Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სანქციები საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს“ - რა წერია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში, რომელსაც 4 ივნისს მიიღებენ


რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეჯერებული ანგარიშის საბოლოო ვერსია.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეჯერებული ანგარიშის საბოლოო ვერსია.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ, 4 ივნისს მიიღებს დოკუმენტს, რომლითაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობას, მას უწოდებს „დე ფაქტო ხელისუფლებას“, „ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ კი სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებს.

ეს დოკუმენტი არის ანგარიში 2023-24 წლებში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო მომხსენებელი არის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეჯერებული ანგარიშის საბოლოო ვერსია.

14-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში - პირიქით, „რეგრესიც კი განიცადა“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც „გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი“, რის შემდეგაც მოხდა „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება“.

„ქართულ ოცნებას“ ჯერ ამ ანგარიშისათვის არ უპასუხია, - მას ოფიციალურად ხვალ მიიღებენ, - თუმცა ზოგადად მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომელიც შეიცავს სხვადასხვა კრიტიკულ შენიშვნას და მოწოდებას, რაც „ოცნებისთვის“ მიუღებელია, „ჩალის ფასი აქვს“.

მზია ამაღლობელი

კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს „პოლიტიკური პატიმრების მზარდი რიცხვის გამო“ და ყველა მათგანის გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან, ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოყოფს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და წერს:

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში გაყალბებული ბრალდებებით“.

მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსისათვის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. დგებუაძს მტკიცებით, მან სილის გაწვნით ტკივილი განიცადა
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსისათვის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. დგებუაძს მტკიცებით, მან სილის გაწვნით ტკივილი განიცადა

მზია ამაღლობელის შესახებ დღეს, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ისაუბრა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, - რომელიც ხვალ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს აღნიშნულ ანგარიშს.

ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე მიიღონ რეზოლუცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

იუკნევიჩიენემ, - რომელიც მაისის ბოლოს საქართველოში რამდენიმე ევროპარლამენტართან ერთად იმყოფებოდა, - განაცხადა:

„ჩვენ გვსურდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში. მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ არ დაგვრთეს ნება. ეს მამაცი ჟურნალისტი გახდა საქართველოში დღეს დაპატიმრებულთა სიმბოლო, ამიტომ გსურს ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ მისდამი“.

სხვადასხვა აქცენტი

კომიტეტი ასევე:

  • გმობს „700-მდე საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, მათ მიერ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერის გამო“;
  • გმობს პარტიის მაღალი რანგის პირთა, პარლამენტარებისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მიერ ევროკავშირის შესახებ „რეგულარულ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს“;
  • ხაზს უსვამს „ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, პასუხისმგებელ პირებს შორის ასახელებს ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს;
  • მოუწოდებს ევროკავშირს, „სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები“;
  • კომიტეტი ასევე გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ევროკავშირის საბჭოში ივანიშვილის სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების „ობსტრუქციას“ და „უნგრეთის მთავრობის მიერ „ქართული ოცნებისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობას“.

არჩევნები - საპარლამენტო და ადგილობრივი

ანგარიშში საუბარია არჩევების საკითხზეც - კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი იმეორებს, რომ არსებული „პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის“ გადაჭრა შესაძლებელია „მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით“.

წერს, რომ ეს არჩევნები „უნდა ჩატარდეს მომდევნო თვეების განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების დაკვირვებით“.

ასეთმა არჩევნებმა, კომიტეტის თანახმად, „უნდა ასახოს ხალხის ნამდვილი ნება“.

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნა“, ხოლო საქართველოს კი მიიჩნევს „პარტია „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ“.

მოგვიანებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საუბრობს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მას უწოდებს „კიდევ ერთ გამოცდას საქართველოს დემოკრატიისათვის“.

კომიტეტი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ქართველი ხალხის ნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად არეკლილ იქნეს“;

ამასთან, გამოდის მოწოდებით, რომ „მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, გულმოდგინე საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაკვირვებით, რათა გარანტირებული იყოს არსობრივად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

ამ კონტექსტში კომიტეტი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს „საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუარესებით მუნიციპალური არჩევნების წინ“.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, რომ განიხილოს დამატებით ინდივიდუალური სანქციები, თუკი „მუნიციპალური არჩევნები არ ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“.

„ოპონენტების დევნა“

„რუსული სტილისას“ უწოდებს კანონებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვის შესახებ, მათ შორის „ძლიერად გმობს“ გრანტების კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც გრანტის გაცემასა და მიღებას მთავრობის ნებართვა სჭირდება.

ევროპარლამენტის კომიტეტი ასევე გმობს იმას, რასაც უწოდებს „პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით დე ფაქტო პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ“.

კომიტეტი წერს, რომ საგამოძიებო კომისია „პოლიტიკურ ხასიათისა“ და ხაზს უსვამს, რომ ის შეიქმნა „ნამდვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის [დაანონსების] პარალელურად“. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს ადანაშაულებს „რუსული ნარატივების გავრცელებაში“.

პარტიების აკრძალვის კონტექსტში კომიტეტი აღნიშნავს, რომ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა „გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში“.

ამის შემდეგ კომიტეტი „კატეგორიულად იმეორებს“ მოთხოვნას, რომ გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარულ საფუძველზე“.

კომიტეტი ასევე გამოდის მოწოდებით, რომ სანქციები დაუწესდეთ „საშუალო და დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე“; კომიტეტის პოზიციით, ასეთი სანქციები ძალაში უნდა იყოს მანამ, სანამ „საქართველოში დემოკრატია სათანადო დონეზე არ აღდგება“.

ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი სჭირდება, რაც უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის ფონზე ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, ამაზე მუშაობა გრძელდება; ამასთან, ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა დამოუკიდებლად დააწესეს სავიზო სანქციები.

ევროპარლამენტის დღის წესრიგში

დღეს, 3 ივნისს ევროპარლამენტში ამავე, საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა - სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ისაუბრა საქართველოს შესახებაც.

მან თქვა, რომ „საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად“.

„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს“, - თქვა მარტა კოსმა.

3 ივნისს ასევე ევროპარლამენტის კიდევ ერთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს შესახებ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები: მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და სამოქალაქო აქტივისტი, პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი.

ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ უპასუხიათ ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიშისათვის - ანგარიშს 4 ივნისს მიიღებენ. თუმცა,ზოგადად, პარტია აცხადებს, რომ ევროპარლამენტს აკონტროლებს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოს „ომჩი ჩართვა სურს“, ხოლო მის რეზოლუციებს - რომლებიც არაერთ ასპექტში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს, - „ჩალის ფასი აქვს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG