- “ჯანმრთელი ყვითელი ფერი” თუ საღებავი?
- მოთხოვნა ამართლებს მიწოდებას? - როგორ ღებავენ ქათამსა და კვერცხს
- ხელოვნური გასაყვითლებლები - უსაფრთხოა? რატომ შეზღუდეს ევროკავშირში?
- “თეთრი ქათამი აქ არ იყიდება” - რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი
- რა საფრთხეს უქმნის ქიმიური საღებავი ადამიანს
- ატყუებენ თუ არა მყიდველს?
- და მაშინ, რატომ ჭარბობს ბაზარზე არაბუნებრივი ფერის ქათმები?
- რას ამბობენ მსხვილი სავაჭრო ქსელები
“ჯანმრთელი ყვითელი ფერი” თუ საღებავი?
ქმარს და ორ შვილს სახლში ჯანსაღი სადილი რომ მოუმზადოს, ნინო, 45 წლის მასწავლებელი თბილისიდან, მხოლოდ გაუყინავ, ადგილობრივ პროდუქტებს ყიდულობს.
ოჯახში ქათმის ხორცი უყვართ. ნინოც კვირაში რამდენჯერმე ყიდულობს ნედლ მთლიან ქათამს - ნაწილს ხარშავს, ბულიონს აკეთებს ბავშვებისთვის, დარჩენილ ნაწილს კი ყველაზე ხშირად წვავს.
ქათმის შერჩევისას ნინო ორ რამეს აქცევს ყურადღებას: ქათმის ზომას და “ჯანმრთელ, ყვითელ ფერს”. შეძენისას ყოველთვის აზუსტებს, არის თუ არა ქათამი ყვითელი სიმინდით გაზრდილი. ნინოსთვის ქათმის ყვითელი შეფერილობა სოფლის ქათამთან ასოცირდება, თუმცა მან, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ, არ იცის, რომ საქართველოში დღეს ქათმის ხორცის დიდი ნაწილი ხელოვნურად, საღებავებითაა გაყვითლებული.
ნინოსთვის ქათმის ხორცის შეღებვის ამბავი დაუჯერებელი იყო, სანამ თავად არ დარწმუნდა. რადიო თავისუფლების თხოვნით მან “სოფლის ყვითელ დედალს” ორი ფოტო გადაუღო - მოხარშვამდე და მოხარშვის შემდეგ.
მოხარშვის შემდეგ ქათმის კანი ნაწილობრივ გათეთრდა, ყვითელი ფერი კი ნახარშმა წყალმა მიიღო.
ამ ცვლილებას, რომელმაც უსიამოვნოდ გააკვირვა, აქამდე ნინო ყურადღებას არ აქცევდა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 24 კილოგრამ ფრინველის ხორცს ჭამს - მთლიანად ქვეყანაში წლის განმავლობაში 77 ათასი ტონა (2024 წლის მონაცემებით) ქათმის ხორცი მოიხმარება და აქედან 35%, 26 ათასი ტონა, საქართველოშია წარმოებული.
საუკეთესოდ ყვითელი შეფერილობის ქათამი ითვლება. უმრავლესობა ხორცს ამის მიხედვით არჩევს. ბაზარიც მაქსიმალურად ცდილობს მოთხოვნას უპასუხოს.
ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს “სოფლის დედლის” ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება.
ქიმიურ პიგმენტს, რომელსაც ქათმის საკვებში ამატებენ, ნუტრიციული ღირებულება არ აქვს - ქათმის კანს და ხორცს მხოლოდ საბაზრო მიმზიდველობას სძენს, და არასწორი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს - გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, ღვიძლის დაზიანება.
მოთხოვნა ამართლებს მიწოდებას? - როგორ ღებავენ ქათამსა და კვერცხს
საქართველოში წვრილ თუ მსხვილ ფერმებში უმეტესად ბროილერის ქათმებს აშენებენ. ეს ჯიში სპეციალურად ხორცის წარმოებისთვისაა გამოყვანილი. ფერმის ქათმები, რომლებსაც აჭმევენ კომბინირებულ, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებულ მარცვლეულის ნარევს, სწრაფად იზრდებიან - დაბადებიდან 35-40 დღეში 2-2,5 კილოგრამს აღწევენ. ჯანმრთელი ბროილერის ქათმის ხორცი მოვარდისფრო უნდა იყოს. რაკი მას რამდენიმე კვირაში კლავენ, ფრინველს აქვს ცოტა ბუნებრივი ცხიმი და თითქმის შეუმჩნეველი, მსუბუქი სიყვითლე.
აბა, როგორ იყიდება საქართველოში მეტწილად ყვითელი ფერის ბროილერის ქათმები?
ქათმის კანს ფერს საკვებში შერეული პიგმენტი უცვლის. მეტწილად გამოყენებული პიგმენტის დოზაზე და ეფექტიანობაზეა დამოკიდებული დაკლული ქათმის ხორცის ფერი. რაც მეტი გასაყვითლებელია შერეული, მით უფრო ყვითელია ქათამიც.
ქათმის მცირე და მსხვილი მომშენებლები, საკვების მწარმოებლები, გასაყვითლებელი ნივთიერებების იმპორტიორები - უმეტესობა, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ერთსა და იმავეს ამბობს - ქათამს მყიდველების წინასწარგანწყობის გამო აფერადებენ საკვები საღებავით: თუ ხორცს ყვითელი ფერი არ დაჰკრავს, რთულად იყიდება. მყიდველისთვის სიყვითლე ნატურალური, სოფლის პირობებში სიმინდზე გაზრდილი ქათმის და ჯანსაღი, ცხიმიანი ხორცის ნიშანია. სწორედ ამ წინასწარგანწყობის გამო აფერადებს ფერმერების ნაწილი ბროილერის ქათმებს.
სოფლის ქათამი მართლაც არის მოყვითალო ასაკისა და საკვების გამო. სოფლის ქათამს, როგორც წესი, დაკვლამდე 6 თვიდან 1 წლამდე ზრდიან. ამ დროში საკვებში სიმინდი ქათმის ხორცს აცხიმოვნებს და ფერს აძლევს - სიმინდი შეიცავს ბუნებრივ გასაყვითლებელ პიგმენტს, ლუტეინს, რომელიც კაროტინოიდების (carotenoids) - ბუნებრივი პიგმენტების - ჯგუფს მიეკუთვნება.
მაგალითად, კაროტინოიდებს სიმინდის გარდა, შეიცავს სტაფილო, გოგრა, ისპანახი.
დღეს სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში ხშირად იყენებენ კაროტინების სინთეზურ, ქიმიურ ანალოგებს.
ბროილერის ჯიშის ქათამი დასაკლავ წონას 35-40 დღეში აღწევს, ამიტომ ბუნებრივი კაროტინი სიმინდის მარცვლებიდან ხორცის გაცხიმოვნებასა და მკვეთრი სიყვითლის მიცემას ვერ ასწრებს. ქიმიური წარმოების კაროტინოიდით კი ამის მიღწევა 10 დღეშია შესაძლებელი.
რაც უფრო ყვითელია ქათამი, მით კარგად იყიდება, შესაბამისად ფერმერების ნაწილი ერთმანეთს ქათმის ხორცის უკეთ შეღებვაში ეჯიბრება.
აღმოჩნდა, რომ იგივე ხდება კვერცხის შემთხვევაშიც - ფერმის ქათმის კვერცხის გული და ნაჭუჭიც სოფლის ქათმის კვერცხს რომ დაემსგავსოს, საკვებში გასაყვითლებლებს ზოგჯერ აქაც იყენებენ.
საქართველოში კვერცხის ბაზარი თითქმის მთლიანად - 96% - ადგილობრივად წარმოებულ კვერცხს უკავია. ქართველი ფერმერები წელიწადში 670 მილიონ კვერცხს აწარმოებენ, ერთი მოქალაქე კი საშუალოდ 173 ცალ კვერცხს ჭამს, ანუ ორ დღეში 1 ცალს მაინც.
რადიო თავისუფლებას არაერთი წყარო უდასტურებს, რომ კვერცხის მწარმოებლების ნაწილი პროდუქტს ხელოვნურად აყვითლებს.
ხელოვნური გასაყვითლებლები - უსაფრთხოა? რატომ შეზღუდეს ევროკავშირში?
ქათმის ხორცის და კვერცხის ხელოვნურად და სწრაფად გასაყვითლებლად ორგვარ საღებავს იყენებენ - ბუნებრივ პიგმენტებს და სინთეზურს.
ხარისხიანი, ბუნებრივი გასაყვითლებელი საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით ძვირია, ზოგიერთ შემთხვევაში დაახლოებით 10-ჯერ, ვიდრე სინთეზური.
ის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც საქართველოში იყიდება, ფერმერების თქმით, ნაკლებეფექტურია და საჭმელშიც დიდი დოზის გარევაა საჭირო.
სპეციალისტების განმარტებით, ამავე დროს ბუნებრივი გასაყვითლებელის გამოყენებისას ფერის სიმძაფრე ქათმის მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული, ქიმიურ გასაყვითლებელს კი გარანტირებული ეფექტი აქვს.
ბუნებრივი კაროტინი მცირე დოზით სასარგებლოცაა ქათმისთვის - ერთგვარი ანტიოქსიდანტია და ეხმარება ა ვიტამინის წარმოქმნაში. სინთეზურ, ქიმიურ კაროტინს არანაირი სარგებელი არ მოაქვს არც ქათმისთვის და არც ადამიანისთვის. ზედოზირება კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.
ქათმის საკვების ქართველი მწარმოებლების ნაწილი ქიმიურ გასაყვითლებლებსაც იყენებს.
საუბარია კანტაქსანტინსა (Canthaxanthin) და აპო-ესტერზე (apo‑ester).
სინთეზური გასაყვითლებელი კანტაქსანტინი, როგორც სახიფათო ნივთიერება, ყურადღების ცენტრში გასული საუკუნის 80-იან წლებში მოექცა, აშშ-ში და ევროპაში გარუჯვის მოყვარულების გამო: კანტაქსანტინის შემცველი აბების მიღების შემდეგ მათ კანს 2-3 კვირაში რუჯის ფერი ედებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს აბები ადამიანების მხედველობას და ღვიძლს მკვეთრად აზიანებდა - “გასარუჯად” კანტაქსანტინის შემცველი აბების გამოყენება პირველად აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაში აიკრძალა.
მას შემდეგ კანტაქსანტინის გამოყენება ევროკავშირში ცხოველის და ფრინველის საკვებშია დაშვებული, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული, უსაფრთხო დოზით.
ქიმიური საღებავების (Canthaxanthin; apo‑ester) უსაფრთხო დოზების დასადგენად ევროკავშირმა 2015 წლიდან შეიმუშავა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებითაც საკვები ქიმიური საღებავების გამოყენება და რაოდენობა მკვეთრად შეზღუდა.
რეგულაციები დაეფუძნა ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს EFSA-ს (European Food Safety Authority) დასკვნას - ამ დოკუმენტში აღწერილი იყო მეცნიერთა ჯგუფის კვლევა საკვებში გამოყენებული ქიმიური გასაყვითლებლებლის (კანტაქსანტინის) ასახვაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ევროპის საბჭოს კომისიის დირექტივით, ერთ ტონა საკვებში, რომელიც განკუთვნილია კვერცხის მდებელი ქათმებისთვის, 8 გრამზე მეტი დასახელებული ქიმიური პიგმენტის შერევა აკრძალულია, დასაკლავი ქათმის საკვებში კი ტონაზე 25 გრამია დაშვებული.
ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტო ქიმიურ გასაყვითლებელთან მუშაობისას ითხოვს ხელთათმანის, რესპირატორისა და სათვალის ხმარებას.
ევროპული სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ დოზების გადამეტება სახიფათოა - ძლიერ შეღებილი ხორცისა და კვერცხის ხანგრძლივი ჭამა აქვეითებს მხედველობას, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, მწყობრიდან გამოჰყავს მეტაბოლიზმი, შეიძლება დააზიანოს ღვიძლიც.
საქართველოში საკვები საღებავების გამოყენების სტანდარტი დადგენილი არ არის. შესაბამისად არც სინთეზური საღებავების დოზირება არ კონტროლდება.
“თეთრი ქათამი აქ არ იყიდება” - რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი
ოფიციალური ინფორმაციით, ქართული ქათმის ხორცის ბაზარზე დაახლოებით 60% მსხვილ მწარმოებლებს უჭირავთ, დანარჩენი 40% - საშუალოსა და წვრილს. არაოფიციალური ინფორმაციით, დიდი ფერმების წილი უფრო მცირეა, რადგანაც ბაზარზე წვრილ ფერმებში წარმოებული დიდი რაოდენობით ქათამი ისე იყიდება, რომ სახელმწიფო მათ ზუსტ აღრიცხვას ვერ ახდენს.
საქართველოში ასობით ფერმაში, სადაც ქათმების წარმოება 500 ფრთიდან მილიონებამდე მერყეობს, ქათმის საკვებში გასაყვითლებლებს ურევენ. ზოგი ბუნებრივს, ზოგი სინთეზურს, უყვებიან რადიო თავისუფლებას მეფრინველეობაში ჩართული ადამიანები.
მხოლოდ გორის სოფლებში რამდენიმე ასეული ბროილერის ფერმაა, სადაც არაოფიციალური მონაცემებით, წლიურად დაახლოებით 2-3 მლნ ფრთა ქათამს ზრდიან.
იგივე ხდება კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, საიდანაც წვრილ და საშუალო ფერმებში გაზრდილ ქათმებს ძირითადად თბილისში, საბითუმო წერტილებში, ე.წ. დეზერტირების და ნავთლუღის ბაზრებში აბარებენ.
ე.წ. დეზერტირების ბაზრის სამხრეთით, ყოველ დილით, 5 საათზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაკლული ქათმებით დატვირთული მცირე სატვირთო მანქანები შედის და იცლება. ყუთებში ჩალაგებული დაკლული, ყვითელი ქათმები პირდაპირ მანქანებიდანაც იყიდება - მთლიანი ქათამი, ნედლი ბარკალი, ქათმის მკერდი, ფილე - ხორცს ქუჩაშივე წონიან და მუშტარს აბარებენ.
აქ ბითუმად მყიდველები თბილისის რესტორნებიდან, სამზარეულოებიდან და უბნის მაღაზიებიდან მიდიან. 2 საათში ვაჭრობა თითქმის დასრულებულია.
ამ გამოძიებისთვის რადიო თავისუფლებამ ექსპერიმენტი ჩაატარა.
საბითუმო ბაზრობებზე მივიტანეთ თეთრი, ბუნებრივი საკვებით გაზრდილი ბროილერის ქათმის ფოტო და მოვაჭრეებს ასეთი პროდუქტის შესყიდვა-ჩაბარება ვთხოვეთ.
პროდუქცია პირველივე პოტენციურმა მყიდველმა დაგვიწუნა: “თეთრი რომაა, მაღაზიებს არ მიაქვთ, აქ მთელი დღე შეიძლება 2-მა იკითხოს თეთრი ქათამი, შეიძლება საერთოდ არავინ“. მოვაჭრემ გვირჩია, თუ კლიენტებისთვის მოსაწონი ქათამი გინდათ, „სპეციალური ფერის მისაღები“ აჭამეთო. „5 ლარია [ქათმის] ასაღები ფასი (1 კგ), მაგაში მაგდენსაც არ მოგცემენო."
“ეგ ფერი [ ყვითელი - რ.თ.] ამას სიმინდით არ აქვს, პრემიქსი უნდა”, - მიგვითითა თავის ქათმებზე გამყიდველმა და ნება დაგვრთო, გადაგვეღო ფოტოები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქათამი, რომელიც კლიენტებს მოსწონთ.
თეთრი ფერის ქათმების ჩაბარებაზე კიდევ რამდენიმე მოვაჭრემ გვითხრა უარი - ყველამ ფერი დაუწუნა.
ქათმის მომშენებელმა გორის ერთ-ერთი სოფლიდან, რომელსაც ჩასაბარებლად მკვეთრად ყვითელი შეფერილობის ქათმები ჰქონდა ჩამოტანილი, თავისი გამოცდილება გაგვიზიარა:
“ქერი, ხორბალი და სიმინდი თუ აჭამე მხოლოდ, მაგიტომაა თეთრი, - გვითხრა მან. - აი, მაგალითად, ნუტრიმაქსი ან ინვეტი (ქათმის საკვების უმსხვილესი მწარმოებლები საქართველოში - რ.თ.) რომ აჭამო, თვითონ მოსდევს ყვითელი ფერი … ასე სიმინდით ვერ გააყვითლებ, შანსი არ არის, არ არსებობს. ნუტრიმაქსი მაგარია, წონაც და დონე ფერიც აქვს. აჭამე ნუტრიმაქსის მზა საჭმელი - არც გადარევა უნდა არც წვალება უნდა”, - გვირჩია მან.
“ჩვენი” შეუღებავი ბროილერი საბოლოოდ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ყველა მებითუმემ დაიწუნა, მხოლოდ ერთი დაინტერესდა: “თეთრიც შეიძლება, მაგრამ სხვა ფასი აქვს, უფრო დაბალი. არ იღებენ თეთრს”, - გვითხრა მან.
თბილისში, ფრინველის ხორცის მეორე საბითუმო ადგილი ე.წ. ნავთლუღის ბაზარია. რადიო თავისუფლება იქ დილის 7 საათზე მივიდა. ეს არის დრო, როცა ყვითელი ქათმებით დატვირთული ავტომანქანები ფერმებიდან ნავთლუღთან ჩამოდგებიან, აქ "დეზერტირებთან" შედარებით მომცრო ბაზრობაა.
აქაც იოლად ვიპოვეთ ქათმის ჩამბარებლები, მაგრამ ჩვენი შეუღებავი ბროილერი, ყველამ დაიწუნა. “არა, თეთრ ქათამს არ ვიღებთ. თეთრი ქათამი აქ არ იყიდება. თეთრი ქათამი არ იყიდება, იყიდება ყვითელი", - ცივად გვითხრა ფოტოს ნახვის შემდეგ შუახნის ქალმა.
ნავთლუღშიც ვიპოვეთ ქათმის მომშენებელი, რომელსაც ყვითელი ქათმები ჰქონდა ჩამოტანილი, ვაჩვენეთ ფოტო და მასაც მოვუყევით, როგორ იწუნებდნენ ბუნებრივ საკვებზე გაზრდილ “ჩვენს ბროილერს”.
“ფერს მასე ვერ მიცემ, ბუნებრივ საკვებზე ფერი არ ექნება, ფერს ვერ მიცემ, თუ არ აჭამე ნუტრიმაქსის პრემიქსი…” - აქაც იგივე გვითხრეს, რაც "დეზერტირების ბაზარში".
"-სიმინდი არ გააყვითლებს?
-არა, შანსი არაა, ამას აქვს ფერის კონცენტრატი… გამზადებულია, რასაც ჩვენ ვაჭმევთ, [მაგას] თვითონ აქვს ყველაფერი, გარანტირებულია, ამაზე ნაკლები ფერი არ გამოდის", - თავის მკვეთრად ყვითელ ქათმებზე მიგვითითებს".
"ქათმებს ხელით ვკლავთ და [ხელით] ვასუფთავებთ. ხაზზე [იგულისხმება ავტომატური გაპუტვა, გასუფთავება ბუმბულისგან - რ.თ] რომ გაასუფთაო, ფერს აცლის, “ჩოთქებია” ხაზის დანადგარში სპეციალური, რაც კანს აცლის, რეალურად ამ ქათამს მხოლოდ კანი აქვს ყვითელი… თუ გასაყიდად გინდათ, ჯობია პრემიქსი აჭამოთ, თუ სახლისთვის გინდათ, ყველაზე გემრიელი და კარგი იქნება [ეგ]. - ჩვენი თეთრი ქათმის ფოტოზე გვანიშნებს, - სახლისთვის საჭმელად გვყავს შინაურები რა, იმასა ვჭამ ხოლმე მოხარშულს. მე რომ ვიყო, 99% სოფლის ქათამს ვიყიდდი, 1 %-ია შანსი, რომ ეს ვიყიდო, მაგრამ რეალური სოფლის ქათამი ჩამოიტანე აქ და ერთი და იგივე ფასი დაადე იმას და ამას და ეს გაიყიდება, სოფლის - არა.”
გარდა ე.წ. დეზერტირების და ნავთლუღის ბაზრებისა, გაყვითლებულ ქათმებს თბილისის ყველა უბანში შეხვდებით - მცირე ბაზრებში, დიდ და პატარა მაღაზიებში.
რადიო თავისუფლებამ დახლებზე შემოდებული ქათმების ათეულობით ფოტო და ვიდეო გადაიღო და ზოოტექნიკოს ავთანდილ ჩაგელიშვილს აჩვენა. 75 წლის მეცნიერების დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის ლექტორი თითქმის 50 წელია, კონსულტაციას უწევს ფრინველის მოშენების მსურველ ფერმერებს და თვითონაც არის ჩართული ცხოველთა საკვების მომზადების ტექნოლოგიების შემუშავებაში. ის დარწმუნებულია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ქათმები სინთეზური კაროტინოიდებით არის გაყვითლებული.
“სიმინდი ასე ვერ გააყვითლებს, ეს მთლიანად სინთეზური გასაყვითლებლით არის გაყვითლებული, კანის ფერი აქვს შეცვლილი…
რა საფრთხეს უქმნის ქიმიური საღებავი ადამიანს
ევროკავშირში გასაყვითლებლების დოზების რეგულირება ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყეს, საქართველოში დღემდე არც დოზირების რეგულაციებია შემოღებული და არც რომელიმე სახელმწიფო უწყება იკვლევს და აკონტროლებს ქათამში და კვერცხში გასაყვითლებლების რაოდენობას და მათ ზემოქმედებას ადამიანზე.
უფრო მეტიც, რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ქართული ლაბორატორიები არ განსაზღვრავენ ქათამსა და კვერცხში გასაყვითლებლის სახეობას და დოზებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ოფიციალური წერილი ადასტურებს, რომ ქათმის ხორცსა და კვერცხში გასაყვითლებლებს არ იკვლევენ, მიზეზად გვწერენ, რომ ქვეყანაში არ არის ლაბორატორია, რომელიც ამას შეძლებდა.
ევროკავშირში სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ გასაყვითლებლების მაღალი დოზებით გაჯერებული ხორცის და კვერცხის ხანგრძლივი მოხმარება შეიძლება გახდეს ადამიანის თვალის ბადურის ჩამოშლის, ღვიძლის ფუნქციების დარღვევისა და მეტაბოლიზმის მოშლის მიზეზი.
არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული ქათმის ხორცი და კვერცხი ხელოვნურად, სინთეზური საღებავით გაყვითლებული, დღეს ქართველ მომხმარებელს ამის ლეგალურად დადგენა არ შეუძლია.
მაგრამ უქმნის თუ არა საფრთხეს მის ჯანმრთელობას გასაყიდად გამოტანილი ქათმის პროდუქცია?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი
“კაროტინების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლის უჯრედები და შესაბამისად გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციების მომატება. ამას ჰქვია ტოქსიური ჰეპატიტი”.
30-წლიანი საექიმო პრაქტიკით, მაია ბუწაშვილი, რომელსაც სამუშაო სტაჟირება გავლილი აქვს აშშ-სა და საფრანგეთში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გასაყვითლებელი პიგმენტების - კაროტინების გადამეტებულ დოზას, მათ შორის საკვებში შერეულს, მრავალი გართულების მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, და პირველ რიგში, ღვიძლისთვის.
“კაროტინების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლის უჯრედები და შესაბამისად გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციების მომატება. ამას ჰქვია ტოქსიური ჰეპატიტი”.
ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ მის კლინიკაში ხშირად მიდიან პაციენტები დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული სიყვითლით:
“თავიდან ეჭვია ხოლმე ჰეპატიტზე, დიფერინცირებას რომ ვახდენთ, როგორც წესი, ეს არის ხოლმე კაროტინოიდების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგი და ამ დაავადებას ჰქვია კაროტინოდერმა. ზოგჯერ შეიძლება ეს უბრალოდ კაროტინებით მდიდარი საკვების ჭარბი მიღებით იყოს გამოწვეული, მაგრამ ასევე შეიძლება ცხოველების, ფრინველების საკვებში ჭარბი რაოდენობით დამატებამაც გამოიწვიოს, თუმცა ამას ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვადგენთ.”
ბუწაშვილის თქმით, კაროტინების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება ღვიძლის გარდა, სხვა ორგანოებშიც გამოიწვიოს პათოლოგიური ცვლილებები. “ბუნებრივიც კი გადაჭარბებული დოზით იწვევს პრობლემებს და ლოგიკურია ყოველთვის სინთეზური, ქიმიური კიდევ უფრო დამაზიანებელია”, - ამბობს ის.
კიდევ ერთი ექიმი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერიაა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 50-წლიანი პრაქტიკით, მრავალი წელია საკვებით ინტოქსიკაციებს იკვლევს.
“თეორიულად ვიცით, რომ ეს პიგმენტები დიდი დოზით საზიანოა, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას აზიანებს თუ არა, ეს არ ვიცით, არ გვაქვს მონაცემები.
ჩვენთან რომც იყოს დიდი დოზა ქათამში, ეს გადადიოდეს ადამიანში, ამას მაინც ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ არ ვამოწმებთ. სისტემა, რომელიც შეამოწმებს ამ საფრთხეს და მიიღებს ზომებს, არა გვაქვს”.
ღვინერია ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა მოწმდებოდეს ქათამი და დადგინდეს, ხომ არ არის გამოყენებული ევროპაში დასაშვებ ნორმაზე მეტი საკვები საღებავი მის რაციონში.
რატომ არ ამოწმებს სახელმწიფო გასაყვითლებლების გამოყენებას, როდესაც ქვეყანაში არის თანამედროვე სტანდარტების “სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია” საერთაშორისო აკრედიტაციით (ISO/IEC 17025:2017) და კაროტინოიდების კვლევის ტექნიკური შესაძლებლობით?
სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა ღვინჯილიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან სურსათის ეროვნული სააგენტოს ქათმის ხორცში გასაყვითლებლების სახეობის და დოზის განსაზღვრა დღემდე არ მოუთხოვია და “შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს [კაროტინოიდების კვლევის] მეთოდოლოგია დანერგილი". ღვინჯილიას განმარტებით, კვლევის ახალი მეთოდის დასანერგად საჭიროა ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნა და შემდეგ კი ფინანსური მხარდაჭერა - “თანამშრომლების გადასამზადებლად და შესაძლოა, დამატებითი აპარატურის შესაძენადაც.”
“ევროკავშირის წესებით როცა კონკრეტული ნივთიერება არის აკრძალული, ან რეგულირდება მისი მაქსიმალური დასაშვები უსაფრთხო ნორმა, ესეთი ნივთიერებების კვლევა უნდა ხდებოდეს.“
თუ ქვეყანას რეალურად სურს აკონტროლებდეს სურსათის უსაფრთხოებას, მსგავსი კვლევა აუცილებლად უნდა ტარდებოდეს - უთხრა რადიო თავისუფლებას კერძო ექსპერტმა ლალი მაძღარაშვილმა, რომელიც სახელმწიფო ლაბორატორიას 2013-16 წლებში ხელმძღვანელობდა და 30-წლიანი გამოცდილება აქვს ლაბორატორიული ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის გამართვაში.
“ევროკავშირის წესებით, როცა კონკრეტული ნივთიერება არის აკრძალული ან რეგულირდება მისი მაქსიმალური დასაშვები უსაფრთხო ნორმა, ესეთი ნივთიერებების კვლევა უნდა ხდებოდეს.
არსებობს მზა ფორმულები, სადაც შეიყვან პროდუქციის, ვთქვათ, ქათმის წინა წლის წარმოების რაოდენობას და ფორმულა გამოგითვლის, რამდენი ნიმუში უნდა შეამოწმო ამ პროდუქციის. ამის მიხედვით უნდა ამოწმებდეს "სურსათის ეროვნული სააგენტო". შეუძლია ნიმუშები გააგზავნოს სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტებულ ლაბორატორიებში. ამის პრაქტიკა არსებობს, ანდა უნდა დაიწყოს ქვეყანაში ამ კვლევის დანერგვა. რეალური პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობაზე ასეთია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლალი მაძღარაშვილმა.
ატყუებენ თუ არა მყიდველს?
ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულოა, მითითებული იყოს, ქათმის ან კვერცხის სიყვითლე ბუნებრივია თუ მიღებულია საღებავით.
უთითებენ, ბუნებრივი დანამატია გამოყენებული თუ ხელოვნური და უთითებენ გამოყენებული საღებავის დასახელებას და დოზას.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიზნესოპერატორები საქართველოშიც ვალდებულნი არიან, მიუთითონ ქათმის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის დანამატის, გასაყვითლებლის გამოყენების შესახებაც.
ქართულ ბაზარზე ქათმის და კვერცხის მწარმოებლების პროდუქციის იმ ეტიკეტებზე, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, არსად წერია, გამოიყენეს თუ არა ქათმის კვებისას საღებავები.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ირწმუნება, რომ მსხვილი მწარმოებლები გასაყვითლებლებს არ იყენებენ.
“მცირე საწარმოებს აქვთ სურვილი, მათი ქათამი და კვერცხი მკვეთრად ყვითელი იყოს და ისინი უკვეთავენ საკვებს მწარმოებლებს, სადაც შეიძლება გასაყვითლებლის მაღალი დოზა იყოს. 2027 წლიდან გარკვეული რეგულაციები შემოდის და ალბათ მაგასაც გააკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური”, - ეუბნება უჩუმბეგაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი ასოციაცია 50-მდე მსხვილ, საშუალო და წვრილ ფერმერს აერთიანებს. თავად უჩუმბეგაშვილი კვერცხის მწარმოებელ კომპანია "კუმისს" წარმოადგენს.
“ჩვენ ცალკე გასაყვითლებლებს არ ვიყენებთ, მხოლოდ იმ რაოდენობით შემოვიფარგლებით, რასაც შეიცავს “პრემიქსი”, რომელიც შემოგვაქვს უცხოეთიდან, “პრემიქსში” არის ჩადებული გასაყვითლებელი დასაშვები დოზით”, - ამბობს ის.
უჩუმბეგაშვილის თქმით, ბაზრის მსხვილი მოთამაშეები
ქათმის ხორცის წარმოებაში არიან "ბიუ ბიუ", "ნოსტე", "კოდა", "ვარია", "კარალეთის ქათამი".
კვერცხის წარმოებაში - "კოდა", "კუმისი", "დილა", "სავანეთი".
რადიო თავისუფლებამ ამ კომპანიებს წერილობით ჰკითხა, იყენებენ თუ არა გასაყვითლებლებს, რა სახის და რა დოზით?
“კომპანია არ იყენებს არანაირი სახის კაროტინოიდებს”, - მოგვწერა “ბიუ ბიუმ”.
“ჩვენი კომპანია არ იყენებს დამატებით გამაყვითლებელს”, - გვიპასუხა “ვარიამ”.
“არაფერს არ ვიყენებთ განსხვავებულს და დანამატს გარდა ოფიციალური საკვებისა, რასაც ყველა საქართველოს მეფრინველე მოიხმარს”, - მოგვწერეს “კარალეთის ქათმის” ფერმიდან და დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ გვითხრეს, რომ “ნუტრიმაქსის” მზა საკვებს იყენებენ.
“კაროტინოიდებს არ ვიყენებთ, არც ბუნებრივს არც სინთეზურს”, - გვიპასუხა “კოდამ”, რომელიც ქათმის ხორცს და კვერცხს ერთდროულად აწარმოებს.
“ნოსტეს წარმოება არ იყენებს კაროტინოიდებს. ჩვენი წარმოების ქათამი იზრდება ყვითელ სიმინდზე, რაც განაპირობებს ხორცპროდუქტების ბუნებრივ სიყვითლეს”, - მოგვწერეს "ნოსტედან".
“კაროტინოიდებს ჩვენი კომპანია არ იყენებს”, - მოგვწერეს კვერცხის მწარმოებლებმა “სავანეთმა” და “დილამ“.
და მაშინ რატომ ჭარბობს ბაზარზე არაბუნებრივი ფერის ქათმები?
ყოველწლიურად მილიონობით ფრთა ბროილერის ქათამს საქართველოში წვრილი და მსხვილი ფერმები კომბინირებული საკვებით ზრდიან. მსხვილი ფერმების ნაწილი საკვებს თვითონ ამზადებს, წვრილი და საშუალო ფერმების უმეტესობა ქათმის მზა საკვებს საკვების მსხვილი მწარმოებლებისგან ყიდულობს.
საკვებს პიგმენტის ფხვნილს დამზადებისას ურევენ.
„ფერმერი გეუბნება: თუ შენი საკვები ქათამს არ გამიყვითლებს, არ ვიყიდი. გვთხოვენ გარანტიას, რომ საკვებმა ქათამი გააყვითლოს. მე დავანებე თავი ამიტომ ქათმის საკვების წარმოებას და მხოლოდ საქონლის და ღორის საკვებს ვამზადებ. არ მინდოდა ქიმიური ფხვნილი მეზომა, მეწონა და შემერია საკვებში… როგორ ყვითელ ქათამსაც ისინი (ფერმერები) ითხოვენ, დარწმუნებული ვარ ნორმალური დოზებით ამას ვერ მიაღწევ და ამიტომ უარი ვთქვი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომბინირებული საკვების ერთმა მწარმოებელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
საკვების მეორე მწარმოებელი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, დღესაც ამზადებს ქათმის საკვებს, ამბობს, რომ როცა ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, ბაზრის მოთხოვნა შეისწავლა და გადაწყვიტა, საღებავი ევროპიდან შემოეტანა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ქათმის ფოტოები ნახეს, ევროპელმა მწარმოებლებმა უთხრეს, რომ ევროკავშირში დასაშვები ნორმით ასეთ ყვითელ ქათამს ვერ მიიღებდა.
“თავიდან ჩვენი საკვებით გაზრდილი ქათამი იყო ძალიან თეთრი და როცა მივხვდით, რომ საკვებს ვერ ვყიდდით, იძულებული ვიყავით, დაგვეწყო გამაყვითლებლის ძებნა.
ჩავედით ევროპაში ერთ-ერთ აგრარულ გამოფენაზე. ჩვენ ვაჩვენებდით ფოტოს და ვეუბნებოდით, რომ ვერ ვყიდდით საკვებს და გვინდოდა ასეთი ყვითელი ფერის ქათმის მიღება. ევროპულ ბაზარზე მომუშავე მწარმოებლებმა ვერ გვითხრეს, როგორ უნდა მიგვეღო ასეთი ფერი.
ევროპელებმა გვითხრეს, რომ ამაში გამაყვითლებელი არის ზედოზირებული, ცოტა კიდევ უფრო მეტი რომ მისცე, უკვე გაწითლდებაო. გვითხრეს, რომ მათი გამაყვითლებლის დასაშვები დოზებით ეგეთი ფერის მიღების შანსი არაა.
ბევრნაირი გამაყვითლებელი შევისწავლეთ და გამოვცადეთ - ბუნებრივიც, სინთეზურიც, შერეულიც. შეუძლებელია ასეთი რაოდენობის და ასეთი მკვეთრი ყვითელი ქათმების მიღება ბუნებრივი გამაყვითლებლით ანდა სინთეზურის სწორი, დასაშვები დოზით. რაც ჩვენს ბაზარზე იყიდება ყვითელი ქათმები, ეს აშკარად გადამეტებული დოზაა. ეს შემიძლია გითხრათ 100%-ით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფრინველის საკვების ამ მწარმოებელმაც.
არაერთი წყარო ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ საქართველოში წლებია მეტწილად ქიმიურ პიგმენტს ანიჭებენ უპირატესობას, რადგანაც ის გარანტირებულ, წინასწარ განჭვრეტად ზუსტ ფერს იძლევა.
“სინთეზურზე არაფერი არ მოქმედებს - მოკვდება ქათამი და ყვითელი რჩება სანთელივით”
არის კიდევ ერთი, დამატებითი “სარგებელი”, ამბობენ ისინი. თუ ქათამი ბუნებრივ გასაყვითლებელზეა და მას შეხვდა რაიმე დაავადება, მაგალითად, კოლიბაქტერიოზი, ლარინგი ან სხვა, შესაძლოა ერთ დღეში გახდეს არაბუნებრივად თეთრი, მელნისფერი ან სხვა არაჯანსაღი შეფერილობა მიიღოს. დაავადებული ქათმის ფერს არაფერი მოსდის, თუ ის ქიმიურ გასაყვითლებელზეა, მისი კანი ფერს არ კარგავს და ავადმყოფობის მიუხედავად, გამოიყურება, როგორც “ჯანმრთელი ყვითელი”.
“სინთეზურზე არაფერი არ მოქმედებს, მოკვდება ქათამი და ყვითელი რჩება სანთელივით”.
საკვებ საღებავს საქართველოში არ აწარმოებენ, ეს პროდუქტი იმპორტირებულია.
გასაყვითლებლები საქართველოს საბაჟოზე შემოაქვთ საერთაშორისო სასაქონლო კოდით “320419 - ორგანული და სინთეზური საღებავები”.
ოფიციალური, ბოლო 5 წლის სტატისტიკა მზარდია - 2020 წელს ამ კოდით 45 ტონა ნივთიერება შემოვიდა, 2024 წელს თითქმის სამჯერ მეტი - 124 ტონა.
ოფიციალური მონაცემები მწირია, გაურკვეველია ამ 124 ტონიდან რა წილი იყო ბუნებრივი და რა წილი - ქიმიური.
ამ კოდით ყველაზე მეტი პროდუქცია გასულ 5 წელში საქართველოში თურქეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან შემოვიდა.
ამ ტიპის პიგმენტების მსხვილი შემომტანების ათეულში არიან სამშენებლო ჰიპერმარკეტი "გორგია", პლასტმასის მწარმოებლები და რამდენიმე საკვები დანამატების რეალიზატორი კომპანია.
გასაყვითლებლების შემოტანა, მისი რეალიზაცია და გამოყენება საქართველოში თავისუფლად არის დაშვებული, ვინაიდან არანაირი შეზღუდვები, გამოყენების დოზები დამტკიცებული არ არის.
იმპორტიორების ათეულში რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა სამი კომპანია, რომლებიც ფრინველის საკვებს ამზადებენ ან ჰყიდიან: “ნუტრიმაქსი”, “ინვეტ ფიდი” და “ინტრაკო ნუტრიშენი.” სამივე კომპანიაში ადასტურებენ, რომ ყვითელი ქათამი ბაზრის მოთხოვნაა და ფერმერებიც ამიტომ აყვითლებენ ხელოვნურად.
პირველი ორი კომპანია კომბინირებულ მზა საკვებს ყიდის, ამ ბაზრის უდიდეს ნაწილს, დაახლოებით 80%-ს ფლობს.
ათეულში შემავალი მესამე კომპანია (“ინტრაკო ნუტრიშენი”) კი საკვებ დანამატებს, მათ შორის სინთეზურ გასაყვითლებელს (კანტაქსანტინს) ყიდის.
იმ ფერმების დიდი ნაწილი, რომლებსაც საკუთარი საკვების დამამზადებელი საწარმო არ აქვთ, ამ კომპანიებისგან ყიდულობს მზა საკვებს ანდა გასაყვითლებლებს და თავად ურევს საკვებში.
ფერმერებმა, რომლებიც მკვეთრად ყვითელ ქათამს აწარმოებდნენ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იყენებდნენ “ნუტრიმაქსის” და “ინვეტის” კომბინირებულ საკვებს.
"ნუტრიმაქსი" ფრინველის კომბინირებული საკვების წარმოების ლიდერია საქართველოში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს 50 ათასი ტონა მზა საკვები აწარმოვა.
“ნუტრიმაქსის” ვებგვერდზე ქათმის დაახლოებით 10 სახეობის მზა საკვები იყიდება - ზოგიერთის ეტიკეტზე მითითებულია, რომ შეიცავს კაროტინებს, თუმცა არსად წერია ბუნებრივი კაროტინებია გამოყენებული თუ ქიმიური.
“ნუტრიმაქსს” რადიო თავისუფლებამ წერილობით ჰკითხა, ბუნებრივ გასაყვითლებლებს იყენებენ თუ სინთეზურს და რა დოზებით.
თავდაპირველ პასუხში კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ გასაყვითლებლებს იყენებენ, თუმცა არ დაგვიზუსტა - ბუნებრივს თუ სინთეზურს.
რადიო თავისუფლებამ “ნუტრიმაქს” დამატებით სთხოვა გასაყვითლებლის სახეობის დაზუსტება - კომპანიას მივწერეთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეტიკეტი მომხმარებელს გასაყვითლებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უნდა აძლევდეს.
ამის შემდეგ “ნუტრიმაქსმა” დააზუსტა, რომ იყენებს როგორც ბუნებრივს, ასევე სინთეზურ გასაყვითლებელს, მათ შორის იმ გასაყვითლებლებს, რომელთა დოზებიც ევროკავშირში მკაცრადაა განსაზღვრული. კომპანია ამტკიცებს, რომ ევროპულ რეგულაციებს იყენებენ.
რადიო თავისუფლების შეკითხვები და “ნუტრიმაქსის” პასუხები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
“ინვეტ ფიდი” ბროილერის საკვების მეორე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა. უახლესი ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 39 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა.
გასაყვითლებლის შესახებ მომხმარებელს "ცხელ ხაზზე" ასე პასუხობენ: “გვაქვს ისეთი საკვები რაც აყვითლებს. ბროილერის კონცენტრატი გვაქვს პიგმენტიანი. ძირითადად როცა უნდათ, რომ ქათამი მძაფრი ყვითელი იყოს, იღებენ ბროილერის კონცენტრატს.
ბროილერის საკვები რაც მზადდება, ჩვენთან ყველა შეიცავს პიგმენტს.”
კომპანიის ვებგვერდზე იყიდება 10 მდე სახეობის საკვები ბროილერისთვის. ზოგიერთი დასახელების საკვების ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებულია “საღებავი”, თუმცა "ინვეტი" არ აზუსტებს, გამოყენებული საღებავი ბუნებრივია თუ ქიმიური. არ არის მითითებული. არც გამოყენებული საღებავის დოზა.
რადიო თავისუფლებამ კომპანია “ინვეტს” წერილობით მიმართა, ბუნებრივ პიგმენტს იყენებდნენ თუ ქიმიურს და რა დოზებით?
თავდაპირველად კომპანიამ გვიპასუხა, რომ იყენებენ ბუნებრივ გასაყვითლებლებს, თუმცა არ მოგვწერეს გასაყვითლებლის დასახელება და გამოყენებული დოზები. გვითხრეს, რომ ეს კონფიდენციალურია.
ამის შემდეგ კომპანიას საქართველოს მთავრობის 2022 წლის 473-ე დადგენილება ვუხსენეთ, რომელიც ავალდებულებს ფრინველის საკვების მწარმოებელს, გამოყენებული დანამატის შესახებ სრული ინფორმაცია მითითებას ეტიკეტზე .
მეორედ გამოგზავნილ პასუხში “ინვეტმა” უკვე მოგვწერა, რომ კომპანია სინთეზურ გასაყვითლებელსაც იყენებს.
მეორე წერილის მიხედვით, სახორცე ბროილერის საკვებში ბუნებრივ პიგმენტს ურევენ, კვერცხის მდებელი ქათმის საკვებში კი - სინთეზურს. “ინვეტი" წერს, რომ ქიმიურ გასაყვითლებლებს მცირე დოზებით იყენებს, ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
რადიო თავისუფლების შეკითხვები და კომპანია “ინვეტის” პასუხები სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ.
კიდევ ერთი კომპანია “ინტრაკო ნუტრიშენი” უშუალოდ საკვებ დანამატებს ყიდის, იგი სინთეზური გასაყვითლებლების მსხვილი მოვაჭრეა საქართველოში.
ყიდის წითელ და ყვითელ კაროფილს, რომელიც შეიცავს კანტაქსანტინს, სინთეზურ გასაყვითლებელს, რომლის გამოყენების დოზებიც ევროპის კომისიამ მკაცრად განსაზღვრა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კომპანიის წარმომადგენელს პოტენციურ კლიენტად გაეცნო და ქათმის და კვერცხის გასაყვითლებლების შესახებ კონსულტაცია სთხოვა. “ინტრაკოს” წარმომადგენელმაც დეტალურად გაგვიზიარა გამოცდილება ბუნებრივ და სინთეზურ გასაყვითლებლებთან ქათმისა და კვერცხის წარმოებაში.
“ბაზრის მოთხოვნებს უნდა გავყვეთ ყველა, გვინდა თუ არ გვინდა, ვინც პროდუქციას ვქმნით, ამიტომაც ხმარობს თითქმის ყველა ამ გამაყვითლებლებს… სიმინდით კი ყვითლდება, მაგრამ ისე არ ყვითლდება, ვერ გვაძლევს იმას, რაც ჩვენს ბაზარზე მოთხოვნაა. ფაქტია, რომ დღევანდელი ბაზარი მაგას ითხოვს… მე მაღალი ხარისხის სინთეზური გამაყვითლებელი მაქვს, ტონაზე 50-დან 150 გრამამდე მიდის, ეს უკვე დამოკიდებულია, რა შედეგი გინდათ მიიღოთ. ასევე გამაყვითლებელთან ერთად მაქვს წითელი ფერის კაროფილი. წითელი ფერი მოვარდისფრო ფერს აძლევს ხორცს, აი, ბიბილო რომ ჰქონდეს კარგად, კომბინირებული გამოყენება ამ ორი საშუალების ჩვენი ბაზრისთვის უფრო მიმზიდველია…
...ბუნებრივს ხმარობდა ერთ-ერთი, ვინც ეხლა გადმოვიდა ჩემთან. ბუნებრივი ვერ იძლეოდა იმ ეფექტს, რაც ჭირდებოდა.”
“კვერცხში უფრო ხშირად ხმარობენ წითლის და ყვითლის კომბინაციას, როცა უნდათ, რომ ნაჭუჭის შეფერილობა შეიცვალოს, როცა უნდათ, რომ ცოტა კვერცხის გულის შეფერილობა შეიცვალოს. თუ ვიღაცას უნდა სოფლის ჭრელი ქათმის ფერზე დასვას კვერცხის გული და ნაჭუჭი, მაგას უფრო სხვა პროპორცია ჭირდება.”
"ინტრაკო ნუტრიშენთან" დაკავშირებულია კომპანია “როსტერი”, იგი ცხოველთა საკვების ბაზარზე კიდევ ერთი მწარმოებელია. მას და “ინტრაკო ნუტრიშენს” საერთო დამფუძნებელი ჰყავთ.
კომპანიის საკონტაქტო ნომერზე ქათმის გაყვითლებით დაინტერესებულ მომხმარებელს ასევე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
“საღებავი წყვიტავს მაქ, მეტი არაფერი… მაქვს ცალკე გამაყვითლებელი, მაქვს გამაყვითლებლით პრემიქსი, რომელშიც გამაყვითლებელი დევს და ქართულ ბაზარზე რა ყვითელიც ჭირდება დღეს, სტაფილოსფერი, ისეთ ფერს აძლევს, 25-კილოგრამიანი ღირს 84 ლარი. ერევა ნახევარ ტონა ქათმის საკვებში.
მაქვს ცალკე გამაყვითლებელი. წარმოიდგინე ჩვენთან მეკვერცხულები ხმარობენ 100 კილოში 14 გრამს, რომელიც კვერცხის გულს იძლევა სუფთა ყვითელს.
ბუნებრივები [გამაყვითლებლები] არიან ჩინურები, რომელზეც შეიძლება 3 კილო ჩაყარო და მაინც ვერ მიიღო, 5 კგ ჩაყარო და ვერ მიიღო.
- თქვენი სინთეზურია?
-კი, კი ბატონო. 320 ლარი ღირს დაახლოებით 700-გრამიანი. თუ შენს საკვებში გინდა შეურიო, 140-150 გრამი საღებავი ჭირდება ტონა ქათმის საკვებს.”
"როსტერის" წარმომადგენლის ინფორმაცია, რომ კვერცხის მწარმოებლები 100 კილოგრამ საკვებში 14 გრამ სინთეზურ გასაყვითლებელს (კანტაქსანტინის 10%-იან ნარევს) ურევენ, სავარაუდოდ, დოზის გადაჭარბებაა. რადგანაც ევროპული სტანდარტით, ამის ნახევარი დოზაა დაშვებული კვერცხის წარმოებაში.
რადიო თავისუფლებამ როსტერს გამოყენებული გასაყვითლებლების ზუსტი დასახელების და გამოყენებული დოზების შესახებ კითხვები ამ სტატიის გამოქვეყნებამდე 10 დღით ადრე გაუგზავნა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
რას ამბობენ მსხვილი სავაჭრო ქსელები
“რადიო თავისუფლებამ” წერილობით შეკითხვები გაუგზავნა მსხვილ მაღაზიებსაც, სადაც ნედლი ქათამი იყიდება - "კარფურს", "აგროჰაბს", "გუდვილს", "ნიკორას", "წერტს". ვკითხეთ, მათ ქსელში გასაყიდად გამოტანილი ქათმის ხორცის და კვერცხის ფერი მიღწეულია თუ არა გასაყვითლებლების გამოყენებით და თუ კი, რა სახის გასაყვითლებლებს იყენებდნენ და რა დოზებით მათი მიმწოდებლები.
შეკითხვები 31 ივლისს გავგზავნეთ, პასუხი მხოლოდ "აგროჰაბმა" დაგვიბრუნა. კომპანია წერს, რომ მათი ქათმის ხორცის და კვერცხის მიმწოდებლები კაროტინოიდებს არ იყენებენ - არც სინთეზურს და არც ბუნებრივს.
რადიო თავისუფლების კითხვები სრულად და "აგროჰაბის" პასუხი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.
ამ დროისთვის არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს ქათმის პროდუქტში გასაყვითლებლების შემცველობას, არც კერძო კომპანიების დიდი ნაწილი იცავს გამოყენებული დანამატების გამჭვირვალობის სტანდარტს სრულად.
სახელმწიფო კონტროლის შემოღებამდე, მომხმარებელს ერთადერთი რამ შეუძლია - არ მოტყუვდეს და მოერიდოს მკვეთრად ყვითელი ფერის ქათმის ხორცის და კვერცხის შეძენას.