Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ დამინახავს... არ მახსოვს“ - რა (არ)თქვეს მოწმე პოლიციელებმა სასამართლოში?


პოლიციელები ვასილ ბასილაძე, გიორგი ზაბახიძე, გივი წიქორიძე (მარცხნიდან მარჯვნივ)
პოლიციელები ვასილ ბასილაძე, გიორგი ზაბახიძე, გივი წიქორიძე (მარცხნიდან მარჯვნივ)

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების 8-კაციანი ჯგუფის სასამართლო პროცესზე დღეს, 7 მაისს, პროკურატურამ ხუთი მოწმე პოლიციელი მიიყვანა. ეს მას შემდეგ, რაც პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. მათგან სამს დაზარალებულის სტატუსი აქვს.

რა ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციელებმა სასამართლოს - ამ სტატიაში წაიკითხავთ.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.

ერთ ჯგუფში რვა დემონსტრანტია: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.

მეორე ჯგუფში 11 დემონსტრანტია: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. თერთმეტივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.

სასამართლო სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. დარბაზში უკვე ისხდნენ საქმის პროკურორები ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი. მას შემდეგ, რაც ჯგუფური ძალადობის საქმეების განხილვა დაიწყო, ეს პროკურორები დამსწრეებს არც დარბაზში შესული არ დაუნახავთ და არც იქიდან გამოსული, შესვენებებზე კი.

ჯგუფური ძალადობის საქმის პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა
ჯგუფური ძალადობის საქმის პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა

რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე იკითხა, საიდან შედიან პროკურორები დარბაზში და ხომ არ იყენებენ მოსამართლეების სივრცეს, რომელიც მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დერეფანს გვერდს უვლის? - ყველა ჯერზე მანდატურებისგან იდენტური პასუხი მოვისმინეთ: „პროკურორები ადრე მოდიან“.

სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზში იმართება.

ბრალდების მხარის გეგმაა, ჯგუფური ძალადობის საქმეზე სამოცამდე პოლიციელი გამოჰკითხოს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან ხუთი მათგანი მოიყვანა. ხუთიდან მხოლოდ სამს აქვს დაზარალებულის სტატუსი, დანარჩენი ორი ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და გიორგი გორგაძის სახლის ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლები არიან. არც ერთი არ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.

ბრალდებულები გიორგი გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი
ბრალდებულები გიორგი გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი

მოწმეების დაკითხვისას ბრალდებულების ადვოკატები რამდენიმე რამის გარკვევას ცდილობდნენ:

  • არიან თუ არა ბრალდებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებს დაზიანებები მიაყენეს?
  • შეუძლიათ თუ არა პოლიციელებს დაზუსტებით თქმა, რომ რუსთაველის გამზირიდან მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს მხოლოდ აქციის მონაწილეები ისროდნენ და არა, მაგალითად, ე.წ. პროვოკატორები ან გამვლელები?
  • ხედავდნენ თუ არა, რომ, მაგალითად, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე ან ვასილ კაძელაშვილი რაიმე უწევდნენ ორგანიზებას და ამის შედეგია მათი დაზიანებები?


ვერცერთმა გამოკითხულმა პოლიციელმა ვერ დაადო ხელი ბრალდებულებს. სამივემ თქვა, რომ:

  • არ დაუნახავთ, ვინ ესროლა მათ ქვა თუ პიროტექნიკა;
  • არ იციან, ჰქონდა თუ არა ორგანიზებული ხასიათი დემონსტრანტების ქცევას;
  • არ შეუძლიათ თქმა, რომ ის, ვინც მათ დაზიანება მიაყენა, ნამდვილად აქციის მონაწილე იყო, რადგან არ დაუნახავთ.


პირველი სხდომათა დარბაზში პოლიციელი გივი წიქორიძე გამოიძახეს. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. მოწმემ რელიგიური ფიცი დადო, რომ „იტყვის სიმართლეს და არაფერს დამალავს“.

რა თქვა გივი წიქორიძემ?

გივი წიქორიძე, პოლიციელი
გივი წიქორიძე, პოლიციელი

პოლიციელ გივი წიქორიძის თქმით, 28 ნოემბერს ჭიჭინაძე-რუსთაველის ქუჩის კუთხეში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როცა მარცხენა თვალის არეში პიროტექნიკა მოხვდა.

მისი მონათხრობის თანახმად, დემონსტრანტები აგრესიულები იყვნენ პოლიციელების მიმართ, ისროდნენ წყლითა და ქვიშით სავსე ბოთლებს, კვერცხებსა და საღებავით სავსე ბუშტებს.

„მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ბოლს უშვებდა, მარცხენა თვალის არეში... დამცავი საშუალებები ადგილზე არ მქონია... დაზიანების გამო სიარული არ შემეძლო, კოლეგა პოლიციელმა წამიყვანა სასწრაფოსკენ და შემდეგ გადამიყვანეს კლინიკაში“, - თქვა პოლიციელმა.

„თქვენ კატეგორიულად ხომ არ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ იმაზე, რომ მოქალაქეები ბოთლებს პოლიციელებს ესროდნენ და არა ერთმანეთს თუნდაც?“ - ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ამ კითხვის აცილება პროკურორებმა მოითხოვეს მოტივით, რომ მოწმემ პასუხი უკვე გასცა, რომ „ბოთლებს აქციის მონაწილეები ისროდნენ“.

ბრალდებულები ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოწმის დაკითხვას ფეხზე მდგომები უსმენენ და როცა ხმა გარკვევით არ ისმის, მოწმეს მოუწოდებენ, ხმამაღლა ისაუბროს.
ბრალდებულები ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოწმის დაკითხვას ფეხზე მდგომები უსმენენ და როცა ხმა გარკვევით არ ისმის, მოწმეს მოუწოდებენ, ხმამაღლა ისაუბროს.

გუჯა ავსაჯანიშვილმა დაკითხვა გააგრძელა: „თქვენ ხომ ზუსტად არ იცით, ვინ გესროლათ ფოიერვერკი?“ - მოწმემ უპასუხა, რომ „ზუსტად არ იცის“. მას არც ის დაუნახავს, „უშუალოდ ვინ ესროლა ფოიერვერკი“.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე დაინტერესდა, „ხომ არ ახსენდება პოლიციელს პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს, ვინ სად წასულიყო და ვის რა უნდა გაეკეთებინა?“

„არ მახსოვს, მაგრამ წეღანაც ვთქვი, რომ ჯგუფურად დადიოდნენ, ერთად იწყებდნენ ყვირილს, მერე ჩუმდებოდნენ“, - უპასუხა გივი წიქორიძემ.

გივი წიქორიძეს არ სმენია არცერთი იმ ბრალდებულის გვარი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. მას არც ის არ ახსოვს, ვინ გასცა ჭიჭინაძის ქუჩის გადაკეტვის ბრძანება.

„ჩემი ხელმძღვანელი სამმართველოს უფროსია და ასევე ორი მოადგილე. არ მახსოვს, რომელმა გასცა ბრძანება“, - მისივე თქმით, ჭიჭინაძის ქუჩის გადაკეტვის ბრძანება ზეპირი ფორმით გაიცა.

გივი წიქორიძეს არც ის არ ახსოვს, რატომ შეიკრიბნენ დემონსტრანტები პარლამენტთან 28 ნოემბერს და ამბობს: „რუსულ კანონს აპროტესტებდნენო“.

ამ პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა.

სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზში იმართება.
სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზში იმართება.

სინამდვილეში, 28 ნოემბერს მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ოფისში ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებენ.

ადვოკატმა კახა კოჟორიძემ პროკურორები საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს მიზანმიმართულად მოჰყავს მოწმეები, რომლებიც არარელევანტურ ინფორმაციას იძლევიან.

„ჩვენ იმას კი არ განვიხილავთ, კონკრეტულმა პირებმა მიიღეს თუ არა დაზიანება, არამედ ვარკვევთ, ბრალდებულებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული. მოწმეები კონკრეტულ პირებთან მიმართებით ვერაფერს ამბობენ.

მოვითხოვ, მოხსნას პროკურატურამ ისეთი მოწმეები, რომლებიც ამ ბრალდებულებზე ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. ჩვენ არ განვიხილავთ, დაზიანდა თუ არა პარლამენტის შენობა, ჩვენ განვიხილავთ, ამ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული“, - თქვა კახა კოჟორიძემ.

