საქართველოში მუსლიმი მესხების „ღირსეულ და უსაფრთხო“ დაბრუნებას მოელის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მან ეს მოლოდინი თურქეთში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილსაც გაუზიარა.
რა უთხრა ერდოანმა ყაველაშვილს?
მოველი მუსლიმი მესხების “ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას თავიანთ ისტორიულ საცხოვრებლებში", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ საქართველო მათი ისტორიული სამშობლოა, საიდანაც მესხები 1944 წელს იძულებით გაასახლეს.
“ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“, - თქვა ერდოანმა (ტელეკომპანია „იმედის“ თარგმანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავიდა).
რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს 2025 წლის 12 აგვისტოს თურქეთში შეხვდნენ - ეს განცხადებაც ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
ადრეც უხსენებია თურქეთს მუსლიმი მესხები?
კი. 2025 წლის 25 თებერვალსაც გამოითქვა დახმარების მზადყოფნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანისა და მისი ქართველი კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ.
ერთი წლით ადრე, 2024 წლის ნოემბერში, მუსლიმი მესხების დეპორტაციის 80 წლისთავზე, ფიდანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „თურქეთის ერთგულება მუსლიმი მესხების კულტურული იდენტობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის, ასევე მსოფლიოს ახალ თემებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართ“ და განაცხადა, რომ „თურქეთი გააგრძელებს მესხი თურქების მდგომარეობის მონიტორინგს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან“.
კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის სექტემბერში კი, აშშ-ში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა იქ მცხოვრები მესხების დელეგაციაც მიიღო და დახმარებას დაჰპირდა.
ერდოანმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მათ უთხრა, რომ თურქეთმა გადადგა “ყველა საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ მესხ თურქებს თურქეთის მოქალაქეობა მიეღოთ, რასაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ: „ჩვენ ამ პროცესს ვაჩქარებთ“, - თქვა მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა.
რაზე მიანიშნებს დღეს ერდოანისგან მუსლიმი მესხების ხსენება ყაველაშვილთან?
ამ რანგის პოლიტიკოსისგან და ასეთი ტრიბუნიდან შემთხვევითი განცხადებები არ კეთდება - გვეუბნება ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომლის აზრით, ერდოანმა, მუსლიმი მესხების საკითხის წამოწევით, ერთი მხრივ, მიმართა თურქეთის აუდიტორიას, რომ ის დაიცავს თანამოძმე მუსლიმების უფლებებს და მეორე მხრივ, მიმართა საქართველოსაც და განუმარტა თავისი პოზიცია:
“ერდოანი ეცადა, ამ გზავნილით ეთქვა, რომ ის არა მხოლოდ რეგიონული ლიდერია, არამედ მუსლიმური სამყაროს მთავარი ხმა და რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება მუსლიმებს სამეზობლოში, ეს მათი დღის წესრიგის ნაწილია.
მათ თამამად შეუძლიათ ამ საკითხით საქართველოსთან ჟონგლიორობაც და ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაც და ამ განცხადებით თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს შეახსენა, რომ ის არ მოექცა სწორად მუსლიმ მესხებს, რომ ეს არის მეზობელი თურქეთის პოზიცია დღეს და მათ აქვთ უპირატესობა, პრეტენზიის ენით ელაპარაკონ მას, რის საპასუხოდაც დღეს ამ რეჟიმს არაფრის თქმა არ შეუძლია”.
ვინ არიან მუსლიმი მესხები?
მათ უწოდებდნენ „მუსლიმ მესხებს“, „ქართველ მუსლიმებს“, „მესხებს“, „თურქ მესხებს“, “მუსლიმ თურქ მესხებს“, „აჰისკა თურქებს“ (ახალციხელი თურქები) ან უბრალოდ, „ახალციხელებს“, - წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში "ვინ არიან მუსლიმი მესხები".
ეს ხალხი დასახლებული იყო მესხეთის ისტორიული რეგიონში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მე-18 საუკუნემდე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქართველი იყო, თუმცა მეთვრამეტე საუკუნეში იქ ბევრი თურქი ჩასახლდა. 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, ამ რეგიონში სომხებმაც დაიწყეს გადასვლა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ისინი იქცნენ მესხეთის უდიდეს თემად.
1550 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ირანმა ოსმალეთს აღმოსავლეთი კავკასია გადასცა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცა - ადგილობრივმა მოსახლეობამ ისლამი მიიღო.
1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, მუსლიმი მესხები „თურქულენოვან ეროვნულ უმცირესობად“ გამოაცხადეს.
“არადა, ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ეთნიკური ქართველი. რელიგიურად მუსლიმი, რომელთაც ოსმალეთის იმპერიის ხანგრძლივი გავლენის და შემდეგ რუსეთის იმპერიის კოლონიური გავლენის გამო იდენტობა ჰქონდათ არათუ გაორებული, არამედ ჩამოუყალიბებელი…მათ იცოდნენ თავიანთი ქართული გვარები, ნაწილი კი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა ქართულად…უბრალოდ, ეს ხალხი იყო მსხვერპლი ჯერ რუსული, შემდეგ უკვე საბჭოთა რუსული კოლონიალური პოლიტიკისა, რომელიც ამ ხალხს ხან თურქობას მიაწერდნენ, ხან აზერბაიჯანელობას და მუდმივად იყვნენ მათი ექსპერიმენტების ობიექტები”, - გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა.
როდის და რატომ გადაასახლეს ისინი საქართველოდან?
1944 წლის 15 ნოემბერს, მუსლიმი მესხები, როგორც “საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაიმედო” ადამიანები, დაახლოებით 80-დან 100 000-მდე მოხუცი, ქალი და ბავშვი, საბჭოთა სტალინური ტერორის პერიოდში აყარეს და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.
ირაკლი ხვადაგიანის მონათხრობით, მოგვიანებით, თავიანთ ოჯახებს მიაყოლეს ომში გაწვეული და უკან დაბრუნებული მუსლიმი მესხი მამაკაცებიც. ცენტრალური აზიის რესპუბლიკებისაკენ მიმავალ გზას გაუყენეს ადამიანები ადიგენიდან, ასპინძიდან, ახალციხიდან, მაშინდელი ბოგდანოვკიდან (ამჟამინდელი ნინოწმინდიდან) და ასევე აჭარის რაიონებიდან.
საბჭოთა კავშირის შინსახკომის (НКВД) №001176 ბრძანების თანახმად, მათ, როგორც ხალხის მტრებს, უკან დაბრუნების უფლება ჩამოართვეს.
როგორც IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე წერს:
“15 ნოემბრის დილით, სამხრეთ საქართველოს სოფლებში მცხოვრები, გადასახლებას დაქვემდებარებული მამაკაცები შეკრიბეს და აცნობეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ისინი უნდა გადასახლებულიყვნენ ცენტრალური აზიის სამხრეთ რაიონებში. თითოეულ ოჯახს მიეცა 1500 კგ. წონის საოჯახო ნივთების (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასოფლო და საოჯახო ინვენტარი) წაღების უფლება”.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ მონაცემებით, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში საქართველოდან დეპორტირებული მუსლიმი მესხების (ასევე ლაზების, ქურთების ჰემშინებისა და სხვა უმცირესობების) საერთო რიცხვი იყო 93 000.
მუსლიმი მესხების მცირე ნაწილმა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოახერხა დაბრუნება, თუმცა, როგორც ირაკლი ხვადაგიანიც გვიყვება, სისტემა მათ მიმართ ბოლომდე შეურიგებელი დარჩა და მასობრივად სამშობლოში დაბრუნების საშუალება არასოდეს მისცა. თუმცა ამ ხალხს დაბრუნებისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.
ახლა სად ცხოვრობენ? ვინმე დაბრუნდა?
საქართველოდან დეპორტირებული მესხები და მათი შთამომავლები, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 450 ათასი ადამიანი, დღეს მსოფლიოს რვაზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ: ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატებში.
საქართველოში დღეს მუსლიმი მესხების დაახლოებით 150 ოჯახი (ძველი რეპატრიანტების ჩათვლით) ცხოვრობს. მათ შორის, 40 ოჯახი - ახალციხეში.
რა საერთაშორისო ვალდებულება აქვს საქართველოს?
საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას (1999 წელი) აიღო ვალდებულება, რომ გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიეღო სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებდა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციასა და ინტეგრაციას, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის უფლების ჩათვლით.
წევრობიდან 12 წელიწადში, საქართველოს უნდა დაესრულებინა მუსლიმი მესხების რეპატრიაციის პროცესი.
ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან წლების განმავლობაში, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის მიზნით, რამდენიმე სახელმწიფო კომისია შეიქმნა, თუმცა ეს საერთაშორისო ვალდებულება არ შესრულებულა.
ერთ-ერთი მიზეზი, რომელსაც, მაგალითად, 2005 წელს ხელისუფლება ასახელებდა, იყო ის, რომ “სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მუსლიმი მესხების რეპატრიაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნებოდა”.
დეპორტირებული მესხი მოსახლეობის მდგომარეობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც ის საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხის გადაჭრისკენ მოუწოდებდა.
რეპატრიაციის კანონი როდის მიიღეს და მერე რა მოხდა?
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 11 ივლისს მიიღო. ეს კანონი აწესებდა ვადას - რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველს 2010 წლის იანვრამდე უნდა მიემართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისათვის. 2012 წლის იანვარში კი რეპატრიაცია ანუ დაბრუნების პროცესი უნდა დასრულებულიყო.
2007 წელს მიღებული კანონი საქართველოდან დეპორტირებულ მუსლიმ მესხებს და მათ შთამომავლებს აძლევდა შესაძლებლობას, მიემართათ სახელმწიფოსთვის და დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეპოვებინათ რეპატრიანტთა სტატუსი - ამ სტატუსით მათ მომავალში საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით უნდა მიეღოთ.
თუმცა ეს ასე არ მოხდა. მათ დღემდე აქვთ მოქალაქეობის მიღების პრობლემა.
იმ წლებში კანონის შინაარსს აკრიტიკებდა მესხთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანი“, რომელიც აცხადებდა, რომ კანონი დეპორტირებული მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველი იყო და მათ არანაირ სხვა უფლებას არ ანიჭებდა. უცნობი იყო, ვის უნდა აღესრულებინა ის და ა.შ.
2010 წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (№87) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“. ეს დადგენილება გამორიცხავდა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას.
2011 წლის სექტემბერში შეიქმნა მუსლიმი მესხების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ,,უხუცესთა საბჭო”.
2011 წლის 1 მარტს შეიქმნა რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო…
2014 წელს კი ხელისუფლებამ რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაც მიიღო, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის შელახული ღირსებების აღდგენა და ეთნოციდის შედეგების აღმოფხვრა და გულისხმობდა:
• საქართველოს მოქალაქეობის მიცემას;
• ეროვნებისა და გვარის აღდგენას;
• ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
• ადაპტაციას - რეინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობას.
თუმცა ეს პროცესი გაჩერდა და დღემდე მუსლიმი მესხების დაბრუნების საკითხი შეფერხებულია.
შესაძლებლობის შემთხვევაში, რამდენი დეპორტირებული მუსლიმი მესხი დაბრუნდებოდა საქართველოში?
როგორც რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ლომსაძე გვეუბნება, დაუზუსტებელი მონაცემებით, რეპატრიაციის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ 40-50 000 მუსლიმ და ასევე აზერბაიჯანში მცხოვრებ 10 000 მუსლიმ მესხს.
“საქართველოში დაბრუნების მსურველები უფრო აზერბაიჯანიდან არიან - სწორედ იქ ჩადიან ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან მუსლიმი მესხები. ბევრი მიდის თურქეთშიც და ელიან თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას”, - გვითხრა თეიმურაზ ლომსაძემ.
საქართველოში უკვე მცხოვრები მუსლიმი მესხების ნაწილს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, უფრო დიდი ნაწილი კი უშედეგოდ ცდილობს მის მიღებას. თემურ ლომსაძის აზრით, დღეს ერთ ადგილზე გაყინული რეპატრიაციის მთავარი მიზეზი სწორედ მოქალაქეობის პრობლემაა. მისი აზრით, მესხებს, რომლებიც ძალიან დისციპლინირებული ხალხია, არ სურთ სადმე მოქალაქეობის გარეშე იცხოვრონ.