პირდაპირი, სწორხაზოვანი იერიშის მიტანა - მათ აქვთ ბახმუტისა და ავდიივკის სამწუხარო გამოცდილება. ამიტომ, ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას ორი მხრიდან, ლოგისტიკის მოშლას უკრაინული გარნიზონებისთვის და ამით დიდი დანაკარგების თავიდან აცილებას.

თავდაცვითი ძალების ქალაქიდან განდევნა არ გამოუვათ, მაგრამ ვითარება, რომელიც სამხრეთში იქმნება, ჩემი აზრით, ამჟამად ძალიან სერიოზულია. თუ იქ უახლოეს დროში არ გამოჩნდებიან უკრაინის თავდაცვის ძალების ახალი ბრიგადები, შესაძლოა ჩვენ მნიშვნელოვანი ოპერატიული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ“, - აღნიშნავს კევლიუკი.

აშკარაა, რომ აგრესორი ქვეყნის არმიას არ ჰყოფნის სამხედრო რესურსები, რათა ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაარღვიოს ფრონტის ხაზი. ამიტომ, რუსული სარდლობა იძულებულია ძალები მნიშვნელოვან მიმართულებებზე დააგროვოს, რათა ტაქტიკურ წარმატებას მაინც მიაღწიოს.

„რუსეთის არმიამ პოკროვსკის მიმართულებაზე მართლაც მოუყარა თავი 100 000-დან 110 000-მდე ჯარისკაცს. ცოტა ხნის წინ იქ სუმის ოლქიდან ჩავიდნენ საზღვაო ქვეითთა ბრიგადები. საუბარია არსებული ხუთი ბრიგადიდან ოთხზე. ასეთი დაჯგუფების შექმნა იმაზე მიუთითებს, რომ ოკუპანტებს არ გააჩნიათ ძალა და საშუალებები, რათა მიაღწიონ რაიმე გონივრულს იმ ვადებში, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობამ დაუსახა „ცენტრის“ სარდლობას“.

რა თქმა უნდა, ისეთი დეტალები, როგორიცაა მოიერიშე ჯგუფების შექმნა, მიუთითებს შეტევითი ოპერაციის სამზადისზე, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მტერმა ისეთი დანაკარგები განიცადა, რომ ის იძულებული გახდა ყველა არსებული რესურსი ერთი მიმართულებით გადაესროლა და უარი ეთქვა ყველა სხვა მიმართულებით წინსვლაზე“, - ამბობს ვიქტორ კევლიუკი.

„საჭიროა მეტი დრონი“

ოლექსანდრ კარპიუკი ამბობს, რომ ფრონტის სტაბილიზების საშუალებას არ იძლევიან რუსეთის უპილოტო სისტემების სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები ზაფხულში და ისწავლეს წინსწრებით მოქმედება. ისინი ითვალისწინებენ უკრაინული დრონების სიხშირეებს და სისტემატურად აფართოებენ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მოქმედებების არეალს.

„მათ ძალიან კარგი რადიოელექტრონული დაზვერვა აქვთ დიდი რაოდენობით ტაქტიკური რადარების (მათ შორის СОПКА-2-ის ტიპის დიდი რადარების) სახით. ამ რადარებს შეუძლიათ სამიზნეების აღმოჩენა 100 მეტრის სიმაღლეზეც კი. მაგალითად, ვიღაც ცდილობს გაარღვიოს თქვენი თავდაცვის ხაზი, მოფრინავენ მოტოციკლისტები ან ქვეითი ჯარი უბრალოდ ცდილობს შემოუაროს პოზიციებს და ზურგში მოგექცეს. თქვენ უნდა გაანადგუროთ ისინი. რით? Mavic-ი და FPV უკვე აღჭურვილია ელექტრონული ბრძოლის სისტემებით, რომლებიც ამ დრონების სიხშირეებზე მუშაობენ. ასე რომ, ჩვენი კამიკაძე დრონები დიდი რაოდენობით იკარგებიან. „ბაბა იაგა?“ მათ აქვთ რადარები, რომლებიც ამ ჩვენს "ბომბერებს" აფრენამდეც კი აფიქსირებენ“.

კარს მომდგარი შემოდგომა-ზამთარი უკრაინის არმიას ახალ გამოწვევებს მოუტანს. როდესაც ხეებს ფოთლები დასცვივდება, დრონებისგან დამალვა გაცილებით რთული იქნება. ამინდიც მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაში.

„ჩვენ გვჭირდება მეტი „მავიკები“ და მეტი „ბომბერები”, მეტი პატარა ტაქტიკურ-სადაზვერვო დრონი, მეტი პატარა კლასის ფრთა, ისეთები როგორიცაა „ვალკირია“ ან მინი „შარკი“ ანუ ყველაფერი გვინდა იმისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში ღრუბლებს ქვემოთ ვიფრინოთ 400-500 მეტრის სიმაღლეზე. რადგან იქნება წვიმები, იქნება დაბალი ღრუბლები, სადაზვერვო დრონებიც ნაკლებად ეფექტიანად იმუშავებენ, რაც უთუოდ მოახდენს გავლენას ოპერატიულ ინფორმირებულობაზე.

თუ ეს საშუალებები გვექნება, საქმეს დიდად გავიიოლებთ. თუ კვლავ დავიგვიანებთ, საქმე გაცილებით უარესად იქნება, რადგან ამ დაგვიანებამ შეიძლება ფრონტზე მოულოდნელი შედეგების ინსპირირება გამოიწვიოს“, - აღნიშნავს ოლექსანდრ კარპიუკი.

„ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე - მტერმა შემდგომი იერიშისთვის თუნდაც ხელსაყრელ პოზიციებს რომ მიაღწიოს - არაფერი ზებუნებრივი არ მოხდება. მტერს, უფრო სწორად, მტრის შტაბებს, ძალიან უყვართ ობიექტების ორი მხრიდან შემოვლა.

ვხედავთ ჩრდილოეთიდან რაღაც მოიწევს, სამხრეთიდანაც, მაგრამ აგლომერაცია ოთხი ქალაქია და სასურველია, რომ დასახლებულ პუნქტებს შორისაც მოხდეს რაღაც სივრცეების მოცვა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მოწინააღმდეგეს რამე გეგმები აქვს თუნდაც ჩანასახის დონეზე.

უკრაინული მძიმე დრონის (ბომბდამშენის) გაშვება. ჩასივ იართან. ფოტო: უკრაინის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესსამსახური
უკრაინული მძიმე დრონის (ბომბდამშენის) გაშვება. ჩასივ იართან. ფოტო: უკრაინის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესსამსახური

ისინი ჩარჩენილები არიან სევერსკთან, ტორეცკთან, ჩასივ იარის მახლობლად და ვიდრე არ გადაწყდება ეს ტაქტიკური ამოცანები, „ციხესიმაგრეების სარტყელზე“ რამე სახის შემდგომი იერიში და თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიების სახით გამოვყოფდი ლიმანსკის, პოკროვსკის, ნოვოპავლივსკის და ორიხივის მიმართულებებს. „ბოლო ორი ვარსკვლავიანი ამოცანაა, რომლებიც საშინაო დავალების შესრულების შემდეგ უნდა ამოიხსნას“, - ასკვნის ვიქტორ კევლიუკი.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ოლქს - კევლიუკი მიიჩნევს, რომ საკმაოდ სახიფათოდ გამოიყურება პლავნი-სტეპნოგირსკის ფრონტის მონაკვეთი, რადგან მოწინააღმდეგეს შეუძლია გავიდეს ისეთ პოზიციაზე, საიდანაც მისი ქვემეხები და ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები ზაპოროჟიეს გარეუბნებს მისწვდებიან.

ამ ეტაპზე რუსეთის არმიამ ამ მიმართულებით გადაისროლა ორი ახალი დივიზია, რომლებიც არ არიან ბრძოლებით გამოფიტული, ამან კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რეგიონში სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG