1988 წლის 25 ნოემბრის ღამით, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციების დროს, რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეები მოულოდნელ სანახაობას შეესწრნენ - ვიღაც მთავრობის სასახლის სახურავზე აძვრა და იქიდან საბჭოთა საქართველოს დროშა ჩამოაგდო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო გაბრიელ ისაკაძე - საპროტესტო მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მაშინვე დაიჭირეს.
საბჭოთა რეჟიმის დროს, მთავრობის სახლის სახურავზე აძრომა და მით უფრო, საბჭოთა საქართველოს დროშის ჩამოგდება იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ მომხდარს ხალხში ჯერ ტაში, ხმამაღალი შეძახილები და სიხარულის ყიჟინა მოჰყვა, თუმცა, იქ შეკრებილი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ამ ფაქტს მალევე მკაცრად გამოეხმაურნენ, რადგან იფიქრეს, პროვოკაცია ხომ არ არისო, და აღელვებული ხალხის დამშვიდება სცადეს.
იმ წუთებში, ჯერ არავინ იცოდა, ვინ, როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა მთავრობის სახლის სახურავზე. მსგავსი რამ, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრები მოგვიანებით იხსენებდნენ, მათ არ დაუგეგმავთ. თან, ეს იყო მაშინდელ საბჭოთა საქართველოში პირველი მასშტაბური აქციები, რომლის ორგანიზატორებიც განსაკუთრებით ფრთხილობდნენ.
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ქვეყანა იყო რეალურად საბჭოთა კავშირი - ჯორჯ ორუელის „1984“-ც კი შელამაზებულია იმ სინამდვილესთან. პროკლამაციაზე ორი სიტყვის დაწერის გამო შეიძლება რეჟიმს ციხეში გაეშვი და ასეთ დროს, ვიღაც რომ საბჭოთა დროშას ხსნის, ეს არ იყო პატარა ამბავი - იმის მტკიცებაც რთული იქნებოდა, რომ ეს ჩვენ არ ვიცოდით. ამიტომ, ეს ამბავი მაშინვე პროვოკაციის მცდელობად შეფასდა“, - იხსენებს ყოფილი დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ძაბირაძე.
ეს იყო 1988 წლის ნოემბრის ცნობილი აქციები, პირველი მასშტაბური გამოსვლა, როცა ხელისუფლებისგან ყველა მოელოდა პროვოკაციას.
1988 წლის ნოემბერში, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში მოკავშირე რესპუბლიკათა სუვერენული უფლების შემცირების მცდელობას თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა - აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო კონსტიტუციაში მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება. ამავე მოთხოვნით, მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა ბალტიის რესპუბლიკებშიც.
23 ნოემბერს მაშინდელი მთავრობის სახლის შენობასთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო შიმშილობის აქცია, რომელსაც შეუერთდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაციები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ქუჩაში საქართველოს ათიათასობით მოქალაქე იდგა. მთავრობის სახლთან კარვებიც გაიშალა. რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა ავტომანქანებისთვის. ეს ასევე იყო პირველი მასშტაბური აქცია, სადაც მომიტინგეებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ღიად მოითხოვეს.
დემონსტრაციები 29 ნოემბრამდე გაგრძელდა. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კონსტიტუციიდან სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის მუხლი აღარ ამოიღეს.
ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ იმ დღეებში ყველა ძალიან დაძაბული და თან, შეძლებისდაგვარად მობილიზებულიც იყო.
ლიდერებმა, თავიანთ მომხრეებს, საიდენტიფიკაციოდ, საგანგებო ლენტებიც კი დაურიგეს - ისინი გაფანტულები იყვნენ აქციაზე და ყურადღებით აკვირდებოდნენ რაიმე არეულობა არ მომხდარიყო ან აქციის მონაწილეთა შორის პროვოკაცია არავის მოეწყო.
„და ამ დროს დაიწყო სწორედ ჩოჩქოლიც. ხალხი ზემოთ იყურებოდა, მთავრობის სახლის სახურავისკენ. მაშინ ჩვენთვის საინტერესო იყო, როგორ შეაღწია ვიღაცამ სასახლის შენობაში და როგორ ავიდა ზემოთ. ცხადია, მაშინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ საბჭოთა ხელისუფლება ამ პროვოკაციის გამოყენებას ჩვენს საწინააღმდეგოდ ეცდებოდა. ეს ადამიანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ციხიდან გაათავისუფლეს“, - გვიყვება ვახტანგ ძაბირაძე.
ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, რომელიც მაშინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო, 37 წლის წინანდელი ვიდეო კადრების ყურებისას, რომელშიც საბჭოთა დროშა ეშვება, ამბობს, რომ ეს კადრები მისთვის დღესაც ემოციურია, თუმცა კარგად ახსოვს ეროვნული მოძრაობის ლიდერების ის განწყობაც, რაც რამდენიმე წუთიან აღფრთოვანებას მოჰყვა:
„ცხადია, ეს იყო ამაღელვებელი წუთები და ის კადრი, რასაც ყველა ელოდა 70 წლის განმავლობაში, თუმცა ლიდერები ვალდებულები ვიყავით უფრო შორს გაგვეხედა და ის საფრთხე გაგვეცნობიერებინა, რაც შეიძლება ამას მოჰყოლოდა. ეს ვალდებულება არა აქვთ ხოლმე აქციის მონაწილეებს, მაგრამ აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს და ამიტომ, ჩვენი პირველივე რეაქცია იყო მკვეთრი: ამ ქმედების დაგმობამდე მისული უარყოფა. გია ჭანტურიამ მაშინვე აიღო მიკროფონი და თქვა, რომ შესაძლოა, ეს მოვლენა პროვოკაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან…
შესაძლოა ის ხალხი, ვინც ზემოთ ავიდა და გარისკა, სრულიად გულწრფელად მოქმედებდა და მათ არც უფიქრიათ, როგორ შეიძლებოდა ეს ხელისუფლებას გამოეყენებინა, მაგრამ ეს იყო საბჭოთა რეჟიმი, რომელსაც შეეძლო მომხდარი შეეფასებინა ხელისუფლებაზე თავდასხმად, სახელმწიფო დაწესებულებაში შევარდნად და თუ ჩვენ ამას ტაშით შევხვდებოდით, ხვალ, შესაძლოა, სხვასაც ეს ნაბიჯი გადაედგა - მასის ემოციური კონტროლი კი, თან მასშტაბური აქციების დასაწყისში, არ იყო ადვილი საქმე“.
დაკავებულ გაბრიელ ისაკაძეს ადანაშაულებდნენ არა მხოლოდ დროშის შებღალვაში, არამედ ბოროტ ხულიგნობაში.
დიდხანს არკვევდნენ როგორ აღმოჩნდა მომიტინგე მთავრობის სასახლის შენობის სახურავზე. მისი მამა - ქიშვარდი ისაკაძე, წლების მერე დაწერილ წიგნში „ჩემი შვილი გაბრიელი“ იხსენებს საუბარს საქმის პროკურორ გიორგი აგლაძესთან, რომელიც ამბობდა:
„გვაინტერესებდა, მართლა თვითონ ავიდა მთავრობის სახლის სახურავზე გაბრიელი თუ სხვამ აიყვანა... მართლა თვითონ ასულა - გაგვიძღვა წინ, ხან მარჯვნივ მოუხვია, ხან მარცხნივ, ხან პირდაპირ იარა და აგვიყვანა იმ ადგილზე, სადაც დროშაა აღმართულიო“.
ქიშვარდი ისაკაძეს თავის წიგნში მოჰყავს ერთ ეპიზოდი გაბრიელის (გაბულის, როგორც მას შინაურები ეძახდნენ) სასამართლოს სხდომებიდან, სადაც მოსამართლე გაბრიელს ეკითხება:
- ბრალდებულო ისაკაძე, საქართველოს სახელმწიფო დროშა რომ გადმოისროლეთ მთავრობის სახლის სახურავიდან, რა რეაქცია მოჰყვა ამას მომიტინგეთა მხრიდან?
ბრალდებული პასუხობს: ყოფილხართ სტადიონზე, როცა ჩვენი ფეხბურთის გუნდი ეთამაშება მოსკოვის რომელიმე გუნდს? ჰოდა, ჩვენი ბიჭები რომ ბურთს გაიტანენ მოწინააღმდეგის კარში და აღფრთოვანების ტაში არ ცხრება, ისეთი ტაშით შეხვდნენ მომიტინგეები მთავრობის სახლიდან ჩემს მიერ იმპერიული დროის გადმოგდებას. ესაა ბოროტი ხულიგნობა?
ქიშვარდი ისაკაძე თავის წიგნში კიდევ ერთ სცენას იხსენებს სასამართლო პროცესიდან. მოსამართლემ დასაკითხად დაიბარა მოწმე - ვინმე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც თქვა:
- მე ვმუშაობ საქართველოს სს მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგედ. იმ დღეს, რა დღეზეც ახლა ვლაპარაკობთ, რაიმე წესრიგის დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი, მორიგეობა მქონდა დავალებული. დროშის ჩამოხევამდე რამდენიმე წუთის წინ, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა შემოაღო ოთახის კარი, სადაც მე და მთავრობის სახლის დაცვის უფროსი გიორგი ცირღილაძე ჭადრაკს ვთამაშობდით. უცნობმა ახალგაზრდამ გვკითხა: ხომ ვერ გვეტყვით სახურავზე როგორ უნდა ავიდეო? ჩვენ ამ კითხვაზე რეაგირება არ მოგვიხდენია, ჭადრაკის თამაში გავაგრძელეთ. ცოტა ხნის შემდეგ, აურზაურის ხმა რომ გავიგეთ, გავედით დერეფანში და დავინახეთ, მილიციის მუშაკებს ეს ბიჭი - გაბრიელისკენ გაიშვირა ხელი - მიჰყავდათ დაკავებული...
გაბრიელ ისაკაძეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით. ერთხანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა, სადაც,როგორც მამამისი წერს, 36 დღე გაატარა. ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაყვანამდე, მშობლებთან ერთ-ერთი პაემნის დროს, გაბრიელი დედ-მამას უყვებოდა:
„ჯერ გამკოჭეს, მერე საქონელს რომ ნემსს უკეთებენ იმით გამიკეთეს დასადამბლავებელი ნემსი, გაკეთების დროს კინაღამ მოვკვდიო“.
საბოლოოდ, ხულიგნობის მუხლი მოუხსნეს, თუმცა, კიდევ ორი წელი დარჩა მოსახდელი. საპატიმროში წელიწადი და ექვსი თვე გაატარა - გაბრიელი ვადაზე ადრე გამოიხსნეს ციხიდან მერაბ კოსტავას თხოვნითა და დახმარებით. სანამ ქიშვარდი ისაკაძე მერაბ კოსტავას სთხოვდა დახმარებას, მამა-შვილს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
- მამა, მიდი მერაბ კოსტავასთან, უთხარი რაშიცაა საქმე, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
- ეგ კი ვიცი, მაგრამ ადვოკატი მეუბნება, ვთარგმნოთ და მოსკოვში წავიღოთ საქმე, იქ უეჭველად მოხსნიან ხულიგნობის მუხლსო.
- მოსკოვის სიამოვნებისთვის მხდიან სულს და მოსკოვის იმედი გაქვთ? მიდით მერაბ კოსტავასთან!
ციხიდან გამოსულმა გაბრიელ ისაკაძემ, ისევ მამამისის მონათხრობს თუ დავეყრდნობით, არაპარტიული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „ქართველთა სულიერი ერთიანობის განმამტკიცებელი დასი „რწმენა“ დააარსა.
გაბრიელი გაერთიანდა ეროვნულ გვარდიაშიც. ის სიცოცხლის ბოლომდე ზვიად გამსახურდიას მომხრედ და თანამოაზრედ დარჩა. გროზნოდან ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ სამეგრელოში წავიდა და უდიდეს დროს იქ ატარებდა. თბილისში იშვიათად, მხოლოდ მცირე ხნით ჩადიოდა. ერთ-ერთი ასეთი მოკლევადიანი ჩასვლისას მოკლეს.
ეს იყო 1993 წლის 31 დეკემბერი, ახალი წლის წინადღე.
„თბილისში რომ გაბულის ჩამოსვლის ამბავი გავიგე, გულმა მიგრძნო, რომ თავს უბედურება უნდა დამტყდომოდა. სახლში რომ შევედი, ვუთხარი, რატომ მოხვედი, შენ არ ამბობდი, რომ შევარდნაძე ზვიადისტების ლინჩის წესით გაჟლეტას აპირებს, რატომ ჩამოხვედი-მეთქი?“, - წერს ქიშვარდი ისაკაძე. შვილისგან პასუხი მიიღო, ხვალ ახალი წელია, დღეს ჩემთვის ვის სცალია, ერთი წუთით შემოვირბინე და ახლავე წავალო. მაგრამ სწორედ მაშინ გაისმა კარზე გაბმული ზარი.
მილიცია მოვიდაო, თქვა გაბულიმ და ეზოში გავიდა.
როგორც მამა აღწერს, ზარი უწყვეტად რეკავდა: „გააღეთ, თორემ გარედან დაგცხრილავთო“. ქიშვარდი ისაკაძე აღწერს, რომ ავტომატიანი ადამიანები მის სახლში შეცვივდნენ და გაბრიელის ძებნა დაიწყეს. ამ დროს ეზოდან გასროლის ხმა გაიგონეს და ეზოში რომ გაიხედეს, „გაბულის ცალი ხელი გასისხლიანებულ ყურის ბიბილოზე ეკიდა და თავდამსხმელებს ეუბნებოდა, ჯიბეში დასაკეცი დანაც არ მიდევს და ტყვიებს მიშენთო? წავიდეთ მილიციაში, თუ რამე დანაშაული მაქვს, კანონის ძალით ვაგებ პასუხს, ლინჩის წესით მასამართლებთო?“
მამის აღწერის თანახმად, ეზო და სახლი წამებში გაივსო იარაღიანი ხალხით. აღარ გაუსვრიათ, თუმცა გაბრიელი მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის ცოცხალი აღარ უნახავთ.
ქიშვარდი ისაკაძე წერს, რომ შვილის წაყვანის შემდეგ მას ხან საავადმყოფოში ეძებდა, ხან მილიციაში, თუმცა გაბული არსად ჩანდა. ბოლოს ისევ საავადმყოფოში მოაკვლია - უკვე მოკლულს:
"ოდნავ ღრიჭოდ მოხურული კარიდან, ოთახში თუ პალატაში, თვალი მოვკარი საკაცეზე დასვენებულ, ზეწარგადაფარებული მკვდრის შიშველს ფეხებს და აკანკალებული შევედი ექიმთან"...
წიგნს დართული აქვს გაბრიელ ისაკაძის ტანსაცმლის ფოტო, რომელზეც რამდენიმე ნატყვიარი ჩანს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში, რომლის ციტატაც მოჰყავს თავის წიგნში გაბრიელ ისაკაძის მამას, ეწერა:
„1993 წლის 31 დეკემბერს, თბილისში, ვაზისუბნის #24-ში მცხოვრები გ. ისაკაძე მოკლულ იქნა მილიციის თანამშრომლების მიერ, მათი სიცოცხლის ხელყოფის დროსო“ - ამ ჩანაწერს გაბრიელ ისაკაძის მამა ტენდენციურს და გაუმართლებელს უწოდებს და წერს, გამომძიებელს (ლ. ჩხატარაშვილი) არც ჩვენი ოჯახის წევრები დაუკითხავს, არც მკვლელობის თვითმხილველი მეზობლები, ისიც დაუდგენია, რომ ასამდე შეიარაღებული პოლიციელი, სრულიად უიარაღო კაცს რომ არ დაეხოცა, იმიტომ მომხდარა ეს საშინელება“.
გაბრიელ ისაკაძის დაკრძალვაზე, როგორც მისი მამა იხსენებს თავის წიგნში, ოჯახის ბევრი ნაცნობი და მეგობარი არ მისულა „აქაოდა მიცვალებული ზვიადისტი იყო და შარში არ გავეხვიოო“.
გაბრიელ ისაკაძე 35 წლისა იყო.