მისი მოთხოვნა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოწმეებს ბრალდების მხარეს ვერ შეურჩევს, მოუწონებს ან დაუწუნებს.

ზვიად ცეცხლაძისა და ვასილ კაძელაშვილის ადვოკატები დავით ჭიკაიძე და კახა კოჟორიძე
ზვიად ცეცხლაძისა და ვასილ კაძელაშვილის ადვოკატები დავით ჭიკაიძე და კახა კოჟორიძე

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე გიორგი ზაბახიძე გამოიძახეს. მის დაკითხვამდე სასამართლომ გელა გულორდავას და მიხეილ მჭედლიშვილს მოუსმინა. გულორდავამ გაჩხრიკა ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი, ჩაატარა ჩხრეკა მის სახლში და მერე დააკავა. მიხეილ მჭედლიშვილმა იგივე საგამოძიებო მოქმედებები გიორგი გორგაძის სახლში ჩაატარა. ორივემ თქვა, რომ ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.

რა თქვა გიორგი ზაბახიძემ?

გიორგი ზაბახიძე, პოლიციელი
გიორგი ზაბახიძე, პოლიციელი

პოლიციელ გიორგი ზაბახიძესაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი თქმით, 28 ნოემბერს აქციაზე მარჯვენა თვალი დაუზიანდა ისე, რომ „თითქმის ვეღარ ხედავს“.

„ექვსი ნაკერი დამადეს და გამიწმინდეს სისხლჩაქცევები, ოპერაციის ჩატარებას თვალზე აზრი არ ჰქონდა, იმდენად რთული დაზიანება იყო. თითქმის ვეღარ ვხედავ ამ თვალიდან“, - თქვა მან.

გიორგი ზაბახიძის დაზიანების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 16 აპრილს გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, გიორგი ზაბახიძემ "ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადების თანახმად, "დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის".

კითხვაზე, დაინახა თუ არა, ვინ ესროლა ქვა, გიორგი ზაბახიძემ უპასუხა, რომ „ვერ დაინახა“:

„როდესაც ქვა მომხვდა, დავარდა დაბლა ჩემს წინ, ჩავიკეცე და მაგ დროს დავინახე, ზომა არ დამინახავს ზუსტად, დაახლოებით მუჭის ზომა იყო“, - ამბობს პოლიციელი.

ის ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულებიდან რომელიმე რაიმე საგანს ისროდა პოლიციელების მიმართულებით.

კითხვაზე, რატომ გადაკეტა პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩა, პოლიციელმა უპასუხა, რომ „დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრა უნდოდათ“.

„როცა ადგილზე მივედი, გავიგე ხელმძღვანელისგან, რომ აქციის მონაწილეებს უნდოდათ პარლამენტში შესვლა და ჩვენ უნდა დაგვეცვა პარლამენტი“, - ამბობს მოწმე ზაბახიძე.

„როგორ ცდილობდით თავის დაცვას?“ - ადვოკატ დავით ჭიკაიძის ამ კითხვაზე მოწმემ უპასუხა: „ხელების დახმარებით ვიგერიებდით რასაც ისროდნენ, ხელებს ვიფარებდით“.

მან ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს: პირველი, „როცა ჭიჭინაძეზე მივედი, გზა უკვე გადაკეტილი იყოო“ და მეორე, „ბრძანება მივიღეთ გადაგვეკეტა, რადგან პარლამენტში შეჭრას გეგმავდნენო“.

ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი დედასთან რამდენიმემეტრიანი დაშორებით ციხეში პაემნის დეტალებს არკვევს. სხვათა შორის, ეს არის საკითხი, რომელზეც პროცესის დაწყებამდე ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე.
ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი დედასთან რამდენიმემეტრიანი დაშორებით ციხეში პაემნის დეტალებს არკვევს. სხვათა შორის, ეს არის საკითხი, რომელზეც პროცესის დაწყებამდე ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე.

„სად იდექით ბოლოს და ბოლოს?“ - ეს კითხვა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ პოლიციელ გიორგი ზაბახიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც მან თქვა, რომ დაინახა, როგორ აგროვებდნენ აქციის მონაწილეები ქვებს პირველ სკოლასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან.

დაკითხვის დასაწყისში კი მან თქვა, რომ შემაღლებულ ადგილზე, ჭიჭინაძე-რუსთაველის კვეთაზე იდგა.

„პარლამენტის ცოტა წინ ვიდექი, შადრევნის გასწვრივ თუ ცოტა წინ, მეტრებში არ ვიცი“, - დააზუსტა მან.

პოლიციელი დაეთანხმა ადვოკატებს, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების გარდა, შესაძლოა გამვლელებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც პარლამენტის წინ გადაადგილდებოდნენ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ქვა აქციის მონაწილეებმა ისროლეს და არა გამვლელმა, ზაბახიძემ უპასუხა: „გამვლელი რომ ყოფილიყო, დაგმობდა, არ ისროდა ქვას, არ იყო მოსაწონი, რაც იქ ხდებოდა".

გიორგი ზაბახიძემ ისიც თქვა, რომ არ იცის, რას ედავებიან ბრალდებულებს, რომელთა საქმეზეც დაზარალებულის სტატუსი აქვს და მოწმედ იკითხება:

„აქ გავიგე, ადვოკატმა თქვა... ჩახედილი არ ვარ“.

რა თქვა ვასილ ბასილაძემ?

ვასილ ბასილაძე, პოლიციელი
ვასილ ბასილაძე, პოლიციელი

მესამე დაზარალებული პოლიციელი ვასილ ბასილაძეა. მან თქვა, რომ ქვა მოხვდა, არ დაუნახავს ვინ ისროლა, მაგრამ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ „აქციის მონაწილეებმა ისროლეს“.

„საფეთქლის მარცხენა მხარეს შრამი დამრჩა", - თქვა პოლიციელმა და ხელით მიუთითა ადგილზე.

მისი ჩვენების თანახმად, ის არ შესწრებია, უწევდა თუ არა აქციის მონაწილეების ქცევას ორგანიზებას ვინმე. მანაც სხვა მოწმეების მსგავსად თქვა, რომ „ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ ბრალდებულები აქციაზე იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ რაიმე ძალადობრივ მოქმედებებში“.

აქციაზე მყოფ სავარაუდო პროვოკატორებზე ბასილაიასაც ჰკითხეს. „ამ რწმენას [რომ პროვოკატორები იყვნენ - რ.თ.] გამიმყარებდა, თუ აქციის მონაწილეები შეიპყრობდნენ ვინმეს და გადმოგვცემდნენ, აი, ეს არის პროვოკატორიო.“

გიორგი ზაბახიძის მსგავსად, არც მას არ ახსოვს, რას ედავებიან ბრალდებულ დემონსტრანტებს და არც დაზარალებულის უფლება არ გამოუყენებია, რაც მას საქმის მასალის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

რას ამბობენ ადვოკატები სხდომის შემდეგ?

მოწმეების გამოკითხვა ექვს საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში და ისიც თხოვნის შემდეგ, მოსამართლე მჭედლიშვილმა ერთი ხუთწუთიანი და ერთი ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა. მოწმეებისთვის თავად კითხვები არ დაუსვამს.

„მოწმეებმა თქვეს, რომ თავში მოხვდათ ქვა, მაგრამ არ იციან, ვისგან. ასევე არ იციან, ეს პირები აქციის მონაწილეები იყვნენ თუ მაგალითად, შეგზავნილი პროვოკატორები“, - ასე შეაფასა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პოლიციელების გამოკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტები. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 7 მაისს.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტები. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 7 მაისს.


დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ადვოკატების შეფასებით, მოწმეების ჩვენებები არათუ ორგანიზებულ დანაშაულს, არამედ ძალადობრივ მოქმედებებში დაკავებული დემონსტრანტების მონაწილეობასაც ვერ ადასტურებს.

8 დემონსტრანტის საქმეზე მოწმეების დაკითხვა 14 მაისს გაგრძელდება. მხარეები საქმეს ისევ მთელ დღეს დაუთმობენ.

საქმის პროკურორებმა რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ეს პოლიციელები ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზეც არიან დაზარალებულები. 11 დემონსტრანტის პროცესი ხვალ, 7 მაისს, უნდა გაიმართოს. ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, მეორე საქმეზეც მტკიცებულებების შესწავლის პირველ სხდომაზე იგივე პოლიციელები დაიკითხებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG