თუმცა სხვებმა შეიძლება ალბანეთი დაასახელონ, რომელიც ბრიუსელისკენ მიმავალ გზაზე დიდ ნაბიჯებს დგამს. ზოგმა შეიძლება თქვს, რომ მოლდოვას - რეფორმებზე ორიენტირებული ამბიციური ქვეყანას - აქვს შანსი, რათა მომავალ წელს ევროკავშირის 28-ე წევრი სახელმწიფო გახდეს.
თუმცა სწორი პასუხი შესაძლოა ისლანდია იყოს.
ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკამ გრენლანდიის ტერიტორიის ანექსიის შესახებ და აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომის პერსპექტივამ, რეიკიავიკში დიდი შეშფოთება გამოიწვია.
ისლანდიის ამჟამინდელმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში გასულ შარშან მოვიდა, გამოაცხადა, რომ 2027 წლამდე ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უმრავლესობა ამას ახლა მხარს უჭერს.
ქვეყანას ეს ადრეც გამოუვლია.
2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ქვეყანა ძალიან დააზარალა - მისი სამი მთავარი ბანკი გაკოტრდა. ევროკავშირში წევრობა - და განსაკუთრებით ევროზონაში გაწევრიანება - კრიზისიდან გამოსვლის გზად მიიჩნეოდა და ბლოკთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო.
მოლაპარაკებები სამი წლის შემდეგ ახლად არჩეულმა მემარჯვენე მთავრობამ შეაჩერა. მაშინ ევროზონა თავადაც იმავე ფინანსურ კრიზისში იყო მოქცეული, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროზე გადასვლა პანაცეად აღარ განიხილებოდა.
გაწევრიანების მოლაპარაკებების ამ სამწლიანი პერიოდის განმავლობაში რეიკიავიკმა გახსნა გაწევრიანების 33 თავიდან უმეტესობა და დახურა 11.
შედარებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების ამჟამინდელმა ფავორიტმა, მონტენეგრომ, ათ წელზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შედეგად მხოლოდ შვიდი თავის დახურვა მოახერხა.
„სუვერენული გადაწყვეტილება“
ევროკავშირის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისლანდიას განაცხადის განახლების შემთხვევაში შეუძლია მთელი პროცესი რამდენიმე წელიწადში დაასრულოს. განაცხადი კი, ევროკომისიის თქმით, კვლავ ძალაშია.
რა თქმა უნდა, ისიც ხელს უწყობს, რომ ქვეყანა ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ის - EEA-ს სხვა წევრებთან, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად - უკვე იყენებს ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებს.
ისლანდია ნაცნობია და ინტეგრირებულია ერთიან ბაზარში. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მსგავსი შეხედულებები გვაქვს - ეს ყველაფერი ჩვენი აქტივია...
როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი გასულ კვირას კუნძულს ეწვია, მან მაშინვე აღნიშნა, რომ ევროკავშირში მომავალი წევრობის საკითხი „სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც აქაური ხალხი იღებს. ამიტომ, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“.
თუმცა, მან დასძინა, რომ „ისლანდია ნაცნობია და ინტეგრირებულია ერთიან ბაზარში. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მსგავსი შეხედულებები გვაქვს - ეს ყველაფერი ჩვენი აქტივია“.
ამ თემის კარგად მცოდნე ევროპელი დიპლომატი, რომელიც ანონიმურად გვესაუბრა, კიდევ უფრო გულწრფელი იყო:
„კარგი იქნებოდა, თუ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა შეუერთდებოდა ევროკავშირს, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ“, - თქვა მან. „ეს აჩვენებდა, რომ კლუბი ნამდვილად მიმზიდველია“.
ინტეგრაცია შეუფერხებლად ჩაივლიდა იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია ევროკავშირის საშუალო სახელმწიფოებზე მდიდარია და მისი მოსახლეობა მხოლოდ 300 000-ია. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ის კლუბის ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფო გახდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ცდილობს ოფიციალურად არ ჩაერიოს ისლანდიის წევრობასთან დაკავშირებულ დებატებში, ის ყველაფერს აკეთებს მის გასაღრმავებლად.
ვიზიტის დროს ფონ დერ ლაიენმა ევროპის ეკონომიკური ზონის შეთანხმების პოტენციურად განახლების მიზნით სავაჭრო მიმოხილვის ჩატარების პირობა დადო. მან ასევე მიაღწია შეთანხმებას ისლანდიისთვის აუცილებელი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, წყალქვეშა კაბელების, დასაცავად და დაიწყო მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რომელიც კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
ეს შეთანხმება, რომელიც, წესით, წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად, ისლანდიისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანაში კარგად ესმით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი უფრო აქტიურები ხდებიან არქტიკის რეგიონში.
ისლანდიაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ანექსიაზე დაწყებულმა საუბარმა. ევროკავშირში დაბრუნების შესახებ დებატები სწორედ ამან გამოიწვია. ქვეყანამ ევროკავშირის წინამორბედი ევროპული თანამეგობრობა1985 წელს დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ისლანდიასთან დაკავშირებით მსგავსი პრეტენზიები არ გამოუთქვამს, რეიკიავიკი მაინც ნერვიულობს. ქვეყნის თავდაცვას აშშ უზრუნველყოფს ნატოს სახელით 1951 წელს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
დღემდე ისლანდია ნატოს ერთადერთი წევრია, რომელსაც არ აქვს საკუთარი არმია და მის შექმნას არც გეგმავს.
2006 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებდა კუნძულის თავდაცვის უზრუნველყოფას, მაგრამ იქ მუდმივად განლაგებული ძალების გარეშე. ეს პოლიტიკა კვლავ ძალაშია და კებლავიკში აშშ-ის ყოფილი საჰაერო ბაზა ნატოს წვრთნების ცენტრად რჩება.
დაძაბულობა ვაჭრობასთან დაკავშირებით
ყველაზე მეტად კი ისლანდიას ტრანსატლანტიკური სავაჭრო დაძაბულობა აღელვებს.
რეიკიავიკს სურს, რომ ბრიუსელმა მათთან კონსულტაციები გამართოს ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ბრიუსელი მას ვერ დაჰპირდება სრული წევრობის გარეშე.
კარგი იქნებოდა, თუ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა შეუერთდებოდა ევროკავშირს, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ... ეს აჩვენებდა, რომ კლუბი ნამდვილად მიმზიდველია...
სწორედ ვაჭრობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი წევრობის მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობას - კუნძულის ძირითად ინდუსტრიებს შეეხება.
ეს ორი სფერო ევროპის ეკონომიკურ ზონაში არ შედის - საფუძვლიანი მიზეზითაც.
ისლანდია შიშობს, რომ ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა კუნძულზე სოფლის მეურნეობას გაანადგურებს, რადგან ის ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან იაფი საკვები პროდუქტებით გაივსება.
თევზაობა კიდევ უფრო დელიკატური საკითხია.
რეიკიავიკი ამაყად აცხადებს, რომ თევზჭერის მარაგების მართვა ბრიუსელზე უკეთესად აქვთ აწყობილი.
მას ძალიან არ სურს 200 მილის ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის ექსკლუზიური უფლებები დაუთმოს დანიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ესპანეთის ან საფრანგეთის ფლოტებს.
ასევე, ისლანდიის წყლებში ჯერაც დაშვებულია ვეშაპებზე კომერციული ნადირობა, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, ამ საკითხზე გლობალური მორატორიუმი გამოცხადდეს.
ფაქტია, რომ ისლანდიის პარლამენტში პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობას ბრიუსელთან მოლაპარაკებების განახლება სურთ, მაგრამ სულაც არაა ცხადი, რომ მათ რეალურად სურთ წევრობა.
ბრიუსელი ისლანდიის გაწევრიანების პერსპექტივებს იმედით უყურებს, თუმცა იმასაც ხედავენ, რომ რეიკიავიკს თავისი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ სურს.
„პრობლემა მათი მხრიდანაა და არა ჩვენგან“, - მითხრა ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა.
ფორუმი