სპექტაკლის „სცენიდან მოხსნა“, საჯარო ბოდიში და მომავალში უკვე კანონით ადამიანების დასჯა გასულ კვირას უკვე მოითხოვეს „სამეფო უბნის თეატრთან“ შეკრებილებმა, რომლებიც რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლ „ლიბერტეს“ (Liberté) შინაარსმა აღაშფოთა.
ეს არ არის ასეთი პირველი შემთხვევა - ამ სტატიაში ვიხსენებთ ბოლო წლების განმავლობაში ქართველ მწერლებზე, რეჟისორებზე, მხატვრებზე, გამომცემლებზე შეტევების ყველაზე გახმაურებულ ამბებს.
“ლიბერტე” თავისუფლებაზე, იდენტობის ძიებაზეა. ბილეთების შოვნა თითქმის შეუძლებელია. 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება. ბილეთის შეძენამდე მაყურებელს აფრთხილებენ, რომ სპექტაკლში გამოყენებულია "ხმამაღალი შეძახილები, თამამი ლექსიკა, "ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედებები", მოულოდნელი ძლიერი სინათლე, სიგარეტის კვამლი, სასცენო კვამლი, მოულოდნელი ძლიერი ხმაური, მსახიობები, სასცენო განათება, თანამედროვე მუსიკა."
აფრთხილებენ იმასაც, რომ ტელეფონით გადაღება სასტიკად აკრძალულია. მიუხედავად ამისა, სპექტაკლის ნაწყვეტის მალულად ჩაწერილი რამდენიმე კადრი და ხმა ჯერ სოციალურ ქსელში გავრცელდა და შემდეგ "ტვ იმედმა" გამოიყენა ახალი ამბების გადაცემებში, იმის საილუსტრაციოდ, რომ "ლიბერტე" საზოგადოების ნაწილს აღაშფოთებს.
ამ "აღშფოთების" და თავად თეატრის გარშემო ატეხილი ალიაქოთის შემდეგ, სოციალურ ქსელში თეატრის მხარდამჭერი არაერთი გამოხმაურება გავრცელდა - მათ შორის იყო დრამატურგის და პოეტის, ალექს ჩიღვინაძის საჯარო ფეისბუკპოსტიც, რომელშიც ის წერდა, რომ როცა საქმე ხელოვნებას ეხება - ლიტერატურას, თეატრს, კინოს - სასურველიც კია, რომ შინაარს არ ეთანხმებოდეო.
„როცა პერსონაჟი კლავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა მოკლათ. პერსონაჟი რომ ღმერთს გმობს, თქვენც არ უნდა დაგმოთ ის.... ლიტერატურას, თეატრს, სულ სხვა ფუნქცია აქვს, განსხვავებით პროპაგანდისგან. ამ სცენებმა უნდა დაგაფიქროთ, მაგალითად, ცოდვის ბუნებაზე ან იმაზე, სადამდე შეიძლება მივიდეთ თუ ზნეობისგან ისე დავიცლებით, რომ უსამართლოდ ციხეში გამოკეტილ ადამიანებზე გავჩუმდებით“, - ალექს ჩიღვინაძე ეცადა, მარტივად აეხსნა, რა განსხვავებაა ხელოვნებას და პროპაგანდას შორის.
„გაიმიჯნოს მწერლობისგან“ - შეტევა დათო ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთაზე“
„ლიბერტემ“ და მის გამო ატეხილმა ამბავმა, ბევრს გაახსენა ერთ-ერთი პირველი მხატვრული ტექსტი, რომელმაც წლების წინ საქართველოში მსგავსი ხმაური გამოიწვია - ეს იყო პოეტ დათო ბარბაქაძის ტექსტი "ტრფობა წამებულთა“.
მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა, ამიტომ დათო ბარბაქაძის ამ ნაწარმოებს ძირითადად გაზეთების ფურცლებიდან აკრიტიკებდნენ.
"ტრფობა წამებულთა“ პოემაა, რომელიც, ალექს ჩიღვინაძის აზრით, „ყველაზე ზუსტად აღწერს 90-იანი წლების საქართველოს და კიდევ უფრო ზუსტად მიესადაგება დღევანდელობას“. თუმცა მაშინ ავტორს „მორალი“ დაუწუნეს.
დათო ბარბაქაძის თაობის პოეტი შოთა იათაშვილი იხსენებს, როგორ ეძღვნებოდა „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე გამოცემის მთავარი რედაქტორის, თამაზ წივწივაძის ლამის ყოველი მეორე სტატია დათო ბარბაქაძეს:
„კარგად მახსოვს, რომ ტექსტზე მეტად, თამაზ წივწივაძე ავტორს მორალისტურად განსჯიდა ხოლმე და მერე დათოს თაობის სხვა ავტორებსაც მიგვაყოლებდა. ამას, მართალია, არ ჰქონდა ისეთი მასშტაბური ხასიათი, როგორც დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, თუმცა ლიტერატურულ წრეებში ეს სალაპარაკო თემა იყო“, - გვიყვება შოთა.
„ლიტერატურული საქართველოს“ გარდა, „ტრფობა წამებულთას“ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზეც აკრიტიკებდნენ. ინტერნეტში ვიპოვეთ 2013 წელს სოსო სიგუას ავტორობით გამოცემული „კულტუროლოგიის საფუძვლების“ მესამე ტომის (რომლის ერთ-ერთი რედაქტორი მწერალი რევაზ მიშველაძეა) ელექტრონული ვერსია, რომელშიც ასეთ აბზაციც არის:
,,ტყნაურთმეტყველება“ (დ. ბარბაქაძე), რომელმაც ქართულ მწერლობაში 21-ე საუკუნის დასაწყისშივე იჩინა თავი (და ახალგაზრდა „მოაზროვნეთა მიერ დღემდე უბოდიშოდ განაგრძობს ყიჟინას, ქართველ „ლიტერატორთა“ გარკვეულ ნაწილთან) თვით ლიტერატურული აზროვნების შინაგანი პრინციპებითვე უნდა გაიმიჯნოს მწერლობისგან“.
„ტრფობა წამებულთას“ ანოტაციაში წერია, რომ ეს არის:
„პასუხის ძიება კითხვაზე, თუ რატომ დაწერა ილია ჭავჭავაძემ „ბედნიერი ერი“, ხოლო მიხეილ ჯავახიშვილმა - „ჯაყოს ხიზნები“. ეს ტექსტი, ამავე დროს, ქართველი ერის ისტორიულ-ლინგვისტურ გამოცდილებაში ისეთი ურთიერთმონათესავე სიტყვების საზრისს უღრმავდება, როგორებიცაა: დატყვევება, მოტყვევნა, წარტყვევნა, მოტყუება, შეტყუება, გატყუება, ტყუილი, ტყვე, უტყვი, მეტყველი, მტყუანი. რა ხდება იქ, სადაც ადამიანები თავდაუზოგავად არიან გადაშვებული ურთიერთმოხმარების, საკუთარი სიამოვნების ფუნქციად მეორე ადამიანის, პირველ რიგში კი, ცხადია, საკუთარი თავის გადაქცევის პროცესში?“
„პირველი რუსი“ და თამარ მეფე - ლაშა ბუღაძეს დღემდე სთხოვენ პასუხს
ლაშა ბუღაძის მოთხრობა „პირველი რუსი“ პირველად 24 წლის წინ, 2001 წელს, ჟურნალ "დრო მშვიდობისაში“ დაიბეჭდა - მაშინ ლაშა 23 წლის დამწყები ავტორი იყო. მას შემდეგ ეს ტექსტი დროდადრო ხდება ხოლმე მწერალზე თავდასხმის მიზეზი. ერთ-ერთი პირველი დისკუსია 2002 წელს გაიმართა, როცა მოთხრობა წაიკითხეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლის" წევრებმა, ის ქართული ტრადიციებისა და ქართველი წმინდანის შეურაცხმყოფლად შერაცხეს და გაზეთ "რეზონანსში" აღშფოთებული წერილიც მიუძღვნეს.
ლაშა ბუღაძის მოთხრობაში ირონიულად არის აღწერილი თამარ მეფის პირველი ქმრის, იური ბოგოლიუბსკის ზოოფილური მიდრეკილებანი და მამაკაცური მარცხი ქორწინების პირველ ღამეს (რადიო თავისუფლება).
ამ ამბავს რადიო თავისუფლების არქივში ინახავს პატარა სტატიაც (დავით პაიჭაძის ავტორობით), რომელშიც წერია, როგორ გაილაშქრა მაშინ მწერლის, მოთხრობისა და ჟურნალის წინააღმდეგ დეპუტატმა გურამ შარაძემ და როგორ სთხოვა პარლამენტს რეაგირება და წმინდა სინოდის მოწვევაც კი საკითხის გასარკვევად.
მოგვიანებით ლაშა ბუღაძე წერდა:
„ვინც ყველაზე ხმაურიანად მლანძღავდა, მათ - ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ - საერთოდ არ ჰქონდათ (და არც აქვთ) ეს ტექსტი წაკითხულიო“.
ავტორი იხსენებს, რომ მაშინ ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში დაიბეჭდა მსუბუქად თუ მძლავრად მხარდამჭერი და სალანძღავი სტატიები, რომლებშიც მის დასჯას მოითხოვდნენ.
„წერდნენ, რომ მე ბოდიში უნდა მომეხადა ქართველი ერისთვის, თამარისთვის, და რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყველა იმ სისულელის ბეჭდვა, რასაც ჩემნაირი უნიჭოები და უზნეოები წერენ“.
საპატრიარქოშიც კი დაიბარეს, სადაც მწერალს უთხრეს, რომ „ტექსტი შეურაცხყოფდა მართლმადიდებელთა განცდებს, ლახავდა მათ უფლებებს“.
ამ ამბებს ლაშა ბუღაძე დაწვრილებით აღწერს თავის რომანში „პატარა ქვეყანა“.
„ანტიმართლმადიდებლური“ - როგორ უტევდნენ პაატა შამუგიას და მის „ანტიტყაოსანს“
კრიტიკა და ლანძღვა, „ასავალ-დასავლის“ „ქრონიკის“ და სხვა არაერთი გამოცემის ფურცლებიდან, ასევე სოციალური ქსელებიდან, არც პოეტ პაატა შამუგიას ტექსტებს არ დაჰკლებია - გამორჩეული აგრესიით შეუტიეს მის 2007 წელს გამოცემულ „ანტიტყაოსანს“, რომელიც ბევრს წაკითხულიც არ ჰქონდა, თუმცა აგრესიის გამოსახატად სათაურიც საკმარისი აღმოჩნდა.
რა არ ეძახეს მაშინ ავტორს: “სექსუალური მანიაკი”, “უტიფარი”, "მასონების მიერ მოსყიდული", “ერის მოღალატე”, “სატანის ლუკმა”, “გადაჯიშებული ქართველი”.
ერთ-ერთ გამოცემაში დიდი ასოებით დაწერილი ბანერიც გავრცელდა: პაატა შამუგიამ საჯარო ლექციების კითხვა დაიწყო და „ბავშვებს მოარიდეთო“.
მაშინაც ამბობდნენ, “ანტიმართლმადიდებლურიაო“ და წიგნის დაწვას მოითხოვდნენ.
ამ ამბავზე თავად პაატა შამუგია demo.ge-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერს:
„სწორედ ამ მიზეზით (“ანტიმართლმადიდებლური”, “ერეტიკული”) იდევნებოდა “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეების განმავლობაში. ვინც არ იცის, გადახედოს ანტონ კათალიკოსის, ტიმოთე გაბაშვილისა და სხვათა “ნააზრევებს” ამასთან დაკავშირებით... მაშ ასე, რა ვუყოთ “საწყალ” ომარ ხაიამს, იასუნარი კავაბატას, ან სულაც ახლახან გარდაცვლილ სოჰრაბ სეფეჰრის ან კურტ ვონეგუტს?! ისინი სულაც სხვა რელიგიურ მრწამს აღიარებდნენ. წავართვათ კლასიკოსების ტიტულები და თავად ისინი ცეცხლს მივცეთ?! დიახაცო, - მეტყოდა ჩემი კვაზიმართლმადიდებელი ოპონენტი, თან ასტამით გაჩხრეკდა ინკვიზიციის კოცონს“.
რატომ გააღიზიანა კონსერვატორულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი მაშინ “ანტიტყაოსანმა“? - ამ კითხვას თავად ავტორმაც უპასუხა.
• პირველ რიგში იმიტომ, რომ არ წაუკითხავთ და ისე, აპრიორი, მსჯელობენ, სხვათა მონათხრობზე აგებენ მსჯელობას... ზოგი წერს: “მე მაგ მკრეხელობას არ წავიკითხავ”. როგორც ხედავთ, დეფინიცია წინ უსწრებს ფაქტს. თუ ჯერ არ წაგიკითხავს, საიდან ასკვნი, რომ მკრეხელობაა?!
• მეორეც - საერთოდ მოწყდნენ რეალობას. მგონი, არ იციან, რომ დიდი ხნის წინ დაიწერა ბოკაჩოს “დეკამერონი” (რომელიც მსოფლიო კლასიკაა) და “ანტიტყაოსნის” ეროტიკულობაზე საუბარი რომ სისულელე გახლავთ, ვერ ხვდებიან...
„სვანური ტრადიციების შეურაცხყოფა“ - ზურაბ ქარუმიძის „მელია-ტულეფიას“ კრიტიკა პარლამენტიდან
2014 წელს მწერალი ზურაბ ქარუმიძე პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულეს მისი 2011 წელს გამოცემული რომანის, „მელია-ტულეფიას“ გამო.
დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მას სვანური ტრადიციების შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს.
ციტატა: „ქარუმიძეს ყოველ სიტყვაზე ფალოსი აკერია პირზე. ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება რამეზე ვეკამათო? დიახ, პირდაპირ ასე დაწერეთ, ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება“.
კრიტიკა მაშინაც „ასავალ-დასავლის“ ფურცლებზე დაიწყო. მერე კი მთელ მედიას მოედო, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობა ქარუმიძის ბრიტანეთში ელჩად დანიშვნაზე, როდესაც ამ ინფორმაციას თავად ზურაბ ქარუმიძე ადასტურებდა.
რომანი მთავარი გმირის, შაქროს სიზმრით იწყება, რომელშიც ნაყოფიერების რიტუალი მელია-ტულეფიაა აღწერილი. ამ არქაული რიტუალის შესახებ თავად ზურაბ ქარუმიძემ პირველად ივანე ჯავახიშვილის ცნობილ ნაშრომში, „ქართველთა წარმართობაში“ ამოიკითხა. მაშინაც კი ეს რიტუალი უკვე აღარ არსებობდა, თუმცა შემდგომში მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს იყო ძველი ხეთური რიტუალი, რომელიც სვანეთში შემორჩა და როგორც შემდეგ მწერალმა დამატებით განმარტა კიდეც, "ნაყოფიერების რიტუალი დაკავშირებულია ფალიკურ სიმბოლოებთან და ამ რიტუალში ეს ყველაფერი სიმბოლურად თამაშდება. სწორედ ეს რიტუალი ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ჩემს პერსონაჟს, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი“.
პარლამენტარების შეტევას მაშინ სიმბოლური აქტით უპასუხა პოეტმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ხასაიამ, რომელმაც მოულოდნელად პირდაპირ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე წაიკითხა ნაწყვეტი „მელია-ტულეფიადან“.
ღვთისმშობელი პისტოლეტით - არც ლია უკლებას ნახატს არ ივიწყებენ
მხატვარ ლია უკლებას თავისი ცნობილი ნახატის, „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ გამო შეუტიეს, რომელიც ხალხმა პირველად 2015 წელს ნახა.
ეს ნახატი ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს „ილიაუნში“ გამოიფინა სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად. მასზე მარიამ ღვთისმშობელს ხელში პისტოლეტი უჭირავს და საფეთქელზე იბჯენს.
ნახატის ფოტო ჯერ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც მალევე მოჰყვა პროტესტი უნივერსიტეტთან პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” წევრებისა და “სტუდია ობიექტივის” წარმომადგენლების მხრიდან.
მალევე ამ ამბავს გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, რომელმაც თქვა, ასეთი შეურაცხყოფა საქართველოსთვის აქამდე არავის მიუყენებიაო. საპატრიარქომ განათლების სამინისტროს მოუწოდა “ზომების მიღებისკენ”.
ლია უკლება იხსენებს, რომ „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ ხატვისას მწვავე გამოხმაურებებს ელოდა, თუმცა არა ისეთს, როგორიც მის საჯაროდ გამოფენას მოჰყვა.
„პატრიარქის გამოხმაურების დღეს სამსახურში მივდიოდი, ამბავი გზაში დამეწია და უკან, სახლში გავბრუნდი. შემეშინდა, თავს არავინ დამსხმოდა. მერეც დიდხანს გამყვა ეს შიში, ქუჩაში ვინმეს ადევნების“.
ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2018-ში, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში უკვე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა უნდა დასჯილიყო ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ამ ინიციატივის ავტორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი იყო.
მაშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი არ უყარა და კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კვიციანს განუმარტა, რომ კანონპროექტის შინაარსი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.
თუმცა იგივე საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს ისევ წინ წამოწია. საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ განაახლა, რაც სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა.
მაშინ სწორედ ემზარ კვიციანი მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების, “სექსუალური ორიენტაციისა” და “გენდერული იდენტობის”, ამოღებას.
ლია უკლებამ თავდასხმის შიში დაძლია, თუმცა როგორც გვეუბნება, ამ წლების განმავლობაში ერთი წამითაც არ გაჰქრობია ცენზურის დაწესების საფრთხის შიში.
„რადგან ჩემამდეც და ჩემ მერეც არაერთი შემთხვევა იყო ხელოვანებზე შეტევის ან უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიუღებლობის. ოღონდ ეს მიუღებლობა რამდენიმე ცალკეული ადამიანის აზრი კი არ არის, ხანგრძლივი იდეოლოგიური მუშაობის შედეგია, რომლის მიღმაც საპატრიარქო და ხელისუფლება დგანან. საკმარისია, გადაუხვიო ტრადიციულ ხედვას, რომ იწყება მღელვარება და აგრესია. მაშინ, როცა ეს არის სახელოვნებო პროცესი, რომელზეც უნდა იკამათო, ილაპარაკო, გააკრიტიკო, მაგრამ არა თავს დაესხა და აკრძალვა მოითხოვო“.
„საიდუმლო სირობა“ - ერეკლე დეისაძეს ჩაქოლვითაც ემუქრებოდნენ
ერეკლე დეისაძის წიგნს, „საიდუმლო სირობას“, ისეთი აღშფოთება მოჰყვა, რომ მისი ავტორი მაშინ თბილისს გაერიდა - მშობლიურ ქუთაისში წავიდა და ხმებიც კი გაავრცელა, რომ თითქოს საქართველოც დატოვა.
ეს იყო 2010 წელი. რელიგიურმა ორგანიზაციებმა ჯერ ილიას უნივერსიტეტში ამ წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს და უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, გიგი თევზაძის, გადადგომა მოითხოვეს - შეკრებილთა აზრით, ეს ტექსტი მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა.
მეორე დღეს, ამავე უნივერსიტეტთან შეკრებილმა ოციოდე ადამიანმა, მათი აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება გააპროტესტა. სწორედ ამ შეკრების დროს მოხდა პირველი შეხლა-შემოხლა და კვირის ბოლოს დაგვირგვინდა ხელჩართული ჩხუბით ტელეკომპანია „კავკასიაში“, სადაც მიწვეული იყვნენ ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, ასევე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათი ოპონენტები.
დღეს ერეკლე დეისაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს წიგნი გახდა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ერთ-ერთი პირველი „იდეური შეტაკების საგანი“. მაშინ ერეკლე 20 წლისა იყო და როგორც დღეს იხსენებს, მისი დაცვა მაშინ ბევრს არავის უცდია.
„საჯაროდ მხოლოდ ლაშა ბუღაძემ და ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა დამიცვეს“.
ერეკლე დეისაძე ამ ამბავში თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ როგორც მას აქვს უფლება, დაწეროს რაც სურს, ისე მეორე მხარეს აქვს უფლება, ამაზე გაბრაზდეს, აქცია მოაწყოს და გამოხატოს უკმაყოფილება.
„მე მესმის იმ ხალხის, ვინც ჩემმა წიგნმა მაშინ გააბრაზა, რადგან ისეთ რამეს შევეხე, წინასწარ ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ამას. მაშინ რომ დამეწყო, ხალხი რა ბნელი და ჩამორჩენილია-მეთქი, არ იქნებოდა მართალი. სინამდვილეში ამ ორ რამეს ერთმანეთი სჭირდება საკუთარი თავის დასაფიქსირებლად: ხელოვნებას ფუნდამენტალიზმი და პირიქით. ამიტომ ლოგიკურია, არ უნდა გვიკვირდეს ხალხის რეაქცია ჩვენნაირ ქვეყანაში, როცა მსგავს რამეს შეეხები. თუმცა ჩემთვის ეგ უკვე წარსულია და მაგ თემას აღარ მივბრუნებივარ“.
ერეკლე დეისაძე საქართველოში წიგნების (შინაარსის) აკრძალვის საფრთხეს დღეს ვერ ხედავს. თუმცა ამბობს, რომ იმ ხალხისთვის, რომელზეც პროპაგანდა ადვილად ზემოქმედებს, ჯერ კიდევ ბევრი რამაა ასახსნელი. მანამდე კი ბრაზის გამოხატვა, ერეკლეს აზრით, მათი ლეგიტიმური უფლებაცაა.
„მათ შეუძლიათ იყვირონ და მოითხოვონ რაღაცის აკრძალვა, მთავარია, მაგ დროს სახელმწიფო რას გააკეთებს“.
2018 წელს ემზარ კვიციანის სახელით ინიციირებული კანონის მიღების მცდელობას დეისაძე ასე გამოეხმაურა: „ეს უკვე პირად სივრცეში შემოჭრაა, რომელიც საბჭოთა კავშირში არ გაუვიდათო“.
ჰარი პოტერის და შარლ პეროს წინააღმდეგ - სულაკაურის გამომცემლობა დარტყმის ქვეშ
„ჰარი პოტერი“ იყო პირველი ზღაპარი, რომელსაც საპატრიარქო დაუპირისპირდა. მსოფლიო ბესტსელერის პირველი ტომი ქართულად „სულაკაურის გამომცემლობამ“ 2003 წელს დაბეჭდა და როგორც დღეს გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი იხსენებს, ამას არნახული თავდასხმა მოჰყვა.
იწერებოდა სტატიები, რომ წიგნი იყო „შავ მაგიაზე“, იმართებოდა აქციები, სკოლებში სასულიერო პირები ქადაგებდნენ, რომ ბავშვებს ეს წიგნი არ წაეკითხათ და იმავეს აკეთებდნენ ცალკეული მასწავლებლებიც. ერთ-ერთ სკოლაში წიგნი დაწვეს კიდეც.
„მაშინ ეს იყო პირდაპირ საპატრიარქოდან წამოსული ზეწოლა. წლების შემდეგ, მათ თქვეს კიდეც, რომ ეს მათ ინტერესში შედიოდა, რომ ამით პოზიციების გაძლიერება სურდათ. რეალურად, შინაარსი არც იყო თავდასხმის ობიექტი. ან როგორ უნდა ყოფილიყო, როცა „ჰარი პოტერი“ ყველაზე მაგარი ზღაპარია, რაც კი ბოლო დროს ბოროტებასთან ბრძოლაზე დაწერილა და რამაც ბავშვებს მთელ მსოფლიოში წიგნის კითხვა შეაყვარა“, - გვითხრა თინა მამულაშვილმა.
თუმცა ამ თავდასხმამ მაშინ მაინც იმოქმედა „სულაკაურის გამომცემლობაზე“, თავად წიგნის გაყიდვებზე, რადგან „ჰარი პოტერის“ მეორე ტომი დიდხანს არ იყიდებოდა. თუმცა გამომცემლობას მისი ბეჭდვა არ შეუწყვეტია. თინა მამულაშვილი ამბობს, რომ რეგიონში საქართველო, საგამომცემლო საქმის მხრივ, ყოველთვის ყველაზე წარმატებული სწორედ იმიტომ იყო, რომ ქვეყანაში იყო სიტყვის თავისუფლება და მათ არავინ ზღუდავდა. ცენზურის პირობებში კი, ხელოვნება უბრალოდ, ვერ ვითარდება.
ცოტა ხნის წინ, „სულაკაურის გამომცემლობა“ კიდევ ერთხელ გახდა აგრესიული თავდასხმის სამიზნე - ამჯერად შარლ პეროს ზღაპრის, „ვირისტყავას“ გამო.
სოციალურ ქსელებში მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მწერლის დასჯას, ჩამოხრჩობას, მისი წიგნების დაწვას მოითხოვდნენ.
და არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები. „მორალის დამცველებს“ მხარი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაუჭირა და პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა:
„ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება“.
იმ დღეებში, „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა - ხელში შეურაცხმყოფელი პლაკატებით, „პედოფილების“ ძახილითა და ფეისბუკზე ჩართული ლაივით.
ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის - „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ - შინაარსის გამო. წიგნში, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი.
„როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? - კითხვას სვამს თინა მამულაშვილი, - სადაც დაცულია სიტყვის თავისუფლება თუ სადაც ავტოკრატიაა და სადაც გვკარნახობენ, რა თქვა და რა არა, რა გამოსცე და რა არა? სადაც ნებისმიერი ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს „დამნაშავე“, თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ მისი სიტყვით თუ ქმედებით მისი გრძნობები შეილახა და ამის გამო შეუძლია უჩივლოს ყველას. ჩემთვის ეგ არის ჯოჯოხეთი“, - ამბობს „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი.
„სახარება ვირისა“ და სხვა - ზაზა ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდა
”თურმე რეებს წერ, ბიჭო”... - ეს იყო ფრაზა, რომელიც 2012 წელს მწერალ ზაზა ბურჭულაძის მიმართ უცხო მამაკაცის გინებას მოჰყვა, აგრესია კი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა მწერალს თავისი ტექსტების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მაშინ აგრესიის მიზეზი გახდა ფეისბუკსა და ფორუმებში გავრცელებული ნაწყვეტები მისი წიგნიდან “ხსნადი კაფკა”. ამის გამო მწერლის ლანძღვა და მუქარა დიდხანს არ შემწყდარა.
ზაზა ბურჭულაძის ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, იყო “სახარება ვირისა” - ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ წერდნენ, „ეს გარეწრები, ბურჭულაძე და ძმანნი მათნი უნდა ვაიძულოთ დედაბუდიანად აიყარონ საქართველოდანო”.
ზაზა ბურჭულაძე მართლაც წავიდა საქართველოდან. ის უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ლევან აკინის ფილმის ჩვენება აქციის ფონზე
2019 წელს კინორეჟისორ ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების შეზღუდვას მოითხოვდა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე - მან ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-საც მიმართა. თუმცა მაშინ შსს-ს „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“.
ქორეოგრაფი დავით ბოხუა ფილმს „ავადმყოფურს“ უწოდებდა და მისი ჩვენების გაუქმებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას მან ცალკე ვიდეომიმართვაც მიუძღვნა და საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
ლევან აკინის ოსკარზე წარდგენილი დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებასა და მის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში მაინც აჩვენეს, თუმცა გარეთ მიმდინარე პროტესტის პარალელურად. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
მაშინ კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს სახეში ქვა მოხვდა და დაშავდა.
2020 წელს ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედური ფილმის ყოველწლიურ ფესტივალზე „The Guldbagge Awards, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მთავარი ჯილდო მიიღო.
2019 წლის დეკემბერში იგივე ხალხი, საზოგადოება „ზნეობის“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ ისევ აპროტესტებდნენ თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ფილმის, თამარ შავგულიძის „კომეტების“ ჩვენებას. ფილმისა, რომელიც ორი შუახნის ქალის ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიას აღწერს.
“მაინც სად გაავლებენ ზღვარს, მაგალითად, რა არის უხამსი და შეურაცხმყოფელი? ან რა დოზით? ვინ დაჯდება, ვინ შეაფასებს? ვინ შეისწავლის, მაგალითად, წიგნების შინაარსს? - მოსალოდნელ ცენზურაზე საუბრისას და შემზღუდველი კანონების მიღების ფონზე კითხვას ასე სვამს საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე.
მისი აზრით, წარმოუდგენელია აღსრულდეს კანონი, რომელიც, მაგალითად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სახელით ვინმეს დასჯის. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ასეთ ინიციატივებს მოჰყვება ადამიანებზე თავდასხმები.
“ასეთი ქმედებები კი, თუ ისინი პირდაპირ ადამიანის უსაფრთხოებას არ დაემუქრება ან სულაც სიცოცხლეს, სულ ცოტა, მის შემოქმედებით თავისუფლებას დააზარალებს. თვითცენზურას გააჩენს. ავტორმა, მწერალი იქნება ის, რეჟისორი თუ მთარგმნელი, ამ დასჯის შიშით, შესაძლოა, თავად შეიზღუდოს თავი. მაგალითად, მე არ ვთარგმნო პაზოლინი და ვთარგმნო მორავია ან არ ვთარგმნო მორანტე და ვთარგმნი ვინმე სხვა… ჩემთვის მთელი ეს ამბავი, რისი მომსწრეც ყველანი ვართ, თან საშიში და პრობლემურია, მაგრამ თან კომიკურიც - ცენზორების მობილიზებას მოახდნენ? ადრე გამომცემლობებში რომ ისხდენენ ხოლმე და წიგნებს გამოცემამდე აკონტროლებდნენ? ეს ვერ მოხდება საქართველოში”, - გვითრა ხათუნა ცხადაძემ.
რამ შეურაცხგყოთ?
როდესაც 2025 წლის წლის 8 მაისს „სამეფო უბნის თეატრთან“ საპროტესტო აქცია დაიგეგმა და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დათა თავაძის სპექტაკლის რეპერტუარიდან ამოღება მოითხოვა (ასევე მისგან ბოდიშის მოხდა, მერიისგან თეატრის ნაწილობრივი დაფინანსების შეწყვეტა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტების სისხლისსამართლებრივი დასჯა), ამ აქციის ინიციატორს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ინტერვიუს დროს ვკითხეთ, მისი ჩამოთვლილი მოთხოვნები არის თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ცენზურის დაწესების მცდელობა და წინსვლა ავტოკრატისკენ. რაზეც მან ასე გვიპასუხა:
„სპექტაკლი საჯარო სივრცეში - ეს არის დიდაქტიკური მასალის გარეთ გამოტანა, რომელსაც აქვს პროპაგანდისტული ხასიათი, და ის უნდა იქნეს რეკვიზირებული. მით უმეტეს, რომ მკვიდრი მოსახლეობის 87% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.. ხოლო ქრისტე ღმერთის მიმართ შეურაცხმყოფელი და მაგინებელი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი ტოლერანტობის განცდიდან გამომდინარე, საზოგადოების დუმილი სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულში მონაწილეობა. რა ხელოვნებაზეა საუბარი? ეს არის საზოგადოების აფექტში ჩაგდების მცდელობა. ამიტომ ასაკრძალი უნდა აიკრძალოს“
- რადიო თავისუფლება: და თქვენი აზრით, აკრძალვა და ცენზურა არ მიიყვანს ქვეყანას ავტოკრატიამდე?
- დიმიტრი ლორთქიფანიძე: არა. არ მიგვიყვანს. იმიტომ რომ თავისუფლებასა და აღვირახსნილობას შორის უნდა არსებობდეს მყარი ზღვარი.
„ლიბერტეს“ მოწინააღმდეგენი გაჩერებას არ აპირებენ - 8 მაისს გამართულ აქციაზე მათ სპექტაკლის მომდევნო ჩვენებაზე თეატრის პიკეტირება დააანონსეს.