„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების ორ საქმეზე ერთად, ჯამში, 10 პოლიციელი გამოიკითხა. მათგან ხუთი ორივე საქმის მოწმეა - პოლიციელების სასამართლოში მონაყოლი ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე უფრო მეტს ჰყვება, ვიდრე უშუალოდ საქმეზე, რისთვისაც ისინი იკითხებიან.
საქალაქო სასამართლოს პირველი სართულის დერეფნის ბოლოში, ხელმარცხნივ, ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზამდე მისასვლელი გზა წითელი ლენტითაა გადაკეტილი. მოქალაქეების ნაკადს მანდატურის სამსახურის ორი თანამშრომელი აკონტროლებს. დარბაზთან ათობით კამერა და ჟურნალისტი დგას - ეს ნიშნავს, რომ დღეს აქ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
როგორც წესი, სხდომათა დარბაზში ჯერ ადვოკატებს იძახებენ. ამ დროს დერეფანი უკვე სავსეა სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველებით. შემდეგ წითელ დამცავ ლენტს ხსნიან და დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს უშვებენ. ისინი ერთმანეთს ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებიან, ზოგი გარბის კიდეც, წინა რიგების დაკავება უნდა მოასწრონ. ეს მეორდება ყოველი სხდომის წინ.
ადვოკატების გარდა, მათ სხდომათა დარბაზში უკვე ხვდებიან საქმის პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა. სასამართლოში ისინი ძალიან ადრე მიდიან და დარბაზს ყველაზე გვიან ტოვებენ - ასე მოქალაქეებთან უსიამოვნო შეხვედრების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
დარბაზი სავსეა...
სხდომაზე მოწმე პოლიციელს იძახებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.
ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე რვა დემონსტრანტია: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
მეორე ჯგუფში - 11: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. თერთმეტივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.
ფორმალურად, ორ სხვადასხვა საქმეზე, პროკურატურას ერთი და იგივე მოწმეები ჰყავს დაზარალებულის სტატუსით. მათგან ბრალდებულებს ხელი ვერცერთმა ვერ დაადო.
ისინი სიტყვა-სიტყვით არ იმეორებენ, თუმცა ერთსა და იმავეს ამბობენ: არ დაუნახავთ, ვინ ესროლა ქვა თუ პიროტექნიკა; არ შეუძლიათ დანამდვილებით თქმა, რომ ის, ვინც მათ დაზიანება მიაყენა, ბრალდებულთაგან რომელიმეა.
„არსებობს ასეთი პოლიტტექნოლოგიური ხრიკი: ლაპარაკობენ როგორ დაზიანდნენ და ჩვენ კადრს ანახებენ ამ ლაპარაკის ფონზე... იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან არავის პრეტენზია(პოლიციელებს - რ.თ.) არ აქვს, უნდათ, რომ რაღაცნაირად დალექონ, რომ ჩვენ თითქოს ამ საქმეზე დამნაშავეები ვართ“, - თქვა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე პირველი ორი მოწმე პოლიციელის გამოკითხვის დასრულებისთანავე.
ის პოლიციელები, რომლებიც ორ-ორჯერ იკითხებიან, პირველი დაკითხვისგან განსხვავებით, მეორეზე უფრო მომზადებულები ჩანან.
მაგალითად:
- პირველ ჯერზე არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა „ორგანიზებული ხასიათი დემონსტრანტების ქცევას“, „ჯგუფური ძალადობის“ მეორე საქმეზე დაკითხვისას უკვე იციან;
- პირველად დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, დაზიანება ნამდვილად აქციის მონაწილემ მიაყენა თუ არა, მეორედ კი ამტკიცებენ, რომ დარწმუნებული არიან, ქვა დემონსტრანტების ნასროლი იყო;
- მათ ლექსიკაში პროცესიდან პროცესამდე ჩნდება ახალი სიტყვები: „ძალადობრივი ჯგუფი“, „აგრესია“, „შტურმი“, „ჯგუფურობა და ორგანიზებულობა“.
პოლიციელებს, რომლებსაც „არაფერი დაუნახავთ“ და „ხელს ვერავის ადებენ“, ადვოკატები არარელევანტურ მოწმეებს უწოდებენ და მათ სხდომაზე ე.წ. არარელევანტურ კითხვებსაც უსვამენ. პასუხები ამ პოლიციელებისა და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის საინტერესო პორტრეტს ხატავს.
ეკიპირების გარეშე „ძალადობრივ აქციაზე“
„ქვების წვიმა მოდიოდა“, - ასე აღწერა გასული წლის პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები პოლიციელმა ლაშა ბუიღლიშვილმა. მონაყოლის თანახმად, მას ქვა სახის არეში ღამის ათი საათისთვის მოხვდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
ბუიღლიშვილი აქციაზე დამცავი ეკიპირების გარეშე იყო. იმ დროს, როცა ქვა მოხვდა, მის უკან 50 მეტრში იდგა სპეცდანიშნულების რაზმი. მას არ გამოუთქვამს პრეტენზია ხელმძღვანელებთან, რატომ დააყენეს დამცავი აღჭურვილობის გარეშე წინა რიგებში ის და არა გდდ-ს სრულად ეკიპირებული სპეცრაზმელები.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დაკითხვისას სასამართლო დარბაზში მოწმე ბუიღლიშვილის ნათქვამი ფრაზები გაიმეორა, რომ „აქცია იყო ხალხმრავალი“, რომ „ხალხი აპირებდა პარლამენტში შეჭრას“, „28 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პოლიციელები დაზიანდნენ“ და იკითხა: „და თქვენ მაინც წახვედით ეკიპირების გარეშე?“
ლაშა ბუიღლიშვილმა დაადასტურა, რომ მისი საქმე წესრიგისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვაა და არა „ძალადობრივი აქციის“ მოგერიება.
ბუიღლიშვილი არ ყოფილა ერთადერთი პოლიციელი, რომელმაც აქციას „ძალადობრივი უწოდა“, ამ დროს კი დამცავი ეკიპირების გარეშე იდგა წინა რიგში. იგივე გაიმეორეს პოლიციელებმა გივი წიქორიძემ, გიორგი ზაბახიძემ, ვასილ ბასილაძემ, ნიკოლოზ ხურცილავამ, ივანე კაპანაძემ. ყველა დაზარალებულია.
გიორგი ზაბახიძეს ქვა თვალში მოხვდა, შედეგად მხედველობა თითქმის დაკარგა.
„როგორ ცდილობდით თავის დაცვას?“ - ადვოკატ დავით ჭიკაიძის ამ კითხვაზე პასუხად ზაბახიძემ თქვა: „ხელების დახმარებით ვიგერიებდით, სახეზე ვიფარებდით“.
„თუ მოწმე ამტკიცებს, რომ პირველი ორი დღე აქცია იყო ძალადობრივი და პირველ დეკემბერს მაინც წინა ხაზში დააყენეს ეკიპირების გარეშე, თან გდდ-ს ნაცვლად, მაშინ გამოდის, რომ გადაწყვეტილების მიმღებს აქვს სურვილი, რომ განზრახულად დააზიანოს პოლიციელი ან მინიმუმ არ იჩენს სიფრთხილეს“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი და მაგალითად მოჰყავს პოლიციელ ივანე კაპანაძის ჩვენება, რომელიც იმავე დღეს დაზიანდა, როცა ლაშა ბუიღლიშვილი, თუმცა ერთი საათის შემდეგ.
„ხელმძღვანელების ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ აქცია ძალადობრივი გახდებოდა... ჩემს უკან, დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, იდგა სპეცრაზმი სპეცეკიპირებით... როცა დავზიანდი და ზევით ავედი(პარლამენტის უკან), მაშინ დავინახე, რომ სპეცრაზმი ქვევით ჩამოდიოდა“, - თქვა ივანე კაპანაძემ.
ლაშა ბუიღლიშვილიც იმავეს მოჰყვა - ოღონდ ათი საათისთვის. ამ ორი ჩვენების მიხედვით, გამოდის, რომ სპეცრაზმი ღამის 10-ზეც და 11-ზეც 50 მეტრის დაშორებით იდგა მათგან და ორივეჯერ სწორედ იმ დროს გადმოდიოდა წინ, როცა ბუიღლიშვილი და კაპანაძე დაზიანდნენ.
„მართლაც სად იყო მთელი ეს დრო გდდ?“ - კითხულობს ადვოკატი.
საქმის მასალებს ახლავს დაზიანებული პოლიციელების 158-კაციანი სია. მათგან 79 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდანაა, დანარჩენები თბილისის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. დაზიანებულებიდან უმრავლესობის თანამდებობებია დეტექტივი, გამომძიებელი, მართლწესრიგის ოფიცერი, დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
„დაზარალებულების ძირითადი ნაწილი იმ საპოლიციო ძალებიდანაა, რომელთა პირდაპირი დავალება არ არის აქციების ან შეკრება-მანიფესტაციების მართვა“, - უზიარებს რადიო თავისუფლებას მიგნებას ადვოკატი ომარ ფურცელაძე:
„აქედან გამომდინარეობს, რომ ან ადეკვატურად ვერ აფასებდნენ აქციიდან მომდინარე რისკებს, ან ძალიან კარგად აფასებდნენ, მაგრამ განზრახ არ ხორციელდებოდა მოუმზადებელი, არაეკიპირებული ადამიანების როტაცია, რომ რასაც ესენი ძალადობას ეძახდნენ, ამის მტკიცებულებები შეეგროვებინათ, ოღონდ - მსხვერპლშეწირვის ხარჯზე”.
ფურცელაძე ვარაუდობს, რომ ამ „მსხვერპლშეწირვის“ ერთ-ერთი მიზანი პოლიციელების მიერ დემონსტრანტებზე სამომავლო ძალადობის „რამენაირად გამართლებაც“ შეიძლება ყოფილიყო.
“თუ მოწმე ამბობს, რომ გასროლილმა ქვამ დაუზიანა ტუჩი და არა კბილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩაფხუტის შემთხვევაში დაზიანება ნული იქნებოდა“, - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურისთვის დაზიანებული პოლიციელების რიცხვი მთავარი არგუმენტია სასამართლოში იმის სამხილად, რომ „აქციის მონაწილეებს სწორედ პოლიციელები ჰყავდათ მიზანში ამოღებული“ და ეს ყველაფერი „დაგეგმილი და წინასწარ მართული“ იყო. ციტატები მოყვანილია პროკურორების გამოსვლებიდან.
და მაინც, კიდევ რას აჩვენებს მოწმე პოლიციელების პასუხები?
ლოიალისტები?
დაზიანებული პოლიციელების სიაში არიან მაღალჩინოსნები - განყოფილებებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები. მაგალითად, მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 79 დაზიანებული თანამშრომლიდან 13 გდდ-ს სხვადასხვა განყოფილების უფროსია, 12 - კი უფროსის მოადგილე. შსს-ს ამ ანგარიშის მიხედვით, დაზიანებები უმეტესად ქვის სროლითა და პიროტექნიკითაა მიყენებული.
„რამხელაა ალბათობა იმისა, რომ გასროლილი ქვა ერთი და იგივე განყოფილების უფროსსა და მის მოადგილეს მოხვდეს?“ - კითხულობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე. პასუხი თავად აქვს - ვარაუდობს, რომ 28 ნოემბერს ხელისუფლებამ სპეცრაზმი ერთგული კადრებით დააკომპლექტა.
„სისტემას როცა უჭირდა, დასაშლელად ლოიალისტებს უძახდა და ცხადია, ისინი მაღალი თანამდებობის პირები არიან... ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ჩანს, რომ სისტემა „რენდომ“(შემთხვევით - რ.თ.) პოლიციელებს არ ენდობოდა. ფაქტობრივად, პირველი, მეორე და მესამე ხაზი, ანუ ისინი, ვინც ხალხს არბევდნენ, ლოიალისტები იყვნენ“, - ამბობს ომარ ფურცელაძე.
სპეცრაზმელი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობა არ დაუმალავს არც პოლიციელ ლაშა ბუიღლიშვილს. მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია. საბა ნაბახტეველმა კი არ დამალა, რომ სახალხო პროტესტი თბილისში, ანუ ის, „რაც რუსთაველზე ხდებოდა, მისთვის მოსაწონი არ იყო“.
გამოუცდელები?
დაზარალებულ პოლიციელებს შორის, რომლებიც სასამართლოში დაიკითხნენ, ახალდაწინაურებულებიც არიან. მაგალითად, მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა ერთი თვის წინ განყოფილების უფროსად გადაიყვანეს.
ის უარყოფს, რომ მისი დაწინაურება ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაზარალებულის სტატუსს უკავშირდება, თუმცა ადასტურებს, რომ დაწინაურების პერიოდისთვის ის უკვე დაკითხული იყო და ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც ჰქონდა.
ნიკოლოზ ხურცილავამ შსს-ში დეტექტივის თანამდებობაზე მუშაობა 19 წლის ასაკში, 2021 წელს დაიწყო. მას არ ჰქონია იურისტის დიპლომი, თუმცა გავლილი ჰქონდა პოლიციის აკადემიის სპეციალური კურსი.
„19 წლის ასაკში ხომ მოუწევდა რაიმე საქმეზე მოწმის სტატუსით ერთხელ მაინც დაკითხვა და მისი კვალიფიკაცია რა იქნებოდა?“ - კითხულობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. ის ფიქრობს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებმა შსს-ში არსებული პროფესიული გამოწვევები ხელისგულზე გამოიტანა.
ეს პრობლემა სხვა სასამართლო სხდომებზეც გამოჩნდა. კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძისა და ბრალდებული დემონსტრანტის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შსს-მ გამოიძახა მოწმეები, რომელთაგან არცერთს იურიდიული განათლება არ ჰქონდა.
ოთხიდან ორს ბიზნესის ადმინისტრირება ჰქონდა ნასწავლი, ერთს - ინჟინერია, ერთსაც - მენეჯმენტი. ამის მიუხედავად, მათ სამართალდარღვევა შეაფასეს, მუხლი მიანიჭეს და ოქმი გამოწერეს.
შსს-ს იურისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეტექტივს არ მოეთხოვება იურიდიული განათლება, - განსხვავებით გამომძიებლისგან.
„კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობა აქვს დეტექტივსაც და ის კონკრეტული პირი სანამ დაინიშნება დეტექტივად, გადის სწავლებას პოლიციის აკადემიაში და აქვს კვალიფიკაცია ოქმის გამოწერის“, - ამბობს შსს-ის იურისტი მარიამ კერესელიძე.
ხარვეზები გამოძიებაში
ბრალდებულების ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, რომ მოწმე პოლიციელები ნამდვილად აქციაზე დაზიანდნენ, თუმცა, მათი შეფასებით, გამოძიება ხარვეზებითაა ჩატარებული.
მაგალითად, საქმეში არ დევს ისეთი ნივთმტკიცებები, როგორიცაა დაზიანების შემდეგ პოლიციელების დასვრილი სამოსი თუ ნასროლი ქვა.
„სახლში მაქვს ის სამოსი, რომელსაც სისხლი ჰქონდა. ზედ რაიმე კვალი, დიდი ალბათობით, აღარ არის“, - თქვა პოლიციელმა ივანე კაპანაძემ.
ლაშა ბუიღლიშვილმა კი განაცხადა, რომ ტელეფონში ჰქონდა მისი დაზიანების ამსახველი ფოტომასალა. არც ეს არაა ამოღებული მტკიცებულების სახით.
ამას გარდა, სასამართლოს პოლიციელები გამოკითხვის ოქმთან შეუსაბამო ინფორმაციებსაც აწვდიან, რაც მოწმის მონათხრობის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მაგალითად, ნიკოლოზ ხურცილავამ თქვა, რომ კლინიკაში პოლიციის მანქანით მივიდა, სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ გაცემულ დოკუმენტში კი, რომელიც საქმეს ახლავს, წერია, რომ კლინიკაში 112-ის მანქანამ შეიყვანა. ეს ჩანაწერი პოლიციელს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა წაუკითხა და ჰკითხა:
- „ახლა გვითხარით, თქვენ იტყუებით თუ ექიმი?“
- „შეიძლება ექიმს აერია“, - უპასუხა პოლიციელმა.
საბა ნაბახტეველის მონათხრობით, ქვა მაშინ მოხვდა, როცა „წინ გაიხედა“, მის ჩვენებაში კი წერია: „სხვა მიმართულებით ვიხედებოდი, იყო სიბნელე და ვერ დავინახე“.
იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეზე არიან დაზარალებული, საქმის მასალებში სიტყვა-სიტყვით მეორდება.
„ჩვენებები იდენტურია, ერთი და იმავე ლექსიკითაა დაწერილი, ამ ადამიანებს ეს ლექსიკა არ აქვთ, იმის გათვალისწინებით, რასაც სხდომებზე ამბობენ...თუ კოპირებას აქვს ადგილი, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიება არ იყო ეფექტური. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც დაჯდა და შეკერა საქმე.
სამედიცინო დოკუმენტაციაც დაზარალებულ პოლიციელებს მიატანინეს, განჩინებით გამოთხოვა რომ არ დასჭირვებდათ და არ ეწვალათ. ეს არის ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
გამოკითხული 10 მოწმიდან უმრავლესობამ თქვა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მათ გამოძიების მიერ მოპოვებულ ყველა დოკუმენტზე შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
- პოლიციელმა გიორგი ზაბახიძემ თქვა, რომ არ იცის, რას ედავებიან ბრალდებულებს: „აქ გავიგე, ადვოკატმა თქვა... ჩახედილი არ ვარ“;
- პოლიციელი ივანე კაპანაძე საერთოდაც „ვარაუდობს, რომ საქმის მასალებს გაეცნო“;
- მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძეს არ ახსოვს, გაეცნო თუ არა დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, საქმის მასალები არ გამოუთხოვია, არ მოუწერია ხელი დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე.
რა არ იციან და რა არ დაუნახავთ პოლიციელებს?
გამოკითხულების უმრავლესობა ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, რატომ შეიკრიბნენ დემონსტრანტები პარლამენტის წინ 28 ნოემბერს.
- გიორგი ზაბახიძის თქმით, „პრემიერის განცხადება იყო რაღაც ევროკავშირის გადავადებასთან დაკავშირებით“;
- გივი წიქორიძემ თქვა, რომ დემონსტრანტები „რუსულ კანონს აპროტესტებდნენ“;
- „ევროპასთან იყო რაღაც განცხადება, არ ვიცი“, - თქვა საბა ნაბახტეველმა.
28 ნოემბერს განცხადება, რის გამოც ათიათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა, “ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან თქვა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა.
პოლიციის ძალადობა - დემონსტრანტების ცემა და ძარცვა - უფლებადამცველებმა წამებად შეაფასეს. სასტიკად ნაცემ და დაშავებულ ადამიანებს შორის არიან ჟურნალისტებიც. ძალადობის არცერთ ეპიზოდზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ დამნაშავე არ გამოუვლენია.
თუმცა ადმინისტრაციული წესით უკვე გაასამართლეს 400-ზე მეტი ადამიანი. მათი უმრავლესობა ნაცემი იყო. საპროტესტო გამოსვლები მეექვსე თვეა გრძელდება.
გამოკითხული პოლიციელებიდან ყველა ამტკიცებს, რომ არ შესწრებიან სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შეკითხვები უშვერი სიტყვებით გინებაზე ბრალდებულებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ.
ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა მოწმე გიორგი ზაბახიძეს სასამართლო პროცესზე ჩაურთო ვიდეო, რომელიც პარლამენტის უკანა მხარეს არსებულ ვითარებას ასახავდა. კადრები სპეცრაზმელების განლაგების ადგილიდანაა გადაღებული და გარკვევით ისმის, როგორ იგინებიან ისინი აქციის მონაწილეების მისამართით. მათგან ერთ-ერთი აქციის მონაწილე გოგოს გაუპატიურებით ემუქრება.
ლაშა ბუიღლიშვილმა პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების შეურაცხყოფა უარყო.
ივანე კანაპაძემ ვერ გაიხსენა, უნახავს თუ არა ვიდეოები, რომლებშიც სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნიკოლოზ მანჯავიძემ თქვა, რომ არ იზიდავს ძალადობრივი ვიდეოების ყურება. ლაშა ბუღლიაშვილმა კი მოძალადეები დემონსტრანტებს უწოდა.
ჯგუფური ძალადობის საქმეებზე პროკურატურამ 60-მდე პოლიციელი უნდა გამოჰკითხოს. საქმის მასალებში არ არის ჩვენება, რომლის მიხედვით, ერთი დაზარალებული მაინც იტყოდა, რომ დაკავებული დემონსტრანტებიდან რომელიმეს ძალადობის მსხვერპლი გახდა.