ევროკავშირი აგვისტოს უმეტესი ნაწილის განმავლობაში ისვენებს. არც ევროპარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება, არც საბჭოს სხდომები და არც -კომიტეტის შეხვედრები. მოკლედ, ამ კვირების განმავლობაში არც არაფერს არ განიხილავენ და, მით უმეტეს, არც გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
მაგრამ როგორც კი დიპლომატები და ოფიციალური პირები სექტემბერში თავიანთ ოფისებს დაუბრუნდებიან, რთული გადაწყვეტილებების მიღება და დილემების გადაჭრა დასჭირდებათ.
რადიო თავისუფლება განიხილავს ხუთ საკითხს, რომლებსაც მომდევნო თვეებში უნდა მიაქციოთ ყურადღება.
რუსული აქტივების გალღობა?
ევროკავშირში 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული მას შემდეგ, რაც ბლოკმა მოსკოვისთვის სანქციების დაწესება დაიწყო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ბრიუსელში მას შემდეგ დავობენ, თუ რა უნდა უყონ ამ ფულს.
ეს დებატები გაგრძელდება 29-30 აგვისტოს დანიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გიმნიხის სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ შეხვედრით იწყება ხოლმე ევროკავშირის საშემოდგომო აქტივობები.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სურს ორდღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში საფუძვლიანი დებატები ჩატარდეს იმის შესახებ, თუ როგორი გეგმა უნდა ჰქონდეთ ამ ფულთან დაკავშირებით. რუსეთის გაყინული აქტივები ბლოკს მომავალში ძალიან ძლიერ სავაჭრო იარაღს სთავაზობს, თუმცა ამას გარკვეული იურიდიული დილემებიც ახლავს თან.
ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებით რამდენიმე „ქორს“ აღმოსავლეთში, სურს, რაც შეიძლება სწრაფად დახარჯოს ეს ფული უკრაინაში იარაღის გასაგზავნად ან ბლოკის ხელახლა შეიარაღებისთვის.
ამ გეგმის მომხრეები ამბობენ, რომ ამით შეიძლება დაფარონ აშშ-ის უკრაინისათვის გამოყოფილი თანხების პოტენციური შემცირებით გამოწვეული დანაკლისები და რომ სამართლიანია, რომ იარაღისათვის რუსული ფული დაიხარჯოს და არა - ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები.
სხვები, განსაკუთრებით უფრო დიდი წევრი სახელმწიფოები, ჯერ არც ისე დაინტერესებულნი არიან ნაღდი ფულის ჩამორთმევით. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ ეს ფული ევროპისთვის სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობის ბილეთი იქნება, რადგან მოსკოვი ცდილობს ამ თანხების რაც შეიძლება დიდი ნაწილის დაბრუნებას.
სხვები მიუთითებენ, რომ ეს ფული შეიძლება ბერკეტად გამოიყენონ კრემლის წინააღმდეგ, რათა მას ომის ახალ ტრიბუნალთან თანამშრომლობა აიძულონ. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ უმჯობესია აქტივები გაყინული დარჩეს საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე და შემდეგ აითვისონ უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ევროპის ცენტრალურ ბანკში (ECB) არსებობს იმის შიში, თუ რა გავლენას მოახდენს სუვერენული აქტივების ჩამორთმევა ევროზე, როგორც მსოფლიო ვალუტაზე, რადგან ამან შეიძლება სხვა ქვეყნებს გადააფიქრებინოს ევროზონაში ინვესტიციების განხორციელება.
ცალმხრივი ქმედებების წინააღმდეგია ბელგიაც, სადაც ინახება რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი. მათი არგუმენტია, რომ გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება ყოველ კვარტალში 1-დან 2 მილიარდ ევრომდე მერყეობს, რაც შეიძლება პირდაპირ კიევის ხაზინაში წავიდეს.
მოსალოდნელია, რომ ამ თემაზე მწვავე დებატები კიდევ რაღაც ხანს გაგრძელდება.
მოლდოვისა და უკრაინის განცალკევება?
ამ დრომდე მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ერთობლივად მიიწევდნენ წინ. ორივე მათგანს კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა და 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ამ წყვილთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო.
ევროპელი დიპლომატების უმეტესობა ელოდა, რომ გაწევრიანების 33 თავიდან პირველი კიშინიოვთან და კიევთან ამ წლის პირველივე ნახევარში გაიხსნებოდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან ამ მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი ბლოკავს და მიზეზად უკრაინაში უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებების შელახვას ასახელებს.
ვინაიდან მოლდოვა და უკრაინა ჯერჯერობით „დაწყვილებულნი“ არიან, ეს ბლოკადა კიშინიოვზეც მოქმედებს. ამ გაზაფხულზე დაიწყო მოლაპარაკებები ორი ქვეყნის განცალკევებაზე, რათა მოლდოვას მაინც შესძლებოდა წინსვლა, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
უნგრეთმა მიანიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ დათმობს, განსაკუთრებით წელს ჩატარებული არასავალდებულო რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც გამოკითხულთა 95 პროცენტმა უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. ევროკავშირის ოფიციალური პირების უმეტესობა ამჟამად მიიჩნევს, რომ ეს ვითარება 2026 წლის აპრილში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე არ შეიცვლება.
ამავდროულად, მოლდოვა 28 სექტემბერს ჩაატარებს არჩევნებს, რომელშიც ევროკავშირის მომხრე მთავრობა ხელახლა არჩევისთვის იბრძოლებს. ბრიუსელში მუდმივად ვრცელდება ხმები, რომ უკრაინა და მისი მრავალი მხარდამჭერი კლუბში უხალისოდ, მაგრამ მაინც შეეგუა განცალკევებას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვას დამოუკიდებლად წინსვლის უფლება მიეცემა.
ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში მიიღონ და ამან პოტენციურად შეიძლება პროევროპული ძალების სასარგებლოდ შეცვალოს ბალანსი, მოლდოვის არჩევნებში.
რა ვუყოთ საქართველოს?
ბრიუსელი ამ შემოდგომაზე გააგრძელებს მსჯელობას საქართველოს უკუსვლასთან დაკავშირებით და შესაძლოა, საბოლოოდ რაიმე გადაწყვეტილებებიც მიიღოს.
ევროკომისიამ ივლისში საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა, აგვისტოს ბოლომდე დაკმაყოფილებულიყო რვა კრიტერიუმი, რომლებიც ბრიუსელის აღმასრულებელმა ორგანომ 2024 წლის ბოლოს დაადგინა. მათ შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ სადავო კანონების გაუქმების აუცილებლობა.
ბრიუსელში არ ელიან, რომ თბილისი ამ საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს. ახლა საკითხავი ისაა, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი.
სანქციები მმართველი პარტიის წევრებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებენ.
ამიტომ ბრიუსელში საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის პოტენციურ შეჩერებაზე მუშაობენ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა - 55 პროცენტი წევრი ქვეყნებისა, რომლებიც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65 პროცენტს წარმოადგენენ - და, როგორც ჩანს, ეს კვალიფიციური უმრავლესობა უკვე არსებობს.
თუ ეს მართლაც მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციას შეაჩერებს. ბრიუსელი აშკარად ამზადებს ამისთვის საჭირო სამართლებრივ ჩარჩოს.
ბლოკს ამ შემოდგომაზე ასევე შეუძლია შეაჩეროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ნაწილები, მათ შორის მისი თავისუფალი ვაჭრობის ასპექტები. როდის შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს?
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალური საბჭოს ფორმატში ოქტომბრის ბოლომდე არ შეიკრიბებიან, რაც თბილისს პოტენციურად მეტ დროს მისცემს მოთხოვნებზე რეაგირებისთვის. მანამდე, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, რაც კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ საით მიემართება ეს ქვეყანა.
შესვლა/გასვლის სისტემის დანერგვა
წესით, ეს შარშან უნდა მომხდარიყო. ან კიდევ ერთი წლით ადრე.
თუმცა 12 ოქტომბერს ევროკავშირში შესვლა/გასვლის სისტემა (EES) უკვე ნამდვილად ამოქმედდება. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა არაწევრი მოქალაქისთვის, რომლებიც იმოგზაურებენ ევროკავშირის 24 მონაწილე ქვეყანაში (ყველა წევრი სახელმწიფო კვიპროსისა და ირლანდიის გარდა, დანია შესაძლოა სისტემაში მოგვიანებით ჩაერთოს) და ევროკავშირის ოთხ არაწევრ ქვეყანაში (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი).
EES გააუქმებს პასპორტების ხელით შტამპირებას და მას ყველა საერთაშორისო აეროპორტში, ნავსადგურსა და სახმელეთო გადასასვლელში ჩაანაცვლებს კომპლექსური კომპიუტერული სისტემით, რომელიც აღრიცხავს შესვლას, გასვლას, თითის ანაბეჭდებს და ფოტოსურათებს.
დანერგვა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება, რადგან ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობის მნიშვნელოვან ცენტრებს წარმოადგენენ, ეშინია კოლაფსის, თუ ყველაფერი ერთბაშად დაინერგება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს სისტემა ჯერ ბოლომდე მყარი არ იყო, თუმცა ახლა ევროკავშირის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაიმართა.
თუ EES-ის დანერგვა 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ETIAS-ი (ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემა) იმავე წელს ამოქმედდება, რადგან ეს ორი სისტემა კავშირშია ერთმანეთთან. ETIAS-ი შეეხება ყველა მგზავრს, რომლებიც ევროკავშირში უვიზოდ ჩადიან.
დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აშშ-ის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებს დასჭირდებათ ეს ავტორიზაცია ბლოკში პირველად შესვლამდე. ის სამი წლის განმავლობაშია ძალაში და 7 ევრო ეღირება.
V4-ის დაბრუნება?
ამ შემოდგომაზე ევროპაში არც ისე ბევრი არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. მოლდოვა ჩაატარებს გადამწყვეტ კენჭისყრას სექტემბერში (იხილეთ ზემოთ) და ოქტომბრის ბოლოს ნიდერლანდში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელშიც შესაძლოა პოპულისტმა მემარჯვენეებმა გაიმარჯვონ, მაგრამ მთავრობას, სავარაუდოდ, მემარცხენე-ცენტრისტების/მწვანეების კოალიცია ჩამოაყალიბებს.
ალბათ ყველაზე საინტერესო არჩევნები ჩეხეთში ჩატარდება 3-4 ოქტომბერს. ყველა გამოკითხვა მიუთითებს, რომ პოპულისტი ანდრეი ბაბიში ხელისუფლებაში დაბრუნდება.
მთავარი საკითხი აქ ისაა, მისი პარტია ANO მთავრობას მარტო შექმნის, პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო რადიკალური მემარცხენე და მემარჯვენე ძალების მხარდაჭერით, თუ მას ამჟამინდელი პროევროპული სამთავრობო კოალიციის რომელიმე პარტია დაუჭერს მას.
ეს კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს, თუ როგორი ტიპის ჩეხეთის რესპუბლიკა გამოჩნდება ევროპულ სცენაზე.
თუმცა, ცხადია, რომ სლოვაკეთის ლიდერი რობერტ ფიცო და უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი მიესალმებიან პრაღაში თანამოაზრე პარტნიორს.
მას შემდეგ, რაც პოპულისტმა კაროლ ნავროცკიმ ცოტა ხნის წინ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ელიან, რომ ის დაბლოკავს უფრო ლიბერალური პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტების დიდ ნაწილს, ვარშავაში ვრცელდება ხმები, რომ ტუსკის მთავრობაც შეიძლება მალე დაიშალოს და ძალაუფლებას კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია დაუბრუნდეს.
ამგვარად, შეიძლება კიდევ ერთხელ შედგეს თანამოაზრეების ვიშეგრადის ოთხეული (V4). ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის ბლოკმა მრავალი წლის განმავლობაში დიდი როლი ითამაშა ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, თუმცა ბოლო დროს ამ ქვეყნებს შორის წამოჭრილი პოლიტიკური უთანხმოების გამო, V4 მიძინებულ კონცეფციად იქცა.
ახლა კი შეიძლება, რომ მან ისევ გამოიღვიძოს.
რა თქმა უნდა, უთანხმოებები ჯერ კიდევ არსებობს, სულ მცირე, რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ვარშავაც ერთგვარ გამონაკლისად რჩება, რადგან მოელიან, რომ ტუსკი გაძლებს. მაგრამ თუ ბაბიშმა კიდევ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება, მკაფიო სახალხო მანდატით ამ, უკვე ცენტრალური ევროპის სამ ქვეყანას ექნება აშკარად სკეპტიკური დამოკიდებულება როგორც ბრიუსელის, ასევე კიევის მიმართ.
რა თქმა უნდა, ვითარება შეიძლება კვლავ შეიცვალოს, როდესაც უნგრეთში 2026 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მაგრამ, ევროპისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ვიშეგრადის ქვეყნებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ ბრიუსელს არაერთი პრობლემა შეუქმნან